ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული აზრი მოკლე რადიუსის რაკეტების შესახებ გაყოფილია

ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, შეერთებულ შტატებს და რუსეთს კვლავ გააჩნიათ მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტები, რომელთა დიდი ნაწილი ევროპაშია განთავსებული. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამ იარაღთან დაკავშირებულ საფრთხეებს იკვლევდა.

მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირება პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხია. ექსპერტების განცხადებით, რუსეთ-ამერიკას შორის სტარტის ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თუმცა, ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოკლე რადიუსის რაკეტების შემცირებას, რომელთაც 500 კილომეტრის ირგვლივ შეუძლიათ სამიზნის დაზიანება. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის არსენალში 2000 დან 4000 ერთეულამდე ასეთი რაკეტაა. თუმცა, მათი დიდი ნაწილი უკვე ჩამოსაწერია, ხოლო დანარჩენები კი ღრმა ბუნკერებშია შენახული. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონი დაახლოებით 200 ასეთ რაკეტას ფლობს და ისინი ხუთ ევროპულ ქვეყანაშია განაწილებული: გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

ჯოზეფ ცირინციონი პლუშერის ფონდის პრეზიდენტია, რომლის საქმიანობაც ბირთვული შეიარაღების პოლიტიკაზეა ფოკუსირებული.

„გერმანელები და ბელგიელები ამ იარაღის ევროპიდან გატანას ითხოვენ. მათი თქმით, ევროპაში ამ იარაღის არსებობა უკვე ანაქრონიზმია, რასაც გამართლება ცივი ომის ეპოქაში ქონდა. თუმცა ახლა წარმოუდგენელია მათთვის რომ ევროპაში შეიჭრება რუსეთი და მათ დასჭირდებათ ამ იარაღის გამოყენება,“ - ამბობს ცირინციონი.

თუმცა სტენფორდის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი შეიარაღების კონტროლის საკითხებში დევიდ ჰოლოვეი მიიჩნევს, რომ ნატოს დანარჩენი ქვეყნები სხვაგვარად ფიქრობენ.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული რუსეთის სამხედრო ძალა. ამის მიზეზი თავად მათი ისტორიაა, როდესცა მათ რუსეთის განზრახვების ეშინოდათ. ამდენად, ისინი ამბობენ, რომ სურთ ევროპაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის შენარჩუნება. რათა რუსული საფრთხე შემცირებული იყოს,“ - ამბობს ჰოლოვეი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სამხედრო დოქტრინის განახლებას აპირებს, რომელსაც მაისში ჩიკაგოს სამიტზე განიხილავენ.

შეიარაღების კონტროლის დამოუკიდებელი ასოციაციის დირექტორი დარი კიმბელი ამბობს, რომ ალიანსის დოქტრინა ბირთვული შეიარაღების, კონვენციური ძალების სარაკეტო თავდაცვის კომბინაციას დაეფუძნება. თუმცა კიმბელი არ ფიქრობს რომ მოკლე რადიუსის რაკეტების შემცირებაზე მოლაპარაკება შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე დაიწყება.

XS
SM
MD
LG