ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

50-ზე მეტი ადამიანის შეკრება 2 თვე რეკომენდებული არ არის


ქორწილები, ფესტივალები, აღლუმები, კონცერტები, წირვები, იუბილეები, სპორტული ღონისძიებები, სპექტაკლები... შემდეგი 8 კვირის მანძილზე ამერიკელებს ბევრი ღონისძიების გადადება, ან გაუქმება მოუწევთ. ეს ის პერიოდია, როცა ჯანდაცვის სპეციალისტები ვირუსით გავრცელებული დაავადების კოვიდ-19-ის (კორონავირუსის) პიკს ელიან.

კვირას, ამერიკის ფედერალურმა ორგანიზაციამ -დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა- საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეებს 50-ზე მეტი ადამიანის თავშეყრისგან თავის შეკავებას ურჩევს. რეკომენდაციაში ჯერჯერობით მხოლოდ შემდეგ 2 თვეზეა საუბარი.

მაგრამ, თუ 50 ადამიანამდე შეიკრება მოხდება, მათ აუცილებლად უნდა დაიცვან ორგანიზაციის მიერ რამდენიმე ხნით ადრე გამოქვეყნებული გზამკვლევის წესები. ის სოციალურ დისტანცირებას, ხელის სწორად და ხშირად დაბანას, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მორიდებას ითვალისწინებს. ამ უკანასკნელში შედიან ხანდაზმულები და ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონენი, დიაბეტით, ან ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანები.

ეს რჩევა არ ეხება და არ გადაფარავს ადგილობრივი (შტატების, ოლქების, ქალაქების) მთავრობების მიერ უკვე მიღებულ კიდევ უფრო მკაცრ ზომებს. საუბარია იმაზე, რომ ბევრ შტატში უკვე დაიხურა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ზოგიერთ ქალაქში კი დაიხურა სხვადასხვა ბიზნესები, მათ შორის - ბარები და რესტორნები.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განმარტებით, ახალი რეკომენდაციის გამოცემა, ვირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობას მსახურება. "ეს რეკომენდაცია ცდილობს შეამციროს ვირუსის გავრცელება ახალ ჯგუფებში და შეანელოს ინფექციის გავრცელება იმ ჯგუფებში, სადაც ის უკვე არის" - ნათქვამია რეკომენდაციაში.

შეერთებული შტატების მასშტაბით, ჯერჯერობით მკაცრი კარანტინი გამოცხადებული არ არის, მხოლოდ ფრენებია შეზღუდული ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ევროპის სახელმწიფოებიდან, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა. რეკომენდებულია სხვადასხვა სამსახურების ტელე-მუშაობაზე (დისტანციურ საქმიანობაზე) გადასვლა იქ, სადაც ამის საშუალება არსებობს.

გაცილებით მკაცრი ზომები მიიღეს ევროპის ქვეყნებში, სადაც კარანტინის წესები შემოიღეს და მთელი ქვეყნები ჩაიკეტა. კარანტინის დამრღვევები კანონის ძალით ისჯებიან. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მთავრობებმა ყველა არასასიცოცხლო ბიზნესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. საზოგადოებას მაქსიმალურად სოციალური დისტანცირებისგან და ხელის ხშირად და სწორად საპნით დაბანისკენ მოუწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG