ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაიზა და კარპენტერი სააკაშვილის მოქმედებებს აფასებენ


როგორ აფასებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებს უკრაინაში საქართველოს და უკრაინის მეგობრები და რეგიონის ექსპერტები. ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ მეთიუ ბრაიზას და მაიკლ კარპენტერს მიმართა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს და პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტ პოროშენკოსადმი გაგზავნილ წერილში ის ამბობს, რომ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა პოროშენკოს გადადგომით შეუძლია.

„აღიარეთ, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ შეგიძლიათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თითქმის ბოლო შანსია, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახული იყოს, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ გაღრმავდება. პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა და ხალხის წინაშე თავი დახარა, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს“, - წერს სააკაშვილი ღია წერილში.

რეგიონის მკვლევარები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, სააკაშვილს კიევში მესამე მაიდნის გამართვა არ გამოუვიდა.

მას არ გამოუვიდა მესამე მაიდნის იდეა, პარლამენტის გარშემო კარვების ქალაქის გაშლას კრიტიკული მასა არ აყვა
მეთიუ ბრაიზა სააკაშვილზე

„მას არ გამოუვიდა მესამე მაიდნის იდეა, პარლამენტის გარშემო კარვების ქალაქის გაშლას კრიტიკული მასა არ აყვა, ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინელი ხალხი დაიღალა, მათ ნორმალური ცხოვრება სურთ, სადაც აქვთ სახლი, ტანსაცმელი, საჭმელი და რუტინული ცხოვრება. ვფიქრობ მათ არ სურთ ქუჩებში გამოსვლა, მაგრამ ასევე არ მგონია უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას დანაპირების შესრულება შეეძლოს. მე არ ვიცი რა გამოვა ამ ყველაფრიდან. პრობლემები ღრმაა. ამ პოლიტიკურ ელიტას საზოგადოების მოთხოვნების შესრულება არ ძალუძს,“ ამბობს მეთიუ ბრაიზა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

ბრაიზას თქმით, სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკრაინის „პოლიტიკის არეულობაზე მეტყველებს“. სააკაშვილის საქციელს ის გაბედულს უწოდებს:

„სააკაშვილი ბევრს არ მოწონს, ბევრს მიაჩნია, რომ ის ზედმეტად აგრესიული და იმპულსურია, მაგრამ ის გამბედავი პოლიტიკოსია. ის უკრაინიდან გააძევეს, პრეზიდენტმა პოროშენკომ მას პასპორტი ჩამოართვა, ამის მიუხედავად ის პოლონეთში ჩავიდა, იქედან როგორღაც უკრაინაში შესვლა მოახერხა, როგორღაც პოულობს გზას დარჩეს პოლიტიკურად აქტიურად."

ბრაიზას შეფასებით, მთავრობას სააკაშვილის უკრაინაში დარჩენა არ სურს. მისი აზრით "არც საქართველოს მთავრობას უნდა სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება. თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი ან პრემიერის უკან მდგარი ბატონი ივანიშვილი იყოთ - მოგინდებოდათ სააკაშვილის დაბრუნება და პოლიტიკურად გააქტიურება?“

ჩემი აზრით, სააკაშვილი უკრაინის პრობლემებზე სალაპარაკოდ სწორი ფიგურა არ არის
მაიკლ კარპენტერი სააკაშვილზე

უკრაინაში კორუფციის ზრდაზე და მოსახლეობის იმედგაცრუებაზე საუბრობს ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკ კარპენტერიც. თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში უკრაინაში კორუფცია გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი საშინაო საქმეებზე იყვნენ კონცეტრირებულნი, ნაკლები იყო წნეხი უკრაინის მთავრობაზე.

„არ მგონია პრეზიდენტი სააკაშვილი ამ პრობლემის გასახმოვანებლად სწორი ადამიანი იყოს. ის ზედმეტად პოლარიზებული ფიგურაა. მან საქართველოში სიღრმისეული რეფორმები გაატარა, მაგრამ ასევე მის სახელს უკავშირდება ოპოზიციის წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატის გამოყენება, რაც დემოკრატიულ ნორმებში არ ჯდება. ჩემი აზრით, ის უკრაინის პრობლემებზე სალაპარაკოდ სწორი ფიგურა არ არის,“ ამობს კარპენტერი.

მისი აზრით, ბევრი უკრაინელია, ვისაც შეუძლია გაუძღვეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და „სააკაშვილი საამისოდ სწორი ფიგურა არ არის“.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG