ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კლიმატი და ომი"


"კლიმატი და ომი"

კვლევის ავტორები ყურადღებას კლიმატურ ციკლ-ელ ნინოზე ამახვილებენ. ეს მოვლენა წყნარი ოკეანის პერიოდული დათბობის შედეგია, რომელიც სამიდან ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. პერიოდულ აგრილებას, რომელიც ამ მოვლენას ახლავს თან მეცნიერები ლა ნინას სახელით ანსხვავებენ.

მკვლევარებმა 175 ქვეყანაში მიმდინარე 234 კონფლიქტი შეისწავლეს.

კვლევის წამყვანი ავტორი და პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი სოლომონ სიანგი ამბობს, რომ წინამდებარე დოკუმენტი პირველი ნაშრომია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში კლიმატურ პირობებსა და სამოქალაქო კონფლიქტს შორის კავშირს ამტკიცებს.

"როდესაც მეცნიერებმა 1959 წლის შემდეგ არსებული სტატისტიკური მონაცემები შეაფასეს, აღმოჩნდა რომ ხუთიდან ერთი კონფლიქური სიტუაცია ელ ნინოს გავლენით მოხდა. ეს კი მომხდარი დაპირისპირების 20 პროცენტია."

სიანგის განცხადებით, ასეთმა მაღალმა მაჩვენებელმა საპირისპირო მოვლენა-ლა ნინას დროს მომხდარ კონფლიქტებს ორჯერ გაუსწრო.

"ჩვენ არანაირად არ ველოდით, რომ კლიმატის ეფექტს ასეთი მასშტაბური გავლენა ექნებოდა კონფლიქტებზე. ამას გარდა, კვლევამ გვაჩვენა, რომ კლიმატი არამხოლოდ ზეგავლენას ახდენს კონფლიქტებზე, არამედ ერთერთი მთავარი ფაქტორიც კი არის ძალადობის გლობალური ტენდენციების განსაზღვრაში."

აღსანიშნავია, რომ ახალი მეცნიერული კვლევის თანახმად, არ დადასტურებულა, რომ კლიმატი ომის დაწყებას აძლევს ბიძგს. თუმცა სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში, დოქტორ სიანგის მტკიცებით, კონფლიქტი სახეზეა.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური რეალობა, სოციალური და ეკონომიკური პირობები-ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია და წინაპირობაა ორგანიზებული ძალადობის დასაწყებად. ფაქტია, რომ ჩვენ მივაკვლიეთ კიდევ ერთ წინაპირობას, რომელიც ყველა სხვა აღნიშულ ფაქტორთან ერთად, ძალადობას უფრო რეალურს ხდის. ეს არის კლიმატური ცვლილებების არსებობა ამა თუ იმ ქვეყანაში."

ოსლოში დაფუძნებული მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი ჰალვარდ ბუჰაუფი ეთანხმება ამერიკელი მეცნიერების დასკვნებს, თუმცა დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუ კლიმატური ცვლილებები ძალადობას განსაზღვრავს, მაშინ ავტორებმა უნდა თქვან თუ რატომ.

"აუცილებელია, რომ მოვახდინოთ იმის დემონსტრირება თუ რამდენად ხდება სურსათზე ხელმისაწვდომობა, მარცვლეულის წარმოება და სურსათზე ფასების ზრდა კონფლიქტის მიზეზი და რა კავშირშია ისინი კოფნლიქტთან, განსაკუთრებით კი კლიმატურად ცვალებად გარემოში. თუ ამ ასოციაციას ვერ დავამტკიცებთ, მაშინ ნაადრევია მიზეზობრივ კავშირზე საუბარი." აცხადებს ნორვეგიელი ექსპერტი.

პრინსტონის მკვლევარი ეთანხმება მას და დარწმუნებულია, რომ კონფლიქტსა და კლიმატურ პირობებს შორის კავშორის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

სიანგის თქმით, დამატებითი მონაცემების ბაზების შეკრებით, მომავალში მოხდება ყველა ჩართული მექანიზმის გათვალისწინება და შემდეგ, მათი შესწავლა, რომელსაც კლიმატსა და კონფლიქტის კავშირამდე მიყავს მეცნიერული საზოგადოება.

აღსანიშნავია, რომ სინოპტიკოსები ელ ნინოსა და ლა ნინას ციკლებს ზუსტად პროგნოზირებენ ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე. მეცნიერების აზრით, სწორედ ამგვარი გათვლები ხელს შეუწყობს ბუნებრივი მოვლენების შედეგების ზუსტი გავლენის განსაზღვრას სოფლის მეურნეობასა და სამაშველო სამსახურებზე.

წინამდებარე კვლევის ავტორები კი იმედოვნებენ, რომ თუკი შედეგად მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სადამხმარებლო ჯგუფები პროგნოზებს უფრო ეფექტურად გამოიყენებენ, ისინი აღმკვეთ სამუშაოებსაც უკეთ დაგეგმავენ და საკუთარი ქვეყნების მოსახლეობას მოამზადებენ კონფლიქტის აღმოცენების შემთხვევაში.

ბატონი სიანგი, ისევე როგორც მისი კვლევითი გუნდის სხვა მონაწილეები თვლიან, რომ მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. მისი მოსაზრებით, კლიმატოლოგებმა წარმატებით შეძლეს აფრიკის კონტინენტზე გვალვების შედეგად მიმდინარე შიმშილობის ორი წლით ადრე განსაზღვრა თუმცა ახლა ის გამოთქვამს წუხილს, რომ არასაკმარისი დახმარების შედეგად, ვერ ხერხდება კონფლიქტური სიტუაციისა და ადამიანთა სიკვდილიანობის თავიდან აცილება.

XS
SM
MD
LG