ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ხსოვნის დღეს, ომებში დაღუპულებს პატივი მიაგო


კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მთავარსარდლის რანგში პირველი ხსოვნის დღეს, პატივი მიაგო ქვეყნის ომებში დაღუპულებს.

“უნდა გვახსოვდეს საფასური, რაც ჩვენი თავისუფლებებისთვის იქნა გაღებული”, თქვა ბაიდენმა ომის მემორიალზე, რომელიც დელავერის მემორიალურ ხიდთანაა განთავსებული, “უნდა გვახსოვდეს ვალი, რომელიც გვმართებს მათ მიმართ, ვინც ეს საფასური გადაიხადა და ოჯახები, რომლებიც მათ გარეშე დარჩა. მწუხარებისგან ჩემი გული ორადაა გახლეჩილი.”

ბაიდენმა კომენტარი გააკეთა თავისი ვაჟის, ბოს გარდაცვალების მეექვსე წლისთავზე, რომელიც დელავერის ეროვნულ გვარდიაში მაიორის წოდებით მსახურობდა და 2015 წელს კიბოთი გარდაცვალებამდე, ერაყში ამერიკული ძალების შემადგენლობაშიც იყო მივლინებული.

“ვიცი ეს დანაკარგი როგორი მტკივნეულია, ვიცი მკერდში როგორ სიცარიელეს ტოვებს, შეგრძნებას, რომ თითქოს შეუძლია ამ სიცარიელეში შეგითრიოს და იქიდან ვეღარ გამოხვიდე. ბო ჩვენთან რომ ყოფილიყო, ისიც აქ იქნებოდა და პატივს მიაგებდა მათ, ვინც ჩვენს ქვეყანას ამდენი შესწირა”, თქვა ბაიდენმა.

“ამერიკული რწმენა არის ქსოვილი, რომელიც ერთად გვკრავს. ეს არის პატრიოტთა გრძელი ჯაჭვი, რომლებიც ჩვენამდე იყვნენ და ისინი, ვინც ჩვენს გზას გააგრძელებენ. რწმენის არსი იმაშია, რომ იდეალები ადამიანებს სამხედრო სამსახურისთვის შთააგონებს და ჩვენ სიამაყით გვავსებს, როდესაც ჩვეთვის საყვარელ ადამიანებს ფორმაში ვხედავთ, და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა გაერთიანდება, დღეს ჩვენ არ ვართ დემოკრატები ან რესპუბლიკელები. ჩვენ ამერიკელები ვართ. ჩვენ ვართ ამერიკელები, რომლებმაც სიცოცხლე შევწირეთ”, თქვა ბაიდენმა.

შეერთებული შტატები ხსოვნის დღეს, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მაისის ბოლოს, 1868 წლიდან აღნიშნავს, რაც სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ხდება. ეროვნული დღესასწაული ყოველ წელს, მაისის ბოლო ორშაბათს აღინიშნება.

ხსოვნის დღეს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე და ქვეყნის ბევრ სხვა ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები ადამიანები განისვენებენ, საფლავის ქვებთან ამერიკის დროშებს ამაგრებენ.

ეს დღე ზაფხულის არაოფიციალურ დასაწყისადაც ითვლება, რაც აშშ-ში ტრადიციულად აქტიური სამოგზაურო სეზონია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG