ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარდისფერი ოქტომბერი


pink ribbon
pink ribbon

“ვარდისფერი ოქტომბერი” – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს გამოკვლევა, იგივე სკრინინგი უფასოა. მხოლოდ თბილისში ამ შესაძლებლობით გასულ წელს 20 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ძუძუს სიბოს სკრინინგი უფასოა 40–დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კი 25–დან 60 წლის ჩათვლით
ეთერ კიღურაძე

„ჩვენი პროგრამა მოიცავს უფასო გამოკვლევებს საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის. სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით. მაგალითად, ძუძუს სიბოს სკრინინგი უფასოა 40–დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, საშვილოსნოს ყელის სკრინინგით შეუძლიათ ისარგებლონ 25–დან 60 წლის ჩათვლით ასაკობრივი კატეგორიის ქალებმა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50–დან 60 წლის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის უფასოა, იგივე ასაკობრივი კატეგორიაა პროსტატის კიბოს სკრინინგის შემთხვევაში. პროგრამა სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ,“ ამბობს „ამერიკსი ხმასთან“ ინტერვიუში ეთერ კიღურაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული კამპანიები ხორციელდება, თუმცა ღონისძიებები აქ იმდენად მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი არაა, როგორიც დასავლეთის ქვეყნებში. თუ საქართველოში მოქალაქე საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე წყვეტს სკრინინგზე მისვლა– არ–მისვლის საკითხს, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა განსხვავებულია.

„2010 წელთან შედარებით, 47 პროცენტითაა მომატებული მომართვიანობა. მაგალითად, ძუძუს კიბოს შემთხვევაში თუ დაახლოებით 9700 პაციენტი იყო მოსული 2008 წელს, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით 20 000 პაციენტი მოგვმართავს წლიურად, ამბობს კიღურაძძე. მისი თქმით, მომართვიანობა გაზრდილია, თუმცამოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი არც ისე სახარბიელოა. „15 –20 პროცენტამდე აღწევს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 70, 80 პროცენტიც კია. იქ განსხვავებული სისტემაა დანერგილი. ესაა ორგანიზებული სკრინინგი, რაც გულისხმობს მოსახლეობის პერსონალურ მოწვევას სკრინინგის პროგრამების გასავლელად“.

ნარგიზ ლებანიძე პროფესიით ექიმია. ის ასწავლიდა და პირადადაც განუხრელად იცავდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა 14 წლის წინ, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დაავადების მატარებელია. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ დაზღვევა კიბოს წინააღმდეგ არ არსებობს და რომ დიაგნოზსა და მკურნალობასთან ერთად უდიდესი მნიშნველობა ადამიანურ ფაქტორს და განწყობებს აქვს. ნარგიზ ლებანიძე დღეს ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერსებულ გამარჯვებულ ქალთა კლუბს ხელმძღვანელობს.

ძუძუს კიბოს გამოსაკვლევად წლიურად, დაახლოებით, 20 000 პაციენტი მოგვმართავს
ეთერ კიღურაძე

„როცა ქალი ჩვენს კლუბში პირველად მოდის, სასოწარკვეთილია. მერე ხედავს ამდენი ქალს, ვისაც არც კი ეტყობა, რომ ორი, სამი წლის წინ მათაც იგივე პრობლემები გადალახეს: გაიკეთეს ქიმიო–თერაპია, ჰქონდათ თმების გაცვენის პრობლემა და ბევრი სხვა დისკომფორტი, რაც მკურნალობას მოჰყვება. ხედავენ, რომ შესაძლებელია, გადაიტანო ეს პროცესი და დაუბრუნდე ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია, შემდეგ მოსვლაზე აღარც ტირიან. ზოგიერთი ტუჩსაცხითაც მოდის და გვეუბნება, თქვენ სიცოცხლის ხალისი დაგვიბრუნეთო“,– გვეუბნება ლებანიძე.

გამარჯვებულ ქალთა კლუბის წარმომადგენლობები იმ მოქალაქეების აქტივობების შედეგად, ვინც კიბო დაამარცხა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა. ამ ეტაპზე ორგანიზაციები არსებობს გორში, თელავში, სურამსა და ლანჩხუთში. ზუგდიდში მის გახსნას ნოემბერში აპირებენ:

„ჩვენთან მხოლოდ შეხვედრები კი არაა, აქ ვარჯიშებიცაა. ვასწავლით, როგორ უნდა მოუარონ ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას, არის ფსიქო–გენური სეანსები, კულტურული ღონისძიებები, ექსკურსიები, რაც ეხმარება ზოგადად გაჯანსაღებას, იწვევს დადებით ემოციებს. ჩვენს შეკრებებზე ჩამოდიოდნენ ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შემდეგ ზოგიერთი მათგანის ინიციატივითა და მონდომებით მათ ქალაქებში ფილიალები გაიხსნა იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ამ პრობლემებთან მიტოვებული არიან,“ დასძენს ლებანიძე.

სკრინინგ პროგრამები მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია და სახელმწიფო მოქალაქეებს მათ უფასოდ სთავაზობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG