ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი - "მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად"


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ პასუხი აგოს ომის დანაშაულებისთვის" - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში მოუწოდებს.

22 აპრილით დათარიღებული წერილით, ენტონი ბლინკენი ილია დარჩაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. საქართველოს საგარეო უწყებამ, სახელწმიფო მდივნის წერილი ერთი თვის შემდეგ გაავრცელა. უწყება რადიო „თავისუფლებასთან“ განმარტავს, რომ წერილი ახლა პროტოკოლის მიხედვით გასაჯარავოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი დანიშვნის შემდეგ გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის, ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

„ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, აშშ-ს პატივი ერგო მხარი დაეჭირა საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული ევროატლანტიკური მომავლისთვის. თუმცა, კვლავ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუციების და პროცესების გასაძლიერებლად; ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

„ჩვენ განვაგრძობთ, საქართველოს ხალხთან დგომას ამ ძალისხმევაში", - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

XS
SM
MD
LG