ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი უცნობი საჰაერო ობიექტების ჩამოგდებაზე განცხადებას გააკეთებს


ჯო ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის მოსახლეობას მიმართავს და განმარტებებს გააკეთებს ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული ჩინური აეროსტატის თაობაზე. განცხადებაში ის ასევე ისაუბრებს იმ 3 უცნობი წარმოშობის ობიექტზე, რომლებიც მომდევნო დღეებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ამერიკის და კანადის თავზე ჩამოაგდეს.

ინციდენტებმა და მათთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ამერიკის მოქალაქეებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ისინი მომხდარის გამო მეტ განმარტებას ითხოვენ. არსებობდა ვერსია ამ ობიექტების უცხოპლანეტარულ წარმოშობაზეც, რაზეც თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამომძიებლები ამ მიმართულებაზე არ მუშაობდნენ.

რესპუბლიკელმა ოპონენტებმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინურ სადაზვერვო აეროსტატთან მიმართებაში, დაგვიანებული რეაქციისთვის გააკრიტიკეს. პეკინი აცხადებს, რომ საჰაერო ბუშტის ფორმის მოზრდილ აეროსტატს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულება ჰქონდა და ის თვალთვალს არ აწარმოებდა.

4 თებერვალს პირველი ობიექტის სამხრეთ კაროლინის შტატის თავზე ჩამოგდებამ ჩინეთთან პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. მოზრდილი საჰაერო ბუშტის სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ინციდენტის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.

რიგით მე-2, შედარებით მომცრო მანქანის ზომის ობიექტი ამერიკელებმა 10 თებერვალს, ალასკის შტატის თავზე ჩამოაგდეს. მესამე შაბათს - კანადაში, ამერიკის საზღვრის მახლობლად და მეოთხე კვირას - მიჩიგანის შტატში. ობიექტების ნარჩენების მოძიების პროცესი, რომელთა უმეტესობა წყალში ჩაცვივდა და მათი წარმომავლობის თაობაზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG