ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსმა აქტივისტმა სასამართლოზე ყელი გამოიჭრა


ბელარუსმა აქტივისტმა სტსიაპან ლატიპაუმ, რომელიც გასული წლის სექტემბერში დააკავეს, სასამართლო სხდომაზე ყელი გამოიჭრა. დაკავებულმა აქტივისტმა თქვა, რომ ხელისუფლება მისგან მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო თავის დამნაშავედ ცნობას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებისა და მეზობლების გასამართლებით ემუქრებოდა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ აქტივისტმა ჭრილობა ყელის არეში სხდომის მიმდინარეობისას, სამშაბათს მიიყენა. მათ მიერვე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გადაიყვანეს პატიმარი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სასამართლოს სხდომაზე მცველებმა დაშავებული პატიმრის გისოსებს მიღმა დროულად გამოყვანაც ვერ მოახერხეს, რადგან შესაბამის გასაღებს ვერ პოულობდნენ.

"მამა, შენთან შეხვედრის შემდეგ "გუბოპიკი" [შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველო] შემოვიდა ჩემთან და გამაფრთხილა, რომ თუკი დანაშაულს არ ვაღიარებდი, საშიშ დამნაშავეებთან ერთად ჩამაგდებდნენ საკანში, ჩემი ნათესავებისა და მეზობლების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ", - სწორედ ეს თქვა აქტივისტმა მანამ, სანამ ყელს გამოიჭრიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის საავადმყოფოშია და ცოცხალია, თუმცა საკნიდან გამოყვანის მომენტში ის უგონოდ იყო.

"მას ოჯახის წევრების დასჯით ემუქრებოდნენ, თუკი თავს დამნაშავედ არ აღიარებდა. ეს არის ბელარუსში სახელმწიფო ტერორის, რეპრესიებისა და წამების შედეგი. ეს დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ", - განაცხადა "ტვიტერზე" ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელსაც ქვეყნის დატოვება თვეების წინ მოუხდა.

ლატიპაუ 15 სექტემბერს დააკავეს. ის პოლიციელთა და მუშების შეჩერებას ცდილობდა, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორფერიანი დროშის - ბელარუსის ოპოზიციის მიერ გამოყენებული წითელი და თეთრი ფერების დროშის მურალს ღებავდნენ. ამ ეზოში, რომელსაც "ცვლილებების მოედანსაც" უწოდებდნენ და იქ ღამით აქტივისტების კონცერტებიც იმართებოდა. ლატიპაუს პროტესტის ორგანიზებაში, დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევასა და თაღლითობაში ედება ბრალი. შემდეგ ის სახელმწიფო ტელევიზიით პოლიციელის მოწამვლაშიც დაადანაშაულეს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ აცხადებს. ის ერთ-ერთია ბელარუსის იმ ათობით ათას მოქალაქეს შორის, რომლებიც აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციებისას ან მათთან კავშირის გამო დააკავეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ დაკავებულებს არაადამიანურად ეპყრობიან და აწამებენ. ​გასულ კვირას ბელარუსის ხელისუფლებამ საერთაშორისო ავიახაზების ბორტზე მყოფი ერთ-ერთი აქტივისტისა და ჟურნალისტის დასაკავებლად თვითმფრინავს მინსკში დაშვებაც აიძულა, რასაც ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოებისგანაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა შედეგად და ეს "სახელმწიფო მეკობრეობადაც" კი შეფასდა.

ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას სათავეში 1994 წლიდან უდგას, ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა დასავლეთის სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, არათავისუფალ და არასამართლიან გარემოში ჩატარდა და ეს შედეგები ამომრჩევლის ნამდვილ ნებას არ გამოხატავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG