ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში რამდენიმე სანაპირო გაიხსნა


პარასკევ საღამოს ფლორიდის შტატის ზოგიერთი სანაპირო გაიხსნა, გადაწყვეტილება ამის შესახებ ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანიტსმა მიიღო. შტატის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე სანაპირო საღამოს 5 საათზე გაიხსნა და გუბერნატორის თქმით, ეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის ხელშესაწყობად ხდება, თუმცა სოციალური დისტანცია მაინც დაცული უნდა იყოს. სანაპიროების ნაწილი დილის 6-იდან 11 საათამდე და საღამოს 5-იდან 8 საათამდე იქნება ღია.

ფლორიდის მცხოვრებლებს ამ საათებში ბანაობა, თევზაობა, ფეხით თუ ველოსიპედით სეირნობა, სირბილი და სხვადასხვა რეკრეაციულ აქტივობაში მონაწილეობა შეუძლიათ, თუმცა წესების და მითითებების დაცვით. აკრძალულია მზის აბაზანების მიღება, პირსახოცებისა და სხვა საშუალებებზე წოლა, შეზოლნგების თუ სკამების გამოყენება, სპეციალური მაცივრების თუ გრილის სანაპიროზე მიტანა ან 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

"ეს შეიძლება ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გზის დასაწყისი იყოს", - თქვა ჯექსონვილის ოლქის მერმა, ლენი კარიმ. "გთოხვთ, პატივი სცეთ და დაიცვათ შეზღუდვები. დარჩით მითითებების ფარგლებში თქვენი და თქვენი მეზობლების უსაფრთხოებისთვის", - მიმართა მან მოსახლეობას.

გუბერნატორის გადაწყვეტილებას ზოგი კრიტიკულად შეხვდა, რადგან ფლორიდაში, სადაც 25 000-მდე ინფიცირებულია, პარასკევს, ერთ დღეში შტატში ინფიცირების რეკორდულად ბევრი - 1400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თუ წესები დაცული იქნება, სანაპიროები არ განსხვავდება გოლფის მოედნის ან სასურსათო მაღაზიისგან.

მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ ნაწილში სამი სანაპირო გაიხსნა, შტატის სამხრეთით, განსაკუთრებით პოპულარული პლაჟები კვლავ დაკეტილია. მაიამის მერი კარლოს გიმენესი, რომელსაც კორონავირუსი მარტის შუა რიცხვებში დაუდასტურდა, ამბობს, რომ შეზღუდვები ნელა და ფრთხილად შემსუბუქდება. თუმცა როდის, ჯერჯეორბით უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG