ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის გამო მზის ცირკი გაკოტრდა


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვიდ19-ის პანდემიის დროს კიდევ ერთი ცნობილი კომპანია გაკოტრდა.

კანადური მზის ცირკი (Cirque du Soleil), რომელიც მსოფლიოში აკრობატული შოუების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასია, თავს გაკოტრებულად აცხადებს.

კომპანიამ გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ მათ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, დიდი ფინანსური ზარალი მიიღეს და სამოქმედო კაპიტალი აღარ აქვთ. ახლა კომპანია ცდილობს ვალის რესტრუქტურიზაციას კანადის მთავრობისა და სხვადასხვა კომპანიის დახმარებით.

მზის ცირკს ექვსი დიდი შოუ ჰქონდა დაგეგმილი ლას-ვეგასში, რომლებიც პანდემიის გამო გაუქმდა. ამ ეტაპზე ჯერ ისევ დაგეგმილია 10 ულამაზესი შოუ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თუმცა უცნობია გაიმართება თუ არა ისინი.

კომპანიის დავალიანება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს მოიცავს და მათი მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია, რის გამოც დავალიანება და ფინანსური ვალდებულებები იზრდება. ამის გამო კომპანიის მენეჯმენტმა სამსახურიდან 3,500 ადამიანი დაითხოვა.

"ბოლო 36 წლის განმავლობაში, Cirque du Soleil ძალიან წარმატებული და მომგებიანი ორგანიზაციაა. თუმცა, კოვიდ19-ის პანდემიის გამო კომპანიამ მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა რის გამოც მენეჯმენტი გახდა იძულებული კომპანიის გადასარჩენად არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიეღო," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის აქციებით დაინტერესებულია ამერიკის, კანადისა და ჩინეთის სხვადასხვა კომპანია. მოხდება თუ არა გარიგება და როგორ განვითარდება მოვლენები ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მოლაპარაკებები მხარეებს შორის გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG