ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცივი ომი ქართულ პოლიტიკაში


ძველსა და ახალ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესი და დამოკიდებულებები აქვს უგულავას საქმის მიმართ. შედეგებს ყველა ელოდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაც.

ბოლო განახლება:
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბადრაგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა.
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ცივი ომის პრინციპით მიმდინარეობდა. ძველსა და ახალ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესი და დამოკიდებულებები აქვს საქმის მიმართ. შედეგებს ყველა ელოდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაც. დავაზე ბოლო სიტყვა სასამართლომ თქვა. ხელისუფლების წარმომადგენლებს მოჰყავდათ გიგი უგულავას სასამართლოს დარბაზიდან გუშინდელი გათავისუფლების ფაქტი იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება სრულიად დამოუკიდებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტების წინაშე განაცხადა, რომ უკანასკენლი რამდენიმე დღის მანძილზე რამდენიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. მან ამგვარი ინციდენტების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა მინისტრისგან რეაგირება უკვე მოითხოვა. „16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმით, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეთა საცხოვრებელ ადგილებთან, აკეთებენ მათ ბლოკირებას, გვესმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ და მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეების და მათი ოჯახების უსაფრთხოებას. ამიტომ, მე მოვუწოდებ სამართალდამცავებს დროულად და ადექვატურად მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტებზე, რათა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლომ“,- განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
მოსამართლეების მხარდამჭერი განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებს მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე.“
სასამართლო პროცესი გიგი უგულავას საქმეზე დასრულდა. რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების თაობაზე დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იხილავდა, რომელიც რამდენიმესაათიანი მოსმენის შემდეგ სათათბიროდ გავიდნენ.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებდა: „წავიდა მოსამართლე და დაიბარა, გადაწყვეტილებას შეგატყობინებთო. შეიძლება ერთ საქმეში გამამართლოს, მეორე საქმეში გამამტყუნოს, არც მწვადი დაწვას, არც შამფური. მიზანი, ამ შემთხვევაში, სიმართლის დადგენა არაა. მიზანი ისაა, რომ მე წავიდე და დავჯდე ციხეში.“
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის ყოფილი მერის საქმის თაობაზე განხილვებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. მმართველი გუნდისთვის, თუ ეს მართლმსაჯულების ზეიმია, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამ ყველაფერში უცხოეთის დაკვეთას კითხულობს: „ამ დღეების შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი“.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს: „ხელისუფლებამ მოახერხა, შეძლო და დაუბრუნა ხალხს სამართლიანი სასამართლო.“
რაც შეეხება კიდევ ერთი ოპოზიციური გუნდის, თავისუფალი დემოკრატების პოზიციას, ისინი მმართველ გუნდს პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებენ. შალვა შავგულიძე ამბობს: „სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას არ ჰყოფნის პოლიტიკური სიმწიფე, კვალიფიციურობა, რომ სწორად იმოქმედოს.“
აშშ-ის საელჩომ განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომელშიც ნათქვამია: „შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი. ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფო იმიჯს, [სახელმწიფოსი] რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა [იდი] მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით.“.
XS
SM
MD
LG