ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლები ქალაქებზე ვრცელდება


მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო, სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება და ორივე მხარე დიდ ქალაქებს არტილერიით ბომბავს, რაც სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას ზრდის.

5 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხმა სეპარატისტებმა ფრონტის ხაზის გასწვრივ შეიარაღებული შეტაკებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. რეგიონული დედაქალაქი სტეპანაკერტი კი, მეოთხე დღეა ძლიერი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა შუშან სტეფანიანმა 5 ოქტომბერს “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა, რომ კონფლიქტის ზონაში ”სხვადასხვა ინტენსიურობის... შეიარაღებული ბრძოლები გრძელდება”.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 5 ოქტომბერს, სომხური ძალები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას, მეორე დღის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლს უშენდა, რაც სეპარატისტული რეგიონის მიღმა კონფლიქტის მნიშვნელოვანი გამწვავებაა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ცეცხლი ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთის, ბერდის რეგიონიდან იხსნებოდა.

სამინისტრომ სომხეთს ბრალი ქალაქ ტარტარის, ბარდის და ბელაქანის საარტილერიო დაბომბვაშიც დასდო.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თქვა, რომ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დაბომბვა ღია პროვოკაციაა, რომელიც ბრძოლის არეალს აფართოებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის ტერიტორიის სამიზნედ ამოღება უარყო, მაგრამ მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ლიდერმა არაიკ ჰარუთუნიანმა თქვა, რომ მისმა ძალებმა სამიზნედ განჯაში განლაგებული სამხედრო ბაზა შეარჩიეს, მაგრამ მოგვიანებით მან დარტყმის შეჩერების ბრძანება გასცა, რათა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ.

მთიანი რეგიონის გულში მდებარე 50 ათასიანი ქალაქი სტეპანაკერტი, 2 ოქტომბრის შემდეგ უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის სამიზნეა.

სეპარატისტთა თვით-შექმნილმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 ოქტომბერს, დილის 6:30-ზე, დაბომბვა განახლდა და ქალაქს ოთხი ჭურვი მოხვდა.

ორივე მხარე მოპირისპირეს სამოქალაქო მოსახლეობის სამიზნედ ამოღებას აბრალებს. ტერიტორიის საკითხზე ხანგრძლივი დავის გამო მიმდინარე ბრძოლა, რომლის განახლებული ინტენსივობით აფეთქებაც 27 სექტემბერს მოხდა, ჩაცხრობის ნიშანს არ იძლევა.

მზარდმა საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლმა, რომლის სამიზნეც ქალაქებია, სამოქალაქო მოსახლეობაში მასობრივ მსხვერპლზე შეშფოთება წარმოშვა.

მხარეებმა, ბრძოლების დაწყების შემდეგ 244 მსხვერპლის შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის 60 სამოქალაქო პირია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ნამდვილი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს სამხედროების დიდი რიცხვი გაუნადგურა.

4 ოქტომბერს საერთაშორისო “წითელმა ჯვარმა” დაგმო ცნობები “ქალაქების და სხვა დასახლებული ადგილების განურჩეველი დაბომბვის და სხვა სვარაუდო უკანონო თავდასხმების შესახებ, სადაც ასაფეთქებელი იარაღი იყო გამოყენებული.”

ეს ბრძოლა, ათწლეულების ასაკის კონფლიქტის განმავლობაში, ბოლო წლების ყველაზე დიდი გამწვავებაა იმ რეგიონისთვის, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, მაგრამ კონტროლდება ეთნიკურად სომეხი სეპარატისტების მიერ, რომლებიც ერევანთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. სომხური ძალები მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდზე მეტ რეგიონსაც აკონტროლებენ.

4 ოქტომბერს, გვიან ღამით, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სამი რაკეტა, ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მინგეჩაურს დაუმიზნეს. ქალაქში სტრატეგიული მნიშვნელობის ჰიდროელექტრო სადგური და კავკასიის რეგიონში უდიდესი კაშხალი მდებარეობს.

ხელისუფლების განცხადებით, ერთმა რაკეტამ ხუთი სამოქალაქო პირის დაშავება გამოიწვია, ორი კი არ აფეთქდა.

ითქვა, რომ ორმა რაკეტამ ხიზის და აფშერონის რაიონებს მიაღწია, რომლებიც დედაქალაქ ბაქოს სიახლოვესაა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ მისი ტერიტორიიდან რაიმე რაკეტა განჯის, მინგეჩაურის ან სხვა ქალაქისკენ გაუშვეს.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, 4 ოქტომბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ განჯაზე თავდასხმის შურის საძიებლად ჰარუთუნიანი დაჭრეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწე ჰიკმათ ჰაჯიევმა თქვა, რომ ჰარუთუნიანი ბუნკერში იმალებოდა და მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად დაიჭრა. ამ განცხადების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ მოხერხდა.

პარალელური საინფორმაციო ომის ფარგლებში, ორივე მხარე მუდმივად აზვიადებს ზარალს, რომელიც მოწინააღმდეგეს მიაყენა.

4 ოქტომბერს, ემოციური სატელევიზიო გამოსვლისას, ალიევმა ბრძოლის შესაწყვეტი წინაპირობების წყება წარმოადგინა, რომლის მიღებაც სომხეთისთვის თითქმის შეუძლებელია.

ალიევმა მოითხოვა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიიდან გასვლის განრიგი დაგეგმოს და თქვა, რომ სანამ ეს არ მოხდება, აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.

ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანული ძალები წინ მიწევდნენ და ათავისუფლებდნენ მიწებს, რომელიც 1990-იან წლებში ეთნიკურ სომხებთან დაკარგეს. აზერბაიჯანის სამხედრო უწყება ამბობს, რომ ბრძოლის დაწყების შემდეგ შვიდ სოფელზე კონტროლი აღადგინა.

ალიევმა თქვა: “აზერბაიჯანს ერთი პირობა აქვს და ეს მისი ტერიტორიტორიების გათავისუფლებაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ დავბრუნდებით.”

ალიევის მოთხოვნები, რომელიც აზერბაიჯანის უახლოესმა მოკავშირე თურქეთმაც გაიმეორა, ერევანმა უარყო.

მსოფლიოს სახელმწიფოები ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. არსებობს შეშფოთება, რომ შესაძლოა ძალადობა სრულ-მასშტაბიან ომში გადაიზარდოს, რომელიც პოტენციურად რეგიონული სახელმწიფოების, რუსეთის და ნატოს წევრი თურქეთის ჩათრევას გამოიწვევს.

შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა, ე.წ. “მინსკის ჯგუფის” თანა-თავმჯდომარეებმა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი ძალისხმევის სათავეში იდგა, ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, სამოქალაქო მოსახლეობას შორის “მზარდი მსხვერპლის” გამო შეშფოთება გამოთქვა.

სომხეთმა განაცხადა, რომ მზადაა ეუთოს მეშვეობით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

თუმცა, ოლესია ვართანიანმა საერთაშორისო კრიზის ჯგუფიდან რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ამ დროისთვის კონფლიქტი უფრო ინტენსიური ხდება და კიდევ უფრო მეტ სამოქალაქო ადგილებზე ვრცელდება.

აზერბაიჯანი და სომხეთი, მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არიან დაპირისპირებული. მათ შორის იყო ომი, რომელიც 1994 წელს რთული ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა. 30 ათასი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა.

სიუჟეტი მომზადებულია "რადიო თავისუფლების" მასალაზე დაყრდნობით.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG