ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმაღლესი განათლების მქონე ამერიკელები ნაკლებად მარტოსულები არიან - კვლევა


რა გავლენას ახდენს უმაღლესი განათლება ოჯახური და სოციალური ცხოვრების ხარისხზე? შეერთებულ შტატებში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უფრო მეტი მეგობარი ჰყავთ და ნაკლებად მარტოსულნი არიან, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებსაც მხოლოდ საშუალო, ან უფრო ნაკლები განათლება აქვთ.

„ამერიკული ცხოვრების კვლევის ცენტრის“ დირექტორის, დანიელ კოქსის თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ზოგადად ამერიკელები „მეგობრების რეცესიას“ განიცდიან.

„ამერიკელებს დღეს ნაკლები ახლო მეგობარი ჰყავთ, ვიდრე მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისში ჰყავდათ. მაგრამ, ზოგიერთი ჯგუფის შემთხვევაში, ეს ცვლილება შესაძლოა გარკვეულმა დრამატულმა ცხოვრებისეულმა ვარდნამ გამოიწვია. მათ შორის არის ორი ჯგუფი, რომლებიც ამ გამოცდილებით ნამდვილად გამოირჩეოდნენ, - მამაკაცები და ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ“ - ამბობს კოქსი.

გასულ ზაფხულს, „ამერიკული ცხოვრების კვლევის ცენტრმა“ 5054 ადამიანი გამოკითხა და დაადგინა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ამერიკელები, მეტად სოციალურად აქტიურ მოქალაქეობრივ ცხოვრებას ეწევიან, ვიდრე საშუალო განათლების მქონე ადამიანები. უმაღლესი განათლების მქონე ამერიკელები აცხადებენ, რომ თავს ნაკლებად მარტოსულად, ან იზოლირებულად თვლიან.

„თუ გადავხედავთ ისტორიას, არსებობდა გარკვეული ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მოსაზრებას, რომ უმაღლესი განათლება საჭირო არ იყო. ასეთ ინსტიტუციებს შორის იყო, მაგალითად ეკლესია, დაქორწინებულთა გაერთიანებები. ასეთი გაერთიანებები წევრებს ძირითადად ფინანსურ დახმარებას სთავაზობდა. მაგრამ, მათ ასევე სთავაზობდნენ სოციალურ მხარდაჭერას, კავშირებს და განცდას, რომ რომელიმე სოციალურ ჯგუფს ეკუთვნის“ - ამბობს კოქსი.

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ქორწინებისა და განქორწინების შესახებ ჩატარდა აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანები ნაკლებად ქორწინდებიან. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 1957-64 წლებში დაბადებული ადამიანები გამოიკითხნენ აჩვენა, რომ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ, უფრო ნაკლებად ქორწინდებოდნენ, ვიდრე მათ გარემოცვაში მყოფი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები.

2012 წელს ჩატარებული კვლევით კი ვლინდება, რომ უმაღლესი განათლების მქონე ქალები უფრო ქორწინდებიან, ვიდრე საშუალო, ან უფრო დაბალი განათლების მქონე ქალები.

კიდევ ერთი ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის „პიუს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ დღეს 25 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელების 65% დაქორწინებულია. საშუალო განათლების მქონეთა შორის, ამავე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელი 50%-ია.

კვლევებზე დაყრდნობით, „პიუ“ ასევე ამბობს, რომ მთლიანობაში ამერიკელები ნაკლებად რელიგიურები არიან. იმ ამერიკელთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს, 2009 წლის მაჩვენებელი 17%-დან, 2018-19 წლებში, 26%-მდე გაიზარდა.

კოქსი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებულ გავლენას საშუალო განათლების მქონე ადამიანზე ახდენს. ამერიკული საზოგადოებრივი ცხოვრების კვლევის ცენტრის მონაცემებით, უმაღლესი განათლების მქონე გამოკითხული ყოველი ათი ადამიანიდან ერთი ამბობს, რომ არ აქვს უშუალო სოციალური კავშირები. ეს მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება საშუალო, ან უფრო დაბალი განათლების მქონე ამერიკელებში. მათ შორის, ყოველი ოთხი გამოკითხულიდან ერთი ამბობს, რომ ახლო მეგობრები არ ჰყავს.

„ისინი სოციალურად სულ უფრო იზოლირებულნი ხდებიან. მათი სოციალური კავშირები იკლებს“ - ამბობს კოქსი.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების დიპლომის არმქონეთა შორის, სოციალური და სამოქალაქო ვარდნა, შესაძლოა სოციალიზაციის ალტერნატიული საშუალებებით ჩანაცვლდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG