ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება


ბელარუსს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება
ბელარუსს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება

ბელარუსს საბერძნეთისგან ის განასხვავებს, რომ მის დახმარებას არ ჩქარობს არც დასავლეთი, არც რუსეთი და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ბელარუსს საბერძნეთის ხვედრის გაზიარება ემუქრება. ქვეყანა გაკოტრების ზღვარზეა. რამდენიმე კვირის წინ ერთი ამერიკული დოლარი დაახლოებით 3000 ბელარუსულ რუბლში იცვლებოდა. დღეს კი ვალუტის გაცვლის კურსი დოლართან მიმართებაში 6,500 რუბლია.

ბელარუსს საბერძნეთისგან ის განასხვავებს, რომ მის დახმარებას არ ჩქარობს არც დასავლეთი, არც რუსეთი და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მეზობელი ქვეყნებიც თავს იკავებენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის დახმარების გაწევისგან.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სამშაბათს მთავრობის სხდომა მოაწყო და კაბინეტის წევრებს უთხრა, რომ რუსეთი ბელარუსს 6 მილიარდ დოლარს ასესხებდა. მთავრობის შეხვედრიდან რამდენიმე საათში რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთი მინსკისთვის ფულის სესხებას არ აპირებდა. პირიქით, სააგენტო კრემლის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი მინსკში ჩასვლას აპირებს. ვიზიტისას პუტინი ლუკაშენკოს 1 მილიარდ დოლარს შეთავაზებს ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული მილსადენების მთლიანად რუსეთის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

ჟანა კობზოვა ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსია. მისი აზრით რუსები დიდ ყურადღებას აქცევენ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს:

„ბელარუსი ყველას ყელში ამოუვიდა. რუსეთში ფიქრობენ, რომ ბელარუსი მხოლოდ რესურსებს მოიხმარს და სანაცვლოდ არაფერს აკეთებს.“

პრემიერ მინისტრი პუტინის განცხადებით, რუსეთი ბელარუსის სუბსიდირებაში ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს. გასულ წელს რუსეთის მიერ მიცემული თანხა ბელარუსის მთლიანი შიდა პროდუქტის 10% იყო.

სუბსიდირების შეწყვეტით მოსკოვი ბელარუსის ეკონომიკას უბიძგებს იგივე კრიზისული ეტაპი გაიაროს, რაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიარა. რუსული საინვესტიციო კომპანია ტროიკა დიალოგის ეკონომისტი ანტონ სტრუჩენევსკი ამ მხრივ დიდ მსგავსებებს ხედავს:

„ის რაც დღეს ბელარუსში ხდება ძალიან ჰგავს პროცესს, რომელიც რუსეთში დაიწყო 1991 წლის შემდეგ. ბელარუსის ეკონომიკას მტკივნეული და დრამატული ცვლილებები ელის.“

იმპორტირებული საქონელი მაღაზიებიდან უკვე გაქრა. შემოსული პროდუქციის უკმარისობის გამო ბევრი საწარმო გაჩერდა და ასობით ათასმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ბელარუსის მოსახლეობა საათობით დგას რიგებში იმისთვის, რომ რუბლებში შენახული დანაზოგი რაც შეიძლება მალე გადაახურდავოს, ვიდრე ეროვნული ვალუტა ბოლომდე გამოუსადეგარი გახდება.

სტრუჩენევსკის გამოთვლით, ბელარუსში საშუალო წლიური შემოსავალი 2011 წლის ბოლომდე სამი ათას დოლარამდე შემცირდება, ანუ განახევრდება. ეკონომიკის გაუარესებასთან ერთად ბელარუსის კრედიტუნარიანობაც იკლებს. საკრედიტო სააგენტოებმა ბელარუსს საბერძნეთის მსგავსი შეფასება მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბელარუსს გაკოტრებულად მიიჩნევს.

დიდი განსხვავება ბელარუსსა და საბერძნეთს შორის ის არის, რომ ევროკავშირმა საბერძნეთს, რომლის მოსახლეობაც უმნიშვნელოდ აღემატება ბელარუსის მოსახლეობის რაოდენობას, 147 მილიარდი დოლარი გამოუყო მასტიმულირებელი პაკეტის სახით. ლუკაშენკოს დასავლეთისგან დახმარების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ის დემოკრატიულ პრინციპებს საჯაროდ დასცინის.

ბელარუსში დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოსთან ერთად 6-მა კანდიდატმა იყარა კენჭი. მათგან ხუთი უკვე გაასამართლეს, მეექვსე კი ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიქცა. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სასამართლომ თავისუფლება ხუთი წლის ვადით აღუკვეთა, ხოლო მის ცოლს კი ორი წლით. მათი შვილის მომავალი ჯერ გაურკვეველია, რადგან სახელმწიფო მის ბავშვთა სახლში გადაყვანას ითხოვს.

წელს ბელარუსში 30 დისიდენტია უკვე გასამართლებული. აქედან 22-ს პატიმრობა აქვს მისჯილი. შეერთებული შტატებისა და ევროპის სახელმწფოების ლიდერები ბელარუსს მკაცრად აკრიტიკებენ აღნიშნული სასამართლოებისთვის.

საგულისხმოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს მიერ ლუკაშენკოსთვის შეთავაზებული პირობა, რომ გერმანია მინსკს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევდა იმ შემთხვევაში თუ ლუკაშენკო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას დათანხმდებოდა.

ამ შეთავაზების შემდეგ გამართული სასამართლო პროცესების გამო კი გერმანიის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სასამართლოები მხოლოდ ლუკაშენკოს ნების აღსრულება იყო და მათ სამართალთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ვესტერველემ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

ცოტა ხნის წინ პოლონელმა მილიარდელმა იან კულჩიკმა ბელარუსში ელექტრო სადგურის აშენების გეგმა შეცვალა და ორ მილიარდიანი პროექტის განხორციელება შეაჩერა. თუ ევროპელები მინსკს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ, ბელარუსის ეკონომიკამ ზეწოლას შეიძლება ვეღარც გაუძლოს.

XS
SM
MD
LG