ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდერი კანდიდატი კამპანიაში უპრეცედენტო თანხებით ერთვება


საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მებრძოლ დემოკრატ კანდიდატთა გრძელ სიას კიდევ ერთი ადამიანი შეემატა. ეს ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგია. 77 წლის მილიარდერი, ინვესტორი და ფილანტროპი ამჯერად მილიონობით დოლარს წინასაარჩევნო კამპანიაში დებს. თუმცა მისი პოლიტიკური მომავლის მიმართ ზოგიერთი დემოკრატი სკეპტიკურადაა განწყობილი.

ბლუმბერგის კამპანია ისეთ თემებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც მისი თქმით, საშუალო კლასის მოსახლეობას დაეხმარება. თუმცა მილიარდერის ჩართვა წინასაარჩევნო რბოლაში, რომლის წამყვანი მონაწილეებიც ეკონომიკურ უთანასწორობაზე და სიღარიბეზე საუბრობენ, ერთგგვარი რისკია. თუმცა ბლუმბერგი გათვლას საკუთარ წარმატებულ კარიერაზე აკეთებს. ის წარმატებული მედია და ტექნოლოგიების მაგნატია და 2002 წლის იანვრიდან მეგაპოლისის მერი იყო და 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ აღდგენით საქმიანობაზეც სწორედ ის იყო პასუხისმგებელი.

ჯონ ჰუდაკი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ბლუმბერგმა, როგორც მერმა, პრაქტიკულად კატასტროფის ზონა მიიღო მემკვიდრეობით და მან ქალაქი თავიდან ააშენა.

თუმცა მისი, როგორც მერის მიმართ კრიტიკაც არსებობს, განსაკუთრებით, კი ეს იმ ერთ-ერთ მიდგომას ეხება, რომელიც მის მიერ იყო დანერგილი და პოლიციელთა მიმართ რიგითი მოქალაქეების ჩხრეკას ითვალისწინებდა. ამ ჩხრეკის სამიზნე კი უფრო ხშირად აფრო-ამერიკული წარმოშობის მოქალაქეები ხდებოდნენ.

ბლუმბერგმა ცოტა ხნის წინ ამ პოლიტიკის და მისი აღსრულების ხარვეზების გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მაშინ სრულად ვერ იაზრებდა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ამა თუ იმ უმცირესობების წარმომადგენლებზე. ამავე უმცირესობის წარმომადგენლები კი დემოკრატთათვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ამომრჩევლები არიან.

ბლუმბერგი მსოფლიოში მეცხრე ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი სარეკლამო კამპანია სავარაუდოდ ერთ-ერტი ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული იქნება. ვირჯინიის უნივერისტეტის პროფესორი ლარი საბატო ამბობს, რომ ამერიკაში არასდროს ჰყოლიათ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში ჩართვის შესახებ გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში 37 მილიონი დახარჯა. ეს კი მხოლოდ დასაწყისია.

გამოკითხვების თანახმად, ბლუმბერგს ახლა დემოკრატების დაახლოებით 3 %-ის მხარდაჭერა აქვს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კამპანიას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, ბლუმბერგის ფინანსები მას დამოუკიდებელი კანდიდატის იმიჯს უქმნის და ეს მას გავლენის მოპოვებაშიც დაეხმარება.

"კანდიდატისთვის კარგია, როდესაც ის საკუთარ თანხას ხარჯავს, ვიდრე ის, რომ აგროვებდეს მილიონობით დოლარს იმ ხალხისგან, ვისაც მისგან რაღაცის მიღება სურს, იქნება ეს ელჩობა თუ ამა თუ იმ ბიზნესის სასარგებლოდ კანონის შეცვლა", - ამბობს ლარი საბატო.

თუმცა ამავე დროს, ბლუმბერგის მილიარდები შესაძლოა პოლიტიკური ტვირთიც გახდეს მისთვის. როგორც სენატორი ემი კლობუჩარი ამბობს, ხალხს მილიონერი აღარ სჭირდება. მისი თქმით, თეთრ სახლში უკვე არის ადამიანი, რომელიც თავის ფულზე ლაპარაკობს, რომელიც "ყველაზე ხმამაღალია" ირგვლივ მყოფთა შორის. თუმცა ბლუმბერგი ამბობს, რომ სწორედ ისაა ადამიანი, რომელიც თავისი ცენტრისტული მიდგომებით და წარმატებული კარიერთი დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს. ჯონ ჰუდაკი კი ამბობს, რომ პოპულარობის ყიდვა ადვილი არაა და მაშინ, როდესაც ტრამპი ამომრჩეველთან "ახლოს მისვლას პიროვნული მიდგომებით" ცდილობდა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ექნება თუ არა ბლუმბერგს იგივე ქარიზმა.

ბლუმბერგი, რომელიც კამპანიაში სხვებზე გვიან ჩაერთო მთავარი გამოცდა მისთვის 3 მარტი იქნება: "სუპერ სამშაბათის" სახელით ცნობილ ამ დღეს და ამ ღონისძიებაზე 14 შტატი პირველად არჩევნებს ჩაატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG