ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემია, ოჯახში ძალადობა და უიმედოდ დარჩენილი ქალები


2020 წლის პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 483 შემთხვევა დაფიქსირდა. ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე მონაცემები მხოლოდ 15 თებერვლის ჩათვლითაა გამოქვეყნებული. ჯერ არ ვიცით როგორია ოჯახში ძალადობის ოფიციალური მონაცემები მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ძალადბის მსხვერპლები მოძალადეებთან ერთად განუსაზღვრელი ვადით არიან გამოკეტილები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში, აპრილის თვეში, წინა წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან დახმარების ხაზზე შესული ზარების რაოდენობა 60%-ითაა გაზრდილი.

ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი, ელისო რუხაძე უკვე წლებია სწორედ ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობს. მან "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ევროპის მსგავსად, პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევები საქართველოშიცა მომატებულია. ადვოკატი ამბობს, რომ ქალები, განსაკუთრებით, რეგიონებში, ყოველ დღე ითხოვენ დახმარებას.

“ძალიან მძიმე საქმეები შემოვიდა დუშეთიდან და გორიდან. საუბარი იყო ძმის მხრიდან ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალადობაზე რა დროსაც დები იძლებულები გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები და სადღაც გაურკვეველი მიმართულებით წასულიყვნენ. ეს იმის გამო, რომ პოლიციამ სწორად არ შეაფასა ძალადობრივი ქმედებები და რისკები. ასევე არ გათვალა სწორად და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა მსხვერპლს, ნაცვლად მოძალადისა. ყველაზე რთული ამ სიტუაციაში არის ის, რომ მსხვერპლმა უგზოობის გამო, უფულობის გამო და იმის გამო, რომ არ ქონდა მხარდაჭერა, ვერ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილებები და ეხლა "საფარს" გვიწევს ამ სამართლებრივ პრობლემებში ჩართვა.”

ადვოკატი გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაზრდილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში განსხვავებული მონაცემები აქვთ. ადვოკატი ამას იმით ხსნის, რომ ქალებს პანდემიის დროს პოლიციაში დარეკვის ეშინიათ, ან თვლიან, რომ პოლიციას ახლა მათთვის არ სცალია. შესაბამისად, შსს ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მონაცემები პანდემიის დროს არ გაზრდილა.

“ქალების უმეტესობა, რომელიც მოგვმართავს დახმარებისთვის, ძირითადად ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში პოლიცის ჩართულობა არის უკიდურესი ზომა, რომ მათთვის არ სცალია პოლიციას და მათ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე ქალთა მიმართ ძალადობაა. თუ დღეში [რეალურად] გვაქვს 15-20 საქმე, აქედან, მაქსიმუმ, 5 ქალი წავიდეს პოლიციაში. შესაბამისად, შსს ამბობს, რომ სტატისტიკა არ გაზრდილა, მიმართვიანობა არ გაზრდილა და ძალადობა არ იზრდება პანდემიის დროს. თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ნამდვილად გაზრდილია მომართვიანობა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაზე,” ამბობს ელისო რუხაძე.

“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” (GCRT) ფსიქიატრი, სოფო ტაბაღუა ამბობს, რომ პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლები განსაკუთრებულად არიან დამფრთხალი. მოძალადეები ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ მათ ისე აწვდიან, რომ ქალები უფრო შეშინებულები არიან და კიდევ უფრო იშვიათად მიმართავენ პოლიციას.

“ადამიანები, რომლებიც ახლა იმყოფებიან ძალადობრივ ურთიერთობებში, არიან გაყინულ მდგომარეობაში, რადგან ოჯახში არის მოძალადე. ეს არის სტრესი, რომელიც ეხება მსხვერპლსაც და ეხება მოძალადესაც. ძალიან ბევრ შემთხვევაში, მსხვერპლისთვის ერთადერთი დასაყრდენი ადგილი ისევ მოძალადეა. მიზეზი ისაა, რომ ხშირად, მათ [მოძალადეებს] აქვთ შემოსავალი, მათია საცხოვრებელი ადგილი, მათთანაა დაკავშირებული სადაზღვევო სისტემა და ბინის ქირაც. ძალიან ხშირად მოძალადეები ცდილობენ, რომ ეს ინფორმაცია, კოვიდ 19-ით გამოწვეული ეს სტატისტიკა, კიდევ უფრო მძიმედ მიაწოდონ [მათ მსხვერპლს]. ინფორმაციის ასე საშიშად მიწოდება მსხვერპლისთვის, კიდევ უფრო ართულებს იმას, რომ მან ხმა ამოიღოს და თქვას, რომ უჭირს, რომ დარეკოს პოლიციაში, ან ცხელ ხაზზე, სადაც მას დაეხმარებიან,” ამბობს ფსიქიატრი.

მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მსხვერპლები ახლა კიდევ უფრო ფრთხილად არიან და კიდევ უფრო ემორჩილებიან მოძალადეს. მათ სურთ, რომ როგორმე ამ რთულმა პროცესმა მშვიდობიანად გადაიაროს და ამისთვის ასრულებენ მოძალადის ყველა მითითებას.

“გვეუბნებიან [მსხვერპლები], რომ თუ მოძალადე ეუბნება რომ 20-ჯერ უნდა დაიბანოს ხელი, ეს ხომ ამ შემთხვევაში აკვიატება და ახირებაა მოძალადის და არა სამედიცინო რეკომენდაცია, ქალები ასრულებენ ამას, რომ როგორმე ამან გაიაროს. თუ ეუბნება [მოძალადე], რომ თუ ასე არ მოამზადებ საკვებს, მაშინ ჩვენ ყველა დავავადდებით, მსხვერპლი ასრულებს ამ მითითებას იმიტომ, რომ როგორმე ამ ზეწოლამ გაიაროს. ძალიან ფაქიზი შემთხვევებია, თითქოს ეს მსხვერლები ცდილობენ, რომ როგორმე გაუძლონ და ფაქიზად გადაიარონ ეს კრიზისი, რომელიც დადგა კოვიდ 19-ით გამოწვეული იზოლაციის გამო,” ამბობს სოფო ტაბაღუა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ითვლის და აქცევს ყურადღებას იმას, თუ რამდენად მოიმატა ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა პანდემიის დროს. მაგალითად, საფრანგეთში, 30%-ით გაიზარდა ოჯახში ძალადობის ფაქტები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ამბობს, რომ ცხელი ხაზები გადატვირთულია იმ ქალების ზარებით, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

თუმცა, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე შიშობს, რომ საქართველოში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები უბრალოდ ვერ იყენებენ დახმარების იმ სერვისებს, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. პანდემიის პირობებში ის საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც აქამდე არსებობდა ეფექტური აღარ არის და ახალი გზებია მსხვერპლთა დასახმარებლად მოსაძებნი, ამბობს ის.

“სახალხო დამცველის შესაფებით, ის რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ზრდა არ გვაქვს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები შემცირდა, ან უფრო მეტად არ გაიზარდა პანდემიის პირობებში. ეს ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლებს არ აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ დაცული შეტყობინება და უფრო მეტი მესიჯი არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ მათ ეს განცდა გაუჩნდეთ. გაუჩნდეთ განცდა, რომ მიმართვის შემთხვევაში მათ დაიცავენ,” ამბობს ომბდუსმენის მოადგილე.

გარდა იმისა, რომ მსხვერპლთა ნაწილს ფსიქოლოგიურად უჭირს დახმარების თხოვნა, ნაწილი კი ამას მოძალადესთან ერთად ერთ სახლში ცხოვრების გამო ვერ ახერხებს, არსებობს მსხვერპლთა ის ნაწილი, რომელიც უბრალოდ, კომუნიკაციას ვერ ახერხებს. ეკატერინე სხილაძის თქმით, განსაკუთრებით რეგიონებში, ქალებს არ აქვთ არც იმის საშუალება, რომ ტელეფონით დარეკონ და პანდემიის გამო, უკვე არც იმ ადგილებში დახმარების თხოვნა, სადაც მანამდე დადიოდნენ. ომბუდსმენის მოადგილე თვლის, რომ ამ ქალებისთვის უნდა არსებობდეს სივრცეები, სადაც უსაფრთხო იქნება დახმარების თხოვნა.

ოჯახში ძალადობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხართ ან იცით მსგავსი ფაქტების შესახებ დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე 112, ან ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე 116 006; ამერიკაში დამხარების მიღება შეგიძლიათ 911-ზე დარეკვით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG