ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დიდ ქალაქებში მანქანების ქურდობამ იმატა


კარანტინის გამო შინ გამოკეტილი ამერიკელების მანქანები, რომლებიც ქუჩებში კვირაობით, ან თვეობით გაუნძრევლად ეყენა, შედარებით დაუცველი აღმოჩნდა. შეერთებული შტატების დიდი ქალაქების პოლიცია იტყობინება, რომ პანდემიის კოვიდ-19 დაწყებიდან დღემდე, ავტომობილების გაქურდვის და მოპარვის ფაქტები გაიზარდა.

ამ ტიპის დამნაშავეობის ზრდა განსაკუთრებით მაღალია ნიუ-იორკში. 2020 წლის 1 იანვრიდან მაისის შუა რიცხვებამდე, ავტომობილების გაქურდვის ფაქტებმა ნიუ-იორკში 63 პროცენტით იმატა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ლოს-ანჯელესში კი მატებამ 17 პროცენტი შეადგინა.

ამერიკის ბევრი სხვა დიდი ქალაქის პოლიციაც იტყობინება, რომ დანარჩენი ტიპის კრიმინალური ფაქტების შემცირების ფონზე, მათთან მანქანებზე თავდასხმა გაიზარდა. სავარაუდოდ ეს იმიტომ მოხდა, რომ მანქანის ქურდობა შედარებით დაბალი რისკის დანაშაულად ითვლება, რომელსაც მაღალი მოგება მოაქვს.

ხშირ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ ამერიკელებს მანქანა დაკეტილიც არ ჰყავთ. პოლიცია მოსახლეობას დაბეჯითებით მოუწოდებს, მანქანა ღია არ დატოვონ. მაგალითად, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, გაძარცვული ან მოპარული 322 ავტომობილიდან, 72% ან დაკეტილი არ იყო, ან გასაღები ახლოს იდო. თუმცა, ამ შტატში მანქანებზე თავდასხმის ზრდა არც ისე მაღალია, მხოლოდ 2%, 2019 წელთან შედარებით.

განსხვავებული სიტუაციაა მერილენდის ქალაქ ბალტიმორში, სადაც ამ ტიპის დანაშაულის მაჩვენებელი პანდემიამდეც ძალიან მაღალი იყო და პოლიცია დიდი ხანია მანქანის ქურდებს ებრძვის. ავტომობილების გაძარცვის ფაქტები ბალტიმორში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 24%-ით შემცირდა და მოპარვის - 19 პროცენტით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG