ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონის ძმამ პარლამენტი და მინისტრის პორტფელი დატოვა


ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. დღეს პარლამენტარის მანდატი და მინისტრის პოსტი დატოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ძმამ - ჯო ჯონსონმა.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ეს პრემიერისთვის ბოლო ორ დღეში მესამე სერიოზული მარცხია. ბორის ჯონსონმა ჯერ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვების წინააღმდეგ, რითაც ბრექსიტის პროპონენტ პრემიერს პრაქტიკულად ხელ-ფეხი შეუკრა. ახლა კი მინისტრის პოსტი დატოვა მისი ოჯახის წევრმა.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია "ბი-ბი-სის" ცნობით, ჯო ჯონსონი "წარმოუდგენელ წნეხზე" საუბრობს, რომლის ქვეშაც მას მუშაობა უწევდა. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ჯო ჯონსონმა დაწერა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება ოჯახში და ქვეყანაში შექმნილმა კონფლიქტურმა ვითარებამ განაპირობა.

"ბოლო კვირების მანძილზე, ოჯახის ერთგულებას და ეროვნულ ინტერესებს შორის ჭიდილში ვარ. ეს გაუთავებელი, გადაუჭრელი დაძაბულობაა", - წერს ჯო ჯონსონი.

ჯერჯერობით უცნობია, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, იყრის თუ არა ის ისევ კენჭს. ჯო ჯონსონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა, მაშინ როცა მისი ძმა ბრექსიტის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG