ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირება ისევ იზრდება


ახალი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები შეერთებულ შტატებში ისევ აღმავლობის გზაზეა. ასეთი დრამატული ზრდა, როგორც გასულ კვირაში დაფიქსირდა, მარტის შემდეგ არ ყოფილა. მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტს, კანონმდებლებს და ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს განსხვავებული რეაქცია აქვთ.

ჯანდაცვის ექსპერტების რჩევები არ შეცვლილა: ნიღაბი საჯარო ადგილებში, დისტანციის დაცვა და ხელის ხშირი ბანა.​ ექიმი ენტონი ფაუჩი, აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი, პირად პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს: ​„ან პრობლემის ნაწილი ვართ, ან მისგან გამოსავლის. ასეა პროცესი... აფეთქების ჩაქრობა დროულად თუ ვერ შევძელით, იქაც კი, სადაც საქმე უკეთაა, გავრცელების მიმართ მგრძნობიარობა გაიზრდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საქმეში ჩვენ ყველა ერთად ვართ. ერთადერთი გზა ამ [პანდემიის] დასრულების, მისი ერთობლივად დასრულებაა“.

სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამერიკაში მსოფლიო მოსახლეობის სულ 4 პროცენტი ცხოვრობს, მაგრამ დადასტურებულად ინფიცირებულთა შორის, მეოთხედი ამერიკელია. წინა კვირაში ამერიკის ზოგიერთ შტატში, როგორიცაა მაგალითად არკანზასი, ინფიცირება 25 პროცენტით გაიზარდა. შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორს ტესტირების გაფართოება სურს.

ტესტების რაოდენობა ეროვნული მასშტაბით გავაორმაგეთ. კიდევ უნდა გაორმაგდეს. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მაშფოთებს ის, რომ ტესტირების ზრდა გვიწევს კალიფორნიიდან და ტეხასიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ამდენად დიდია. როგორ უნდა გაართვან თავი ამას ჩვენმა მწარმოებლებმა“ - ამბობს ეისა ჰატჩინსონი, არკანზასის გუბერნატორი.

ის თავდაცვის წარმოების საკანონმდებლო აქტის მეტად გამოყენებისკენ მოუწოდებს. აქტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საგანგებო ვითარებაში სამამულო წარმოების უკეთ კონტროლის საშუალებას აძლევს.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი თვლის, რომ ნიღბების სავალდებულოდ გამოცხადება გვიანდება, რასაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება. პელოსიმ პრეზიდენტს ნიღბის ტარებისკენ პირდაპირი ეთერით მოუწოდა:

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ნიღბებს იმიტომ გვირჩევს და არ გვაძალებს, რომ პრეზიდენტს არ აწყენინოს. პრეზიდენტი ნიმუში უნდა იყოს. ნამდვილი კაცები ნიღბებს ატარებენ. იყავით სამაგალითო ქვეყნისთვის და ატარეთ ნიღაბი. ეს არა თქვენი თავდაცვისთვის, არამედ სხვების დასაცავადაა“.

პრეზიდენტი საჯაროდ ნიღაბს ძირითადად არ ატარებს. ოკლაჰომაში გამართულ საპრეზიდენტო კამპანიის შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა ამერიკაში ინფიცირების არაპროპორციული ზრდა, ტესტირების გაზრდას დააბრალა.

„ტესტირება ორლესული მახვილია. ანალიზი 25 მილიონ ადამიანს ავუღეთ. ცუდი მხარე ისაა, რომ ამდენს როცა უღებ ანალიზს, მეტ შემთხვევას აღმოაჩენ. ჰოდა, ჩემს ხალხს ვუთხარი: შეანელეთ ტესტირება, გეთაყვა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში უკვე ნახევარ მილიონს გადაცდა. მათ შორის თითქმის მეოთხედი ამერიკელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG