ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი: თუ ამერიკა წყნარი ოკეანის აუზში რაკეტებს განალაგებს, ჩინეთი კონტრზომებით უპასუხებს


ჩინეთი აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტებს აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში განალაგებს, პეკინი "კონტრზომებს" მიიღებს.

ჩინეთის საგარეო სამინისტროს იარაღის კონტროლის დივიზიის დირექტორმა ფუ კონგმა განაცხადა, რომ ჩინეთი “უმოქმედოდ გვერდზე არ დადგება” იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი გასულ უქმეებზე დადებულ პირობას შეასრულებს და რეგიონში სარაკეტო სისტემებს გაგზავნის. ფუ ამერიკის თავდაცვის ახალი მდივნის მარკ ესპერის განცხადებაზე საუბრობდა, სადაც ამერიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამერიკა რეგიონში რაკეტების გაგზავნას მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავს.

ფუმ ჩინეთის მეზობლებს, კონკრეტულად კი იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიას, ამერიკული რაკეტების მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ამ პრაგმატული გადაწყვეტილების მიღება მათი ეროვნული უშიშროების ინტერესებში შევა.

ფუ კონგმა არ დააკონკრეტა რას გულიზსმობდა “კონტრზომებში,” მაგრამ თქვა, რომ “განიხილება ყველა ვარიანტი.”

თავდაცვის მდივანმა ესპერმა აზიაში რაკეტების განლაგების შესახებ განცხადება მას შემდე გააკეთა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ 1987 წელს საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის დადებული ბირთვული იარაღის შეზღუდვის შეთანხმება (INF) ოფიციალურად დატოვა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებიდან გამოსვლის მიზეზი რუსეთის მიერ წლების განმავლობაში მისი დარღვევაა.

ჩინეთი აცხადებს, რომ არ არის დაინტერესებული რუსეთთან და ამერიკასთან ბირთვული იარაღის შეზღუდვის სამმხრივ მოლაპარაკებაში ჩაერთოს. ამის მიზეზად ფუ კონკმა ის დაასახელა, რომ ჩინეთის ბირთვული არსებალი გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე რუსეთისა და შეერთებული შტატების.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG