ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის როლი მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებაში


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ვიენტიანი, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, ევროპის და აზიის ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ევრაზიის ქვეყნების ლიდერთა აზრით, გლობალური ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გრძელდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მხარს ყოველთვის თავისუფალ ვაჭრობას დაუჭერენ და ძველებურად დაგმობენ პროტექციონიზმს.

შეხვედრაზე ევროპის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გამოითქვა იმედი, რომ ევროპა ღრმა რეცესიიდან თანდათან გამოვა და ზრდის მდგრად და დაბალანსებულ გზას დაადგება. ევროპას სამიტზე საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, ასევე, ევროკომისია წარმოადგენდა. აზიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის, იაპონიის და ინდონეზიის ლიდერები.

ანალიტიკოსების აზრით, სამიტი უმთავრესად გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის გაზრდილი როლის ხაზგასმით აღინიშნა. ჩინეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ევროპაში ვაჭრობის და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მთავარი წყარო.

„ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკისთვის, და რა თქმა უნდა, ევროზონის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვისაც აუცილებლად გვჭირდება. ამიტომაც არის გაძლიერებული ინტერესი ჩინეთის მიმართ, გარკვეული შეღავათებიც კი. ევროპა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ევროზონის კრიზისს ჩინეთის ეკონომიკა სჭირდება, რათა ჩინეთის მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა და ჩინურმა ვალუტამ ის კრიზისიდან გამოიყვანოს,“ - ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, თიტინან პონგსუდირაკი.

ჩიენთის პრემიერმა, ვენ ძიაბაომ განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკის განვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მაგრამ, ამასთან, მან დანარჩენ ქვეყნებს გლობალური ეკონომიკის უფრო ჯანსაღი მართვისკენ და კიდევ უფრო თავისუფალი, ღია და სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერი აცხადებს, რომ ევროპის და აზიის ქვეყნებს შორის არსებულ არაერთგვაროვან პარტნიორობასაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა აქვს.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ რაზაკი თვლის, რომ ევროპელებს ჩინეთის მიერ საკუთარი ეკონომიკის დაბალანსების დიდი იმედი აქვთ.

„მსოფლიოს ამ ნაწილში ჩინეთს ძალიან ძლიერ და ნაყოფიერ ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ. თუმცა, ისიც საერთო აზრია, რომ ევროპის ქვეყნები ჩინეთს ეკონომიკის მეტ დაბალანსებას სთხოვენ, ნაკლებ აქცენტს ექსპორტზე და მეტ ყურადღებას ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაზე. სწორედ ამ ბალანსზეა საუბარი,“ - აცხადებს პრემიერი.

ექსპერტების აზრით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შემდეგ ყრილობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ჯულია გილარდი, რომელსაც მთავრობამ აზიასთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის დამყარება მოსთხოვა, აცხადებს, რომ ჩინეთი დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა და ამ თანამშრომლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იგულისხმება.

„ჩინეთს გლობალური ეკონომიკის გაუმჯობესებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი ენიჭება. ეს დიდი ოცეულის შეხვედრაზე გარკვევით ითქვა. საუბარი შეეხებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში მის ჩართულობასაც. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა ჩინელმა ლიდერებმა უნდა მიიღონ,“ - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

ლაოსის სამიტზე დამსწრე 50 ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის ნახევარს შეადგენს. შეხვედრა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების თემებსაც შეეხო. ტაილანდში 1996 წელს შემდგარი პირველი შეხვედრის შემდეგ ეს ევროპის და აზიის ეკონომიკური ფორუმის რიგით მე-9 სამიტია.
XS
SM
MD
LG