ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ კვირას მე-4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო


F-22 აშშ-ის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი
F-22 აშშ-ის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი

შეერთებული შტატების ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავმა კვირას ციდან კიდევ ერთი უცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო. ეს ბოლო 9 დღეში ამერიკის და კანადის ტერიტორიაზე უკანონოდ მფრინავი ობიექტების წინააღმდეგ მიტანილი უკვე მე-4 იერიშია. პირველი ჩინეთს ეკუთვნოდა, ბოლო 3 ობიექტის წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ბოლო ობიექტი რვაკუთხა ფორმის იყო, მასზე თოკები იყო ჩამოკიდებული და მიჩიგანის შტატის ტერიტორიაზე, კანადის საზღვართან ახლოს, ჰურონის ტბის თავზე იმყოფებოდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ის ამერიკულმა F22 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა დღის 14:42-ზე ააფეთქა - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" აშშ-ის თავდაცვის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით უთხრა, რომ ამ ეტაპზე მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ იმის, რომ ობიექტები დედამიწაზე არ არის დამზადებული. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბოლო 3 ობიექტზე ინფორმაცია არ აქვთ.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ობიექტები სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ ისეთ სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, რომ რისკებს უქმნიდნენ სამოქალაქო ავიაციას და შესაძლებელია, დაზვერვის ფუნქციებიც ჰქონოდათ. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს კანადის თავდაცვის სამინისტრო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განკარგულებით, რიგით მე-3 ობიექტის ჩამოგდება.

4 თებერვალს პირველი ობიექტის სამხრეთ კაროლინის შტატის თავზე ჩამოგდებამ, რომელიც ვაშინგტონის განმარტებით, ჩინეთის სადაზვერვო აეროსტატი იყო, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. მოზრდილი საჰაერო ბუშტის სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ინციდენტის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. პეკინის განმარტებით, აეროსტატი არა სადაზვერვო, არამედ კვლევითი ფუნქციების იყო.

რიგით მე-2, შედარებით მომცრო მანქანის ზომის ობიექტი ამერიკელებმა პარასკევს, 10 თებერვალს, ალასკის შტატის თავზე ჩამოაგდეს. მესამე შაბათს - კანადაში, ამერიკის საზღვრის მახლობლად და მეოთხე კვირას - მიჩიგანის შტატში. ობიექტების ნარჩენების მოძიების პროცესი, რომელთა უმეტესობა წყალში ჩაცვივდა და მათი წარმომავლობის თაობაზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG