ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: აშშ მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელსაც უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ დამყარება შეუძლია.

ენტონი ბლინკენმა განცხადება დემოკრატიის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთა, რომელშიც 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

„ქვეყნებმა, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, განვითარებულმა და განვითარებადმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა, მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ეს ომი და დაამყაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელსაც ამის მიღწევა შეუძლია“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენი განმარტავს, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა დაფუძნებულია გაეროს წესდების პრინციპების დაცვაზე. სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო წინადადებას და განაცხადა, რომ ეს შემოთავაზება უზურუნველყოფს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, ასევე საერთაშორისო ნორმების შესრულებასა და წესებზე დაფუძნებული ურთიერთოებების აღდგენას.

„ჩვენ ყველამ ვიცით ის, რომ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს სამართლიანი, დაცული უნდა იყოს გაეროს წესდების გული - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა. და იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს ხანგრძლივი, უზურუნველყოფილი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს უბრალოდ დაისვენოს და შემდეგ ომი მისთვის უფრო ხელსაყრელ დროს გააგრძელოს. უკრაინამ, პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით, წამოაყენა წინადადება, რომელიც ამგვარ მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს დაასრულებდა ომს და გადაარჩენდა უამრავ სიცოცხლეს. ის აღადგენს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს მის დემოკრატიას. ის უზრუნველყოფს ბირთვულ უსაფრთხოებას. დაიცავს გაეროს წესდებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ნებას. დაეხმარებოდა მილიონებით ადამიანს მთელს მსოფლიოში, რომლებიც რუსეთის აგრესიით დაზარალდნენ“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სამიტის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, უკრაინის მხრიდან პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა დმიტრო კულებას განცხადებით, ზელენსკი ფრონტი ხაზის მოსაზღვრე რეგიონებს სტუმრობს, რის გამოც სამიტზე დასწრება ვერ შეძლო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უკრაინის „სამშვიდობო ფორმულაზე“. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი და უკრაინის მთავრობა არ დათანხმდება მშვიდობის მისაღწევად ნაწილობრივი ზომების მიღების შემოთავაზებას.

„რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრიდან“ - განაცხადა კულებამ.

ონლაინ შეხვედრაზე, უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ასევე ისაუბრეს საფრანგეთის, ჩეხეთის, ისრაელის, იტალიის, მალავის რესპუბლიკის, ლიბერიის, არგენტინისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დემოკრატიის სამიტი 28 მარტს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ხვალ სამიტის ფარგლებში, განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკეთებს. სამიტში დაგეგმილია მსოფლიო ლიდერების მონაწილეობა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დემოკრატიის სამიტის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს წარადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მოკავშირეები, მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები გაერთიანდნენ და აჩვენონ მსოფლიოს, რომ დემოკრატიული ერთობა ძლიერია.

XS
SM
MD
LG