ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსტიტუციურობის ბეწვის ხიდი


თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე ვნებათაღლევა სამი დღეა გრძელდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მოვლენები უდიდესი დინამიურობით ვითარებოდა. გაიმართა ხმაურიანი სასამართლო პროცესები, აქციები, მათ შორის, პომიდვრების სროლის თანხლებით. ასევე იყო ხმაურიანი განცხადებები, მათ შორის, განათლების მინისტრის მხრიდან, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ ის „საფუძველს არ წარმოადგენს იმისთვის, რომ გაუქმდეს უკვე ნამსჯელ თემაზე სასამართლო გადაწყვეტილება“.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოაცხადა სსკ ის ნორმა, რომლის მიხედვითაც აქამდე შესაძლებელი იყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობა, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული ჰქონდა 9 თვე.

უგულავას მხარდამჭერები საპატიმროდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

უფრო ადრე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს.“

გიგი უგულავა საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან განაცხადა: „ივანიშვილი, რომელიც არაფორმალური მმართველია და დღეის მდგომარეობით აქვს სრულიად უზურპირებული ხელისუფლება, მას აღარ აქვს აღარანაირი ლეგიმაცია მას შემდეგ, რაც დატოვა თანამდებობა და სინამდვილეში ის მართავს ქვეყანას. ერთი კვირის წინ მე მომცეს უფლება შემეძინა ტელევიზორი, რაც, რა თქმა უნდა, ინდიკატორი იყო იმისა, რომ არავინ არ აპირებდა ჩემს საპატიმროდან გამოშვებას."

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიერ აღიარებული ნორმა ვრცელდება არა მხოლოდ ერთი მოქალაქის მიმართ, არამედ წარმოადგენს წესს და ეხება ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყველა ადამიანს, კონკრეტული საქმის თაობაზე სავალდებულოა იმსჯელოს საერთო სასამართლომაც, რომლის გადაწყვეტილება, თავის მხრივ, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნორმის პრაქტიკაში ასახვა.

ამერიკის ხმა საიას აღმასრულებელ დირექტორს თამარ გვარამაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა:

„გიორგი უგულავას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც იმსჯელა სისხლის სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა საჩელი და თქვა, რომ გარკვეულ ნაწილში ნორმატიული განმარტება არ მოდის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ეს გადაწყვეტილება თავისთავად, ვერ გახდებოდა საფუძველი, რომ პატიმრობიდან განთავისუფლებულიყო გიგი უგულავა იმ პროცედურების გარეშე, რასაც ჰქვია საერთო სასამართლოს მიერ, დამატებით, საკითხის განხილვა. კანონმდებლობის თანახმად, საერთო სასამართლოსთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც საშუალებას აძლევს სასამართლოს, მხარის მიმართვის შემთხვევაში, შუამდგომლობის შემთხვევაში, ან საკუთარი ინიციატივით, იმსჯელოს ამ საკითხზე და გადასინჯოს: რამდენად არსებობს პირის პატიმრობაში დარჩენის აუცილებლობა და არის თუ არა მისთვის პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პირის გათავისუფლება.“

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა პატიმრობაში 14 თვე იყო. ამ დრომდე მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ ყოფილა. ეს ფაქტი არაერთხელ მოეაცა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში და გამხდარა არაერთი საჩოთირო განცხადების საფუძველი.

XS
SM
MD
LG