ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბოს და მობილურ ტელეფონს შორის კავშირი


რუბრიკაში „გალილეო“ უახლეს, დღემდე ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ კვლევას გაგაცნობთ, რომელიც მობილური ტელეფონის ხმარებას და კიბოს შორის კავშირს შეეხება.

ამ თემას დიდი ხანია იკვლევენ და სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იღებენ. ჯერჯერობით მეცნიერებს ზუსტი პასუხი ისევ არ აქვთ, ამიტომ წინასწარი, მითუმეტეს ხმაურიანი დასკვნების გამოტანა ნაადრევია. თუმცა, ის შედეგი, რაც ამერიკის მთავრობის მიერ ჩატარებულმა, დღემდე ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს და შემდგომი კვლევების ჩატარების აუცილებლობას ადასტურებს.

მობილური ტელეფონების კომერციალიზაცია 1980-იანი წლებიდან დაიწყო. დაახლოებით 30 წლის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მობილური ტელეფონების მიერ გამოსხივებული რადიაცია 2B ჯგუფს, ანუ ადამიანებისთვის „შესაძლო კანცეროგენულს“ მიეკუთვნება.

ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ რადიაციის მავნებლობის შესწავლა ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამას (NTP) დაავალა. სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგები შემდეგ ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში (NIH) განიხილეს, 26 მაისს გამოქვეყნდა.

ვირთხებზე ჩატარებულმა ორწლიანმა ექსპერიმენტმა, რომელიც ამერიკის მთავრობას დაახლოებით 25 მილიონი დოლარი დაუჯდა, ამ ტიპის რადიაციით დასხივებას და კიბოს შემთხვევებს შორის არსებული მცირე, მაგრამ საყურადღებო კავშირი დაადასტურა. საუბარია „მცირე რაოდენობით კიბოს შემთხვევებზე“, კონკრეტულად კი - თავის ტვინის კიბოს და გულის სიმსივნის ინციდენტების ზრდაზე. ექსპერიმენტში 2 500 ვირთხა და თაგვი მონაწილეობდა. მათ პერიოდულად ასხივებდნენ იმ რაოდენობის რადიაციით, რომელიც მობილურ ტელეფონებში ფართოდ გამოყენებული GSM და CDMA სისტემებში 900, ან 1900 მეგაჰერც სიხშირეზე ფიქსირდება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კიბოს შემთხვევები მხოლოდ მამრ ვირთხებში გაიზარდა. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ცხოველებში დაფიქსირებული ბიოლოგიური ეფექტი ადამიანებზე ყოველთვის არ ვრცელდება. შესაბამისად, კვლევის შედეგები შემდგომ შესწავლას და დაკვირვებას საჭიროებს.

და ბოლოს: არასაკმარისი მტკიცებულების გამო, მეცნიერები ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას მობილური ტელეფონების მოხმარების შეზღუდვის შესახებ. თუ თქვენ საკუთარი სურვილით გინდათ მისგან მცირე დოზით გამოსხივებული რადიაციის ოდნავ მაინც შეზღუდვა, ეცადეთ უფრო ხშირად გამოიყენოთ ყურსასმენები, ან ტელეფონის მიკროფონი - მისი ხმამაღლა მოლაპარაკე ფუნქცია.

XS
SM
MD
LG