ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი: კურჩენკოს არასდროს შევხვედრილვარ


საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

7 დეკემბერს, ვაშინგტონში, კატონის ინსტიტუტში შეხვედრა გაიმართა, რომელიც უკრაინის მომავალს პოლიტიკურ განვითარებას და მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შეხვედრას საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი "სკაიპით" კიევის ცენტში დადგმული კარავიდან ჩაერთო.

სააკაშვილმა მის მიმართ ურაინის მთავრობის მიერ წარდგენილი ბრალდებები უარყო. “ისინი მადანაშაულებენ ვინმე კურჩენკოსთან კავშირში. მე არ ვიცი ვინაა კურჩენკო და არასდროს შევხვედრივარ მას. გამიგია, რომ არსებობს, მაგრამ არასდროს შევხვედრივარ და მასთან არასოდეს მისაუბრია," - თქვა სააკაშვილმა.

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს მილიარდერ ბიზნესმენ სეგეი კურჩენკოსთან კავშირში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მისგან დაფინანსებას იღებდა. პროკურორის ოფისმა მათ შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობასაც მიხეილ სააკაშვილი უარყოფს. კურჩენკო თავის მხრივ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან არის ასოცირებული. იანუკოვიჩი 2014 წელს კიევში მაიდნის მოვლენების შემდეგ რუსეთში გაიქცა და დღემდე მოსკოვში ცხოვრობს.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენები უკრაიაში არსებულ შიდა-პოლიტიკურ კრიზისზე და ქვეყანაში არსებულ არადემოკრატიულ ფონზე მიუთითებს.

მიმომხილველების რეაქცია

კატონის ინსტიტუტის უფროსმა მკლევარმა ანდრეი ილარიონოვმა 5 დეკემბერს სააკაშვილის დაკავების მცდელობა შეაფასა. მისი თქმით, "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის კერძო ბინაში შეჭრა და მისი დაკავების მცდელობა წარმოუდგენელი მოვლენაა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის. ამ ქმედებებს არ აქვს კანონიერი საფუძველი და ეს საჯაროდ იქნა აღიარებული გენერალური პროკურორის ოფისის მიერ. სასაცილოა - ის რომ სააკაშვილი რუსულ “ეფ-ეს-ბე”-სთან თანამშრომლობს”, ამბობს ილარიონოვი.

განსხვავებული შხედულება აქვს ატლანტიკური საბჭოს მკლევარ ადრიან კარატნიკს. "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან საუბარში მან თქვა, რომ სააკაშვილის შემოსავალის წყარო სინამდვილეში უცნობია.

"წლების მანძილზე ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების წყაროები უცნობია", ამბობს კარატნიკი. "მან შეიძლება იფიქრა, რომ მას ფრთხილად შეეძლო მოსკოვიდან დაფინანსება საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. არავინ ამბობს იმას, რომ რუსეთი სააკაშვილს უჭერს მხარს. ეს შესაძლოა რუსული გავლენის ქვეშ მყოფი აგენტების მეშვეობით მოხდა, რომლებიც უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ".

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკლევარი და ჯორჯთაუნის უნივერსტიტეტის პროფესორი, ანდერს ასლუნდი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ მთავარი საკითხი არა სააკაშვილის დაპატიმრების მცდელობა, არამედ ისაა რომ უკრაინის მთავრობა თავს ესხმის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ დამოუკიდებელ უწყებებს.

“მომხდარს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ რასაც [სააკაშვილი] ამბობს სწორი მიდგომაა. ეს პროცესები რაც არაკანონიერია, ანალიზად არ ღირს. მაშინ როდესაც მთავრობა არ იქცევა კანონიერად, რთულია იმის თქმა, თუ სხვა ვისგან უნდა მოითხოვდნენ კანონიერად ქცევას," თქვა ასლუნდმა. მისი აზრით, მთავარი საკითხი ის არის, რომ უკრაინის მთავრობა "დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ უწყებებს დარტყმას ყველა მხრიდან აყენებს და ყველაზე მეტად ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ იბრძვის”, განაცხადა ასლუნდმა.

კიევში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება და უკრაინის ხელისუფლებას და დაპირისპირებაშ მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა თავიდან აიცილონ ძალადობა.

“თვალს ვადევნებთ იმას, რაც კიევში მოხდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება. ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს ძალადობა, მისდიოს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰედერ ნაუერტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG