ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16 აპრილს ბრუკინგსის ინსტიტუტში შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანისა და რუსეთის ურთიერთობის ბირთვული შეიარაღების ასპექტს დაეთმო.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ბირთვული იარაღის - განსაკუთრებით კი ტაქტიკური ბირთვული ქობინების - დანიშნულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა არ შეცვლილა მათი რაოდენობა. გარდა ამისა, სტარტის ახალი ხელშეკრულება მხოლოდ სტრატეგიული - ანუ გრძელ რადიუსიანი ბირთვული ქობინების რაოდენობას არეგულირებს. ამერიკამ და რუსეთმა სტარტს ხელი თებერვალში მოაწერეს, მაგრამ ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი ლეო მიჩელი ამბობს, რომ მიუხედავად ხელშეკრულებისა, რთულია რუსეთის მოქმედებების გათვლა:

„ნებისმიერ დროს, როცა რუსეთზე და ბირთვულ იარაღზე ვლაპარაკობთ, იმასაც ნდა გავუწიოთ ანგარიში, თუ რა პირობებით აწარმოებენ რუსები მოლაპარაკებებს, რისი სჯერათ სინამდვილეში და რას აკეთებენ შიდა პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად. ეს მკვეთრად განსხვავდება ბირთვულ იარაღზე ამერიკული მსჯელობისგან, სადაც პროცესები გაცილებით გამჭვირვალეა და საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეუძლია დებატებში მონაწილეობის მიღება.“

გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთში ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამერიკის საზღვაო ძალების ომის კოლეჯის ეროვნული უსაფრთხოების პროფესორი ტომას ნიკოლსის თქმით, რუსეთში ასე არ ფიქრობენ. მოსკოვისთვის ბირთვულ იარაღს ჯერ ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სტატუსი ზე-სახელმწიფოდან რეგიონალურ ძალად შეიცვალა. ბირთვული იარაღი რუსეთს აძლევს იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იმაზე მეტი წონა შეინარჩუნოს, ვიდრე ჩვეულებრივ რეგიონალურ ძალას ექნებოდა.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი რუსეთს საშუალებას აძლევს იმ სისუსტეების კომპენსაცია მოახდინოს, რომლებიც ქვეყნის კონვენციურ შეიარაღებულ ძალებში არსებობს. ნიკოლსის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის არმია საბჭოთა სამხედრო აპარატის მხოლოდ აჩრდილია. მიუხედავად ამისა, რთულია იმის გაანალიზება, თუ როგორ შეიძლება მოახდინოს ქვეყანამ სამხედრო სამსახურის ხარისხისა და ჯარისკაცების რაოდენობის კომპენსირება ტაქტიკური ბირთვული იარაღით.

სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებისგან განსხვავებით, ტაქტიკური ბირთვული ქობინების საკითხი ბირთვული გაუვრცელებლობისა და საერთაშორისო იარაღის კონტროლის სფეროში ის რუხი ადგილია, სადაც გაურკვევლობა უფრო მეტია ვიდრე ზუსტი ინფორმაცია. გარდა ამისა, სტარტის ახალი ხელშეკრულება ტაქტიკურ ქობინებზე არც კი საუბრობს. ნიკოლსის განცხადებით:

„მე პესიმისტურად ვუყურებ რუსეთთან ბირთვული შეიარაღების სფეროში რაიმე ახალი მოლაპარაკების წარმოწყებას. ეს განსაკუთრებით ტაქტიკურ ქობინებს ეხება. ნატოს და რუსეთს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და ამ განსხვავებების შეჯერება და გადაწყვეტა ახლო მომავალში წარმოუდგენელია.“

ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება ტაქტიკური ბირთვული ქობინების რაოდენობაზე საუბრისას. ამ თემაზე მსჯელობისას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - წარმოების ფასი - უნდა გავითვალისწინოთ. ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდა გაცილებით იაფი უჯდება ქვეყანას, ვიდრე კონვენციური შესაძლებლობების დახვეწა. სწორედ ამიტომაც, ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი და ამერიკა ტაქტიკურ ბირთვულ ქობინებს დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ იმ გათვლით, რომ მოწინააღმდეგისთვის რაც შეიძლება იაფად რაც შეიძლება მეტი ზარალი მიეყენებინათ. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკაში ეს შეხედულება შეიცვალა და ვაშინგტონმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გარკვეული რაოდენობის დემონტაჟისთვის თავდაცვის ბიუჯეტში თანხები გამოყო. რუსეთს მსგავსი განცხადება ხმამაღლა არ გაუკეთებია.

ამერიკას ერთი ბირთვული ქობინის დემონტაჟი გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე მისი წარმოება. მიმდინარე ეკონომიკური და საბიუჯეტო კრიზისის ფონზე შეერთებული შტატები ბირთვული ქობინების დემონტაჟის შემუშავებულ გეგმას 15 წლით ჩამორჩება.

მოსკოვი ტაქტიკური ქობინების მართვის საქმეს ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ თემად ტოვებს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ იცის რამდენი ტაქტიკური ბირთვული ქობინი აქვს რუსეთს. აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად რუსეთს 2დან 5 ათასამდე მოკლე რადიუსიანი ბირთვული ქობინი აქვს. ეს ამერიკის არსენალს სავარაუდოდ 2-ჯერ აღემატება. ნიკოლსის თქმით, რუსეთი ასეთ მასშტაბურ არსენალს რამდენიმე მიზეზის გამო ინარჩუნებს:

„პირველ რიგში ეს საბჭოური აზროვნების გადმონაშთია. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირს „გიგანტომანია“ სჭირდა და სამხედრო მესვეურები, რაოდენობას ხარისხზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს მემკვიდრეობით ერგო ათასობით ქობინი და სამხედრო ისტაბლიშმენტმა მათი მართვა ისე გააგრძელა, როგორც ამას საბჭოთა არმია აკეთებდა. ქობინების დემონტაჟი ძალიან ძვირი ღირს და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ ნაბიჯის გადადგმა არალოგიკური იქნება.“

ნიკოლსი ასევე ამბობს, რომ რუსეთს გაცილებით მეტი საზრუნავი აქვს ტაქტიკური ბირთვული ქობინების მართვის სფეროში ვიდრე ამერიკას. ამერიკას მექსიკისა და კანადის - გარდა მყარი საზღვარი სხვა ქვეყანასთან არ აქვს. რუსეთს კი დასავლეთით ნატო ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი ბირთვული ჩინეთი. გარდა ამისა, მოკლე-რადიუსიანი ბირთვული ქობინების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში ათასობით სამხედრო მოსამსახურე პირი უფუნქციო და უმუშევარი დარჩება, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკას მნიშვნელოვნად არევს. ამის გამო, ბირთვული შეიარაღების ექსპერტები რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახლო მომავალში არ ელიან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG