ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი - პროტესტის მესამე ღამე


ბელარუსში უკვე სამი დღე-ღამეა პროტესტი არ წყდება. ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა. პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და სხვა საშუალებები გამოიყენა.

სოციალურ მედიაში ონლაინ, პირდაპირ ეთერში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ აკავებდნენ დემონსტრანტებს პოლიციელები სხვადასხვა ტერიტორიაზე.

"რადიო თავისუფლების" ბელარუსის რედაქციის ცნობით, ხელისუფლება ე.წ. "დე-ფაქტო კომენდანტის საათს" აწესებდა და ხალხს ქუჩაში გადაადგილებას უზღუდავდა, აკავებდა მათ. პოლიციელები მოძრავ მანქანებსაც აჩერებდნენ და ზოგიერთ მძღოლს აკავებდნენ იმისთვის, რომ საავტომობილო გადაადგილება შეემცირებინათ. მოსახლეობისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიცია ფარებსა და ხელკეტებსაც იყენებდა.


უსაფრთხოების სამსახურები მოქალაქეებს ცენტრალურ სკვერებსა და ადმინისტრაციული შენობების სიახლოვეს შეკრების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე დემონსტრანტი დააკევს პუშკინის მეტროსადგურის მიმადებარე უბანშიც, რომელიც სავარაუდოდ პროტესტის ცენტრი გახდება, რადგან 10 აგვისტოს აქციაზე დაღუპული მოქალაქისთვის პატივის მისაგებად ყვავილებს სწორედ იქ ტოვებენ.

პოლიციასთან შეტაკებები მინსკის გარდა, სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. თუმცა გასულ ღამეს, წინა დღეებთან და ღამეებთან შედარებით ბევრად ნაკლები დემონსტრანტი შეიკრიბა. მანამდე ათეულობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს და იმას, რომ ამ შედეგების თანახმად, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კვლავ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს. თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით, ეს ოპოზიციისა და დემონსტრანტების სტრატეგიის ნაწილია, რათა უსაფრთხოების სამსახურებიც სხვადასხვა ლოკაციაზე გაიფანტოს. ამავე დროს, ინტერნეტის შეზღუდვა მოქალაქეებს ინფორმაციის გავრცლებასა და შეკრების ორგანიზებაში ხელს უშლის.

დემონსტრაციების შედეგად ქვეყანაში 5000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, დაახლოებით 200 - ჰოსპიტალიზებული, ერთი კი - გარდაცვლილი. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 80%-ზე მეტით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ცნო. მის მთავარ კონკურენტ ტიხანოვსკაიას კი ოფიციალურად ხმათა 10 %-ზე ნაკლები ჰქონდა.

ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ჩასვლაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მიღება, პოლიტიკოსის მიმართ არსებულ "საფრთხის ელემენტსაც" უკავშირდებოდა და ქვეყანაში დარჩენით "შედეგები კარგი არ იქნებოდა".

11 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ, მისი მეუღლის, დაპატიმრებული ოპოზიციონერის "იუთუბ" არხზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. მანამდე მსგავს ვიდეოში მან მოსახლეობას პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ლინკევიჩიუსმა ამ ვიდეოზეც ისაუბრა და თქვა, რომ წნეხის ქვეშ "ნათქვამი სიტყვები ზუსტად არ უნდა გავიგოთ".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG