ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაადრევი გახსნა - რესპუბლიკელი გუბერნატორები უკან იხევენ


გრეგ აბოტი, ტეხასის გუბერნატორი
გრეგ აბოტი, ტეხასის გუბერნატორი

როცა ტეხასის შტატში შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი გრეგ აბოტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ნიღაბსაც არ ატარებდა. ტეხასი ამერიკაში ერთ-ერთი პირველი შტატი იყო, რომელმაც პანდემიის შემდეგ შეზღუდვები შეამსუბუქა. კარანტინის მოხსნას თეთრი სახლიც მხარს უჭერდა.

დაახლოებით ორ თვეში კი მოხდა ის, რაზეც ექიმი ფაუჩი, ალერგიების და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ყველას დაჟინებით უმეორებდა: პანდემიის დროს ნაჩქარევი გახსნა ჯანდაცვას და ეკონომიკას კიდევ უფრო უკან წევს.

ინფიცირების შემთხვევებით, ტეხასი ახლა ამერიკის შტატებს შორის მეხუთე ადგილზეა. 137 483 ინფიცირების დადასტურებული ფაქტი და 2 335 გარდაცვლილი. ასეთია ტეხასის მონაცემები დღეს.

გუბერნატორებმა, რომლებიც ეკონომიკის სწრაფად ამუშავებას ემხრობოდნენ, ახლა გახსნის პროცესი შეაჩერეს. ეს მარტო ტეხასის შტატში არ ხდება, სადაც მოსახლეობას საგანგებოდ მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად შინ დარჩნენ. არიზონის გუბერნატორმა დაგ დიუსიმ, რომელიც ასევე რესპუბლიკელია, განაცხადა, რომ გახსნა შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები თითქმის გადავსებულია.

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ამერიკის სამხრეთ და დასავლეთ შტატებში. ხანმოკლე აღმოჩნდა ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესი ფლორიდის და სამხრეთ კაროლინის შტატებშიც. ნაადრევი გახსნა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამ ორი შტატის გუბერნატორებსაც.

ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებით ადევნებენ თვალს შედარებით ახალ დინამიკას: ფლორიდაში და ტეხასში კოვიდ-19-ით ინფიცირების და რესპირატორული გართულებების მაჩვენებლები ახალგაზრდებში გაცილებით მაღალია სხვა შტატებთან შედარებით.

ფლორიდის შტატში დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობა ტეხასზე მცირეა, 122 960. მაგრამ, გაცილებით მაღალია სიკვდილობის მონაცემი: 3 366. ბოლო რამდენიმე დღეა შტატში ახლადინფიცირების შემთხვევები დღეში 5 000-ს აჭარბებს. სიკვდილობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია სამხრეთის კიდევ ერთ შტატში, ლუიზიანაში: 3 197.

ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელ, ერთ-ერთ ყველაზე სწორ მარკერად, ჰოსპიტალიზაცია ითვლება. ეს იმიტომ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი, ასიმპტომატური პაციენტების სიმრავლის გამო, რომლებიც ანალიზსაც არ იღებენ, ყოველთვის ზუსტად არ ასახავს რეალობას. ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ტეხასში და არიზონაში, სადაც შემდეგი კვირისთვის შეიძლება რეანიმაციის პალატები აღარ ეყოთ.

ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ახალგაზრდებში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები ცუდად აისახება ფლორიდის ხანდაზმულ მოსახლეობაზე. შტატი პენსიაზე გასვლის მსურველი ამერიკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

"არევა გარდაუვალია" - აცხადებს ამეშ ადაჯა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის პროფესორი ფლორიდის შტატთან დაკავშირებით. "დიდი ალბათობით, მოსალოდნელია სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდა" - ამბობს ის.

ეს ყოველივე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიმს სტოკის აზრით, ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. მისი თქმით, ამ გარემოებებს “რისკისადმი ტოლერანტული უნიღბო ადამიანების მიერ შენობაში გამართულ წვეულებებს თუ დავუმატებთ... რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს შეეშინდებათ გარეთ გასვლა და ფულის ხარჯვა". საბოლოო ჯამში, კი "რეცესია გაგრძელდება და შეიძლება გაღრმავდეს კიდეც" - ამბობს ის.

ამასობაში შეზღუდვები ისევ გრძელდება. დასავლეთ ვირჯინიის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა შტატის მოქალაქეებს მოუწოდა, არ წავიდნენ ოკეანის ნაპირზე დასასვენებლად, მითუმეტეს, რომ მათთან ახალი ინფიცირების ბევრი შემთხვევა უკავშირდებოდა სამხრეთ კაროლინის პოპულარულ სანაპირო კურორტებზე დასვენებას. პარასკევს დილით, ფლორიდის შტატის ბარებში ალკოჰოლის გაყიდვაც აიკრძალა.

"ოქსფორდის ეკონომიკის" მეცნიერების მიერ შემუშავებული მოდელი, 20 ეკონომიკური, ჯანდაცვის და სოციალური მარკერის შეჯერებით, აჩვენებს, რომ ამერიკის ეკონომიკამ გაუმჯობესებისკენ ზრდა აპრილში დაიწყო, მაგრამ ივნისში ზრდის პროცესი შეჩერდა. ეს სწორედ სამხრეთ და დასავლეთ შტატებში ინფიცირების მზარდ რაოდენობას უნდა უკავშირდებოდეს, ამბობს "ოქსფორდ ეკონომიკის" თავმჯდომარე გრეგორი დაკო.

ეკონომისტის აზრით, აპრილში, აღმავლობის პირველ ფაზაზე, გაჩნდა ცხოვრების ცხოვრების ძველი წესის სწრაფად დაბრუნების არასწორი ილუზია. შემდეგ კი ეკონომიკის ზრდა შედარებით ნელ ფაზაში გადავიდა. თუ ასე გაგრძელდა, "მომხმარებლები უკეთესობის რწმენას დაკარგავენ და შედეგიც არ დააყოვნებს" - ამბობს გრეგორი დაკო.

სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

წყაროები:

https://www.voanews.com/covid-19-pandemic/governors-who-quickly-reopened-backpedal-virus-surges

https://www.reuters.com/article/us-usa-economy-recovery-analysis/a-quick-reopening-a-surge-in-infections-and-a-u-s-recovery-at-risk-idUSKBN23X2CF

Facebook Forum

XS
SM
MD
LG