ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

44,8 მილიონზე მეტი იმიგრანტი აშშ-ში - ამერიკელთა განწყობები იმიგრაციის მიმართ


როდრიგო კობრას მურალი, ნიუ-იორკი
როდრიგო კობრას მურალი, ნიუ-იორკი

ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსოფლიოში ყველა ქვეყანაზე მეტი იმიგრანტი ჰყავს. დღეს, აშშ-ში სხვა ქვეყანაში დაბადებული 40 000 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს მსოფლიოს მიგრანტების რაოდენობის, დაახლოებით, ერთი მეხუთედია. აშშ-ში იმიგრაცია განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იმიგრანტთა შორის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდანაა წარმომადგენელი.

ამერიკაში მცხოვრები, უცხოეთში დაბადებული მოსახლეობის სტატისტიკურ პორტრეტს, „პიუს კვლევითი ცენტრი“ რეგულარულად აქვეყნებს. ცენტრის კვლევებში მოცემულია ისტორიული ტენდენციები, 1960 წლიდან მოყოლებული. 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში, „პიუ“ ამერიკაში მცხოვრებ მიგრანტთა თითქმის სრულყოფილ პორტრეტს წარმოადგენს-რომელ შტატებში ცხოვრობენ ისინი, როგორია მათი საიმიგრაციო სტატუსი, განათლების დონე და სხვა.

რამდენი იმიგრანტია აშშ-ში?

2018 წელს, ამერიკაში მცხოვრები, მაგრამ უცხო ქვეყანაში დაბადებული მოსახლეობის რაოდენობამ 44,8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 1965 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამერიკის საიმიგრაციო კანონებმა შეცვალა ეროვნულ სისტემა, იმიგრანტთა რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. დღეს, იმიგრანტთა როდენობა, აშშ-ის მოსახლეობის 13.7%-ია. ეს რიცხვი, 1070-იანი წლების შემდეგ, თითქმის სამჯერ გაიზრდა.

აშშ-ში მცხოვრებ იმიგრანტთა ლეგალური სტატუსი

იმიგრანტთა უმრავლესობა, 77% ქვეყანაში ლეგალურად, თითქმის მეოთხედი კი უნებართვოდ ცხოვრობს.

1990 წლიდან, 2007 წლამდე უნებართვო იმიგრანტთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა - 3.5 მილიონიდან, 12.2 მილიონამდე.2017 წლისთვის, ეს რაოდენობა 14%-თ შემცირდა. მაშინ, აშშ-ში10.5 მილიონი უნებართვო იმიგრანტი ცხოვრობდა - იმჟამინდელი მთლიანი მოსახლეობის 3.2%.

უნებართვო იმიგრანტების რაოდენობის შემცირება, ძირითადად, მექსიკიდან იმიგრირებული ადამიანების რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია. 2007 წლიდან, 2017 წლამდე, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ამერიკაში მცხოვრებ უნებართვო იმიგრანტთა ყველაზე დიდ რაოდენობას. ამის ფონზე კი გაიზარდა იმიგრანტთა რაოდენობა ცენტრალური ამერიკიდან და აზიიდან.

ვინ ირჩევს ამერიკის მოქალაქეობას?

აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები ყველა იმიგრანტი, ამერიკის მოქალაქეობის მიღებას არ ირჩევს. მათ, ვინც ირჩევს, გახდეს აშშ-ის მოქალაქე, გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ - მათ შორის, ისინი უნდა ცხოვრობდნენ აშშ-ში, მინიმუმ ხუთი წელი. გასულ ფისკალურ წელს, ნატურალიზაციის მოთხოვნა 800 000 იმიგრანტმა შეიტანა.

ზოგადად, იმიგრანტთა უმრავლესობა, ვინც კანონიერად ცხოვრობს და ამის უფლება აქვს, ნატურალიზაციას ირჩევს. ამასთან, მოქალაქეობის მიღების ყველაზე ცოტა მსურველი, აშშ-ში კანონიერად მცხოვრებ მექსიკელთა შორისაა. „პიუს კვლევითი ცენტის“ 2015 წლის მონაცემებით, ამის მიზეზი ძირითადად, ენობრივი და პერსონალური, ფინანსური ბარიერი და ინტერესის ნაკლებობაა.

საიდან ჩამოდიან იმიგრანტები?

ამერიკაში მცხოვრები იმიგრანტების უმრავლესობა მექსიკიდანაა. 2018 წელს,მათი რაოდენობა 11.2 მილიონი იყო. ეს იმიგრანტების საერთო ჯამის 25 პროცენტია. მექსიკის შემდეგ, რაოდენობით ჩინეთია - 6%. შემდეგ ინდოეთი, ასევე 6%. ფილიპინები 4% და ელ სალვადორი 3%.

დაბადების რეგიონის მიხედვით, აზიიდან ჩამოსული იმიგრანტების რაოდენობა, მექსიკელი იმიგრანტების რაოდენობას 3 პროცენტით აჭარბებს და 28%-ს შეადგენს. ევროპიდან და კანადიდან - 13%.

ვინ ჩამოდის დღეს აშშ-ში?

ყოველწლიურად, აშშ-ში მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩამოდის. 2018 წელს, ყველაზე მეტი იმიგრანტი ჩინეთიდან ჩამოვიდა - 149 000. მას მოსდევს ინდოეთი - 129 000 იმიგრანტით. მექსიკა - 120 000-ით და ფილიპინები, 46 000-თ.

2010 წლიდან დღემდე, უფრო აშშ-ში უფრო მეტი აზიელი იმიგრანტი შემოვიდა, ვიდრე ესპანურენოვანი. კვლევის მიხედვით, 2055 წლისთვის, იმიგრანტთა უმსხვილესი ჯგუფი, სავარაუდოდ, სწორედ აზიიდან იქნება.

რამდენი იმიგრანტია აშშ-ში დევნილის სტატუსით?

1980 წლიდან, მას შემდეგ რა დევნილთა განსახლების ფედერალური პროგრამა ამოქმედდა, აშშ-ში დაახლოებით სამი მილიონი დევნილი ირიცხება - გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.

გასული ფისკალური წლის განმავლობაში, აშშ-ს 30 000 დევნილი შეემატა. მათი უმრავლესობა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან. მას მოსდევს უკრაინა, ერიტრეა და ავღანეთი. დროის იმავე მონაკვეთში, დევნილის სტატუსის მიმღებთაგან, 4 900 მუსლიმია (16%), 23 800 ქრისტიანი (79%).

სად ცხოვრობს იმიგრანტთა უმეტესობა?

აშშ-ის 44.4 მილიონი იმიგრანტიდან, დაახლოებით ნახევარი (45%) სამ შტატშია თავმოყრილი - კალიფორნია - 24%, ტეხასი - 11% და ფლორიდა - 10%. 2018 წელს, ყველაზე მეტი იმიგრანტი კალიფორნიაში იყო - 10,6 მილიონი. ტეხასში, ფლორიდასა და ნიუ-იორკში, თითოეულში, 4 000 000 - ზე მეტი.

2018 წლის მონაცემებით, იმიგრანტთა უმეტესი ნაწილის 20 მთავარი მეგაპოლისის არეალში ცხოვრობდა. მათ შორის, ყველაზე ბევრი იმიგრანტი ფიქსირდება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და მაიამიში. 20-ვე მეგაპოლისი, ერთად, 28.7 მილიონი იმიგრანტის სახლია.

რამდენი იმიგრანტი მუშაობს აშშ-ში?

2017 წლის მონაცემებით, აშშ-ის მშრომელი ძალის 17%-ს იმიგრანტები წარმოადგენს. 29 მილიონი იმიგრანტი დასაქმებული იყო, ან ეძებდა სამსახურს. იმიგრანტთაგან სამუშაო ძალის მეტი რიცხვი, ლეგალურ იმიგრანტებზე მოდის - 21, 2 მილიონი. დამატებით, 7,6 მილიონი მომუშავე იმიგრანტი ქვეყანაში უნებართვოდ იმყოფება.

რამდენად კარგად საუბრობენ იმიგრანტები ინგლისურად?

იმიგრანტთა შორის, ინგლისურის ცოდნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მექსიკელებში გვხვდება. მას მოსდევს იმიგრანტები ცენტრალური ამერიკიდან, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან და სამხრეთ ამერიკიდან.

ინგლისური ენის ცოდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ იმიგრანტებს კანადიდან, ოკეანეთიდან, ევროპიდან და სუბსაჰარული აფრიკიდან.

5 წლის და მეტი ასაკის იმიგრანტთა შორის, უმეტესობისთვის შინ სასაუბრო ენა ესპანურია. აშშ-ში იმიგრანტთა 42 პროცენტი შინ სწორედ ესპანურად საუბრობს. ესპანურის შემდეგ, იმიგრანტთა შინ სასაუბრო ენებში ჭარბობს ინგლისური - 17%, ჩინური - 6%, ჰინდი - 5%, ფილიპინური/ტაგალური - 4% და ფრანგული - 3%.

დეპორტაცია

2017 – 2018 წლებში, აშშ-დან 337 000 იმიგრანტი დაადეპორტეს. 2009-2016 წლებში, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ დაახლოებით 3 000 000 იმიგრანტი დაადეპორტა. 2001 – 2008 წლებში, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან 2 000 000 იმიგრანტი გააძევა. 2017 წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ 295 000 იმიგრანტი დაადეპორტა, რაც 2006 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2018 წლის განმავლობაში განხორციელებული დეპორტაციის ნახევარზე ნაკლები, კრიმინალურ საფუძველზე მოდის. დეპორტირებული 337 000 იმიგრანტიდან, 44% სისხლის სამართლის საქმეზე ნასამართლევი იყო. თუმცა, 2001 წლიდან 2018 წლამდე დეპორტირებულთა უმრავლესობა, 60% არ ყოფილა ნასამართლევი, სისხლი სამართლის დანაშაულზე.

როგორია ამერიკელების განწყობები იმიგრანტების მიმართ?

საერთო ჯამში, იმიგრაციის საკითხებზე, ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე დებატების ფონზე, ამერიკელთა უმრავლესობას იმიგრანტთა მიმართ პოზიტიური შეხედულება აქვს. ამერიკელთა დაახლოებით ორი მესამედი, 66% ამბობს, რომ იმიგრანტები ქვეყანას აძლიერებენ - შრომისმოყვარეობითა და ნიჭით. ამერიკელთა დაახლოებით მეოთხედი, 24% ამბობს, რომ იმიგრანტები ქვეყნის ტვირთია - სამუშაო ადგილების დაკავებით, საცხოვრებლებითა და ჯანდაცვის უზრუნველყოფის გამო.

ეს დამოკიდებულებები, მკვეთრად განსხვავდება ამერიკელთა პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილების მიხედვით. დემოკრატები და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 88%-ს იმიგრანტები ქვეყნის სიძლიერედ მიაჩნია, 8%-ს კი ტვირთად. რესპუბლიკელების, ან რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 41% ამბობს, რომ იმიგრაცია ქვეყანას აძლიერებს, 44% ამბობს, რომ ის ქვეყნისთვის ტვირთია.

ამერიკელთა აზრი იყოფა იმიგრაციის მომავალზე. ამერიკელთა მეოთხედი, 24% ამბობს, რომ იმიგრაცია მომავალში უნდა შემცირდეს. ერთი მესამედი, 38 პროცენტი ამბობს, რომ ამჟამინდელი დონე უნდა შენარჩუნდეს. 32% კი ფიქრობს, რომ იმიგრაცია უნდა გაიზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG