ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აცრილებს ცხვირი და ყელი სავსე ჰქონდათ კორონავირუსის დელტა ვარიანტით - როშელ ვალენსკი


როშელ ვალენსკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი
როშელ ვალენსკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი

დღეს, ამერიკაში კორონავირუსის დელტა ვარიანტზე მასშტაბური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ელიან - იუწყება "როიტერი". მათზე დაფუძნებით, შეერთებულ შტატებში შენობებში ისევ ნიღბის ტარების, დისტანციის დაცვის და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოიცა.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ მომზადებული პრეზენტაციის მასალა უკვე მოიპოვა და გაასაჯაროვა "ვაშინგტონ პოსტმა". ანალოგიური ინფორმაცია "ნიუ-იორკ თაიმსმაც" გამოაქვეყნა.

დელტა ვარიანტთან დაკავშირებით, ამერიკაში შეშფოთება ისევ იზრდება. აცრილებს ცხვირი და ყელი სავსე ჰქონდათ კორონავირუსის დელტა ვარიანტით - უთხრა როშელ ვალენსკიმ, CDC-ის დირექტორმა "ნიუ-იორკ თაიმსს".

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დელტა ვარიანტი გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური და მოგვიანებით ნაპოვნი ალფა ვარიანტი. ის მერსზე, სარსზე, ებოლაზე და სეზონურ ვირუსულ გრიპებზე უფრო მეტად ვრცელდება. ინფიცირების მაჩვენებლებით, დელტა ვარიანტს უფრო ჩუტყვავილას ადარებენ.

წინასწარი მონაცემებით, დელტა სავარაუდოდ უფრო მწვავე დაავადებას იწვევს. კორონავირუსის ეს ვარიანტი აცრილებსაც აინფიცირებს და შესაბამისად ისინი სხვა ადამიანებსაც მეტ რისკს უქმნიან. თუმცა, კოვიდ-19-ზე სრულად აცრილების მძიმე სიმპტომებით დაავადების შანსი ისევ მინიმალურია და აცრა მოსახლეობის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის პრევენციის საქმეში.

ამას გარდა, ანგარიში ამბობს, რომ დელტა ვარიანტით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა, როგორიც მის პირველად შტამში. მაშინ როცა სარსს, ებოლას და რამდენიმე სხვა ინფექციურ დაავადებას სიკვდილობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალი ჰქონდა*.

ფედერალური სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, სასწრაფოდაა "გასაცნობიერებელი, რომ ომი შეიცვალა" და გადასადგმელია შემდგომი ნაბიჯები. საზოგადოების ცნობადობა უნდა გაიზარდოს აცრილების ინფიცირების მონაცემებზე და ასევე აცრილებში მწვავე დაავადების რისკის მკვეთრ შემცირებაზე - ნათქვამია დოკუმენტში.

* მასალის პირველადი ვარიანტის თარგმანში დაშვებული იყო შეცდომა, რომელიც მოგვიანებით გასწორდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG