ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი


კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების რისკის ზრდა პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობათა ერთგვარ გამოცდას წარმოადგენს

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჯილის პროვინცია ჩრდილოეთ კორეას ესაზღვრება. ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის ფონზე სასაზღვრო ქალაქ იანჯის და ჩრდილოეთ კორეას შორის ბიზნესი ძველებურად მუშაობს. თევზეულის დისტრიბუციის ადგილობრივ ცენტრში მოზრდილ კიბორჩხალებს აფასოებენ, რომლებიც წინა ღამით ჩრდილოეთ კორეის სანაპიროზე დაიჭირეს. მათ ყინულით სავსე ყუთებში დებენ და და შანხაიში გასაგზავნად ამზადებენ.

დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერი, უანგი ყვება, რომ უსაფრთხოების მზარდი რისკის მიუხედავად, მის ბიზნესს ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რადგან, როგორც ის ამბობს, „საჭმელი ყველას სჭირდება“. მისი თქმით, „რეალურად არანაირი კრიზისი არ არსებობს. გამოწვევები კი როგორც უწინ, არის ისევ ზღვის ღელვა და სეზონების ცვლა, რომელიც მეთევზეებს განსაზღვრულ პერიოდებში თევზჭერას უკრძალავს“.

კიბორჩხალები ორ ქვეყანას შორის 5-მილიარდიანი სავაჭრო მიმოქცევის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქციას აწვდის, ისეთს, როგორიცაა: საწვავი, საკვები და იაფი მეტალები. სამაგიეროდ კი კორეიდან ქვანახშირი მიაქვს. დაახლოებით 40 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელია დასაქმებული ჩინეთში.

ჩინური კომპანიები, რომლებიც საზღვარზე არიან განლაგებული, უკიდურესად იაფფასიან კორეელ მუშახელს ეძებენ. მათ მინერალური რესურსებით მდიდარი ტერიტორიებიც აინტერესებთ და მოწინავე ტექნოლოგიებიც“ - აღნიშნავს ლიმ იუ-ჩული, ჩრდილოეთ კორეულ სწავლებათა პროფესორი.

აქამდე იზრდებოდა ჩინელი ტურისტების რიცხვიც, რომელთაც ჩრდილოეთ კორეის ნახვა აინტერესებთ. ჩინური მედიის ცნობით, დაძაბულობის ფონზე ტურისტთა რიცხვმა ბოლო თვეში კიდევ უფრო იმატა. თუმცა, გასულ კვირას ჩინური ჯგუფები შეაჩერეს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როდის განახლდება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. რაც შეეხება კორეელებს, ისინი სანახაობების დათვალიერების მიზნით ჩინეთს იშვიათად სტუმრობენ. სასაზღვრო ქალაქში მცხოვრები ქალები ყვებიან, რომ ჩრდილოელი მეზობლები უკიდურესად გაჭირვებულები არიან და მათთან ძირითადად გამოსაკვებად ან ჩასაცმელად ჩადიან.

საჭმელს ეძებენ, არაფერი გააჩნიათ. ბავშვები მშივრები და ჩაუცმელები ყავთ. სამუშაოდ გადმოდიან ხოლმე, რომ ცოტა ფული მოაგროვონ. ხშირია ქორწინებებიც. ბავშვები უჩნდებათ და აქ სახლდებიან. მერე, როგორც კი საბუთებს მოიწესრიგებენ, სამხრეთ კორეაში გარბიან და უკან აღარასოდეს ბრუნდებიან“ - ყვება ქალაქ იანჯის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ანალიტიკოსების აზრით, მდგომარეობა არც ისე უიმედოა, თუკი ჩრდილოეთ კორეა მოახერხებს გვერდით გადადოს ბირთვული ამბიციები და კონცენტრირება უფრო მეტად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მოახდინოს. პოლიტიკურ მეციერებათა პროფესორი, უანგ დონგი ამბობს, რომ ჩინეთი ცდილობს დაარწმუნოს კორეა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება, ოღონდ, ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ ქვეყანა უფრო გახსნილიც გახდეს.

საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეტად უნდა გაეხსნან, რეფორმირების პროცესი დაიწყონ, რომელიც კორეელ ხალხს სიღატაკიდან გამოიყვანს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს“ - აღნიშნავს პროფესორი.

განვითარების ასეთი სცენარით არამარტო ჩრდილოეთ კორეა, არამედ მისი მეზობელი ჩინეთიც ისარგებლებს. განსაკუთრებით კი - მოსაზღვრე პროვინციები და მისი მცხოვრებლები.
XS
SM
MD
LG