ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ლუიზიანაში რესპუბლიკელების დაყოლიებას ეცდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რესპუბლიკურ შტატ ლუიზიანაში გაემგზავრება. ვიზიტის მიზანი ინფრასტრუქტურის განვითარების 2,3 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმის მიმართ მხარდაჭერის მოპოვება იქნება. ბიუჯეტში ამ თანხის მოძიებას პრეზიდენტი ნაწილობრივ გადასახადების გაზრდის საფუძველზე ეცდება.

თუმცა, ბაიდენს რესპუბლიკელების დაყოლიება სჭირდება, რადგან ინფრასტრუქტურის კანონის მიღება კონგრესში მათი მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება. რესპუბლიკელები გადასახადების გაზრდას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ეკონომიკას ყველაზე მეტად კორპორაციებისთვის და მდიდარი ადამიანებისთვის დაბალი გადასახადების დაწესება დაეხმარება.

პრეზიდენტი სიტყვით ქალაქ ლეიკ ჩარლზში, 70 წლის წინ აშენებული ხიდის წინ გამოვა, რომელსაც ვარგისიანობის ვადა 20 წლის წინ გაუვიდა. რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის მისი მთავარი გზავნილი ის იქნება, რომ კორპორაციული გადასახადების გაზრდის შედეგად მოგროვებული თანხიდან $115 მილიარდი გზებისა და ხიდების შეკეთებას მოხმარდება, დამატებით ასობით მილიონი დოლარი კი ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ინფრასტრუქტურის და წყალგაყვანილობის სისტემის განახლებას და ასევე, ელექტრო ავტომობილების მშენებლობას მოხმარდება.

პრეზიდენტ ბაიდენის გეგმა 2017 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადასახადების შემცირების კანონის გაუქმებას და კორპორაციული გადასახადების 21 %-დან 28 %-მდე გაზრდას ისახავს მიზნად.

რესპუბლიკელი სენატორები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში $568 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარს უჭერენ. ეს დემოკრატი პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი თანხის ძალიან მცირე ნაწილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპრომისული ვარიანტის გამონახვა რთული იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG