ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთ-ირანის ეკონომიკური კავშირები


ჩინეთ-ირანის ეკონომიკური კავშირები

ჩინური ნავთობის იმპორტის 11% ირანზე მოდის

ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შემოღებულმა სანქციებმა შესაძლოა ჩინეთზეც იქონიოს გავლენა, რომელიც ირანული ნავთობის მთავარი იმპორტიორია.

თეირანი ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესების საპასუხოდ ორმუზის სრუტის გადაკეტვით დაიმუქრა. ეს ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებსაც ემუქრება, რომლის ნავთობის იმპორტის 11% სწორედ ირანზე მოდის.

ყოველდღიურად ორმუზის სრუტეში მსოფლიოს ნავთობის 40% გადის. აქედან ერთი მესამედი ჩინეთისთვის არის განკუთვნილი.

ახლახანს სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებს ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ჟიაბაო ეწვია, რომელმაც არაბულ სახემლწიფოებთან რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს მოაწერა ხელი. ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტი საუდის არაბეთში ნავთობის გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.

ეს პროექტი დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ სწორედ ამ დროისთვის მისი დამტკიცება ირანის ხელისუფლების მიმართ მკაფიო გზავნილს შეიცავს, თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ საუდის არაბეთმა მზადყოფნა გამოთქვა ჩინეთს იმ რაოდენობის ნავთობი მიაწოდოს, რამდენსაც ის ირანიდან იღებს.

დასავლეთი თეირანს ატომური ბომბის შექმნის განზრახვაში ადაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს. ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველის ჯეისონ ნასელის განცხადებით ვენ ჟიაბაოს ვიზიტი რიადში ირანის ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იყო. მისი თქმით:

“ისინი ამ ამბით საკმაოდ შეშფოთებულნი უნდა იყვნენ. ჩინეთს არ სურს ირანის საქმეებში უცხოეთის აშკარა ჩარევა, მაგრამ არც ის უნდა, რომ ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდეს.“

ირანის ნავთობის ექსპორტის 20% ჩინეთისთვის არის განკუთვნილი. ეს გარემოება პეკინს აიძულებს საერთაშორისო საზოგადოებისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავოს ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პოლიტიკური ანალიტიკოსის პარელო-პლესნერის განცხადებით:

“აქ ცოტა რთული სურათია. შეიძლება ითქვას, რომ ისინიც იზიარებენ ირანის ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთის შეშფოთებას, მაგრამ მათი პოზიცია მაინც მკვეთრად განსხვავდება ამ პრობლემისადმი შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დამოკიდებულებისგან.“

ატლანტიკური საზოგადოების წარმომადგენელი ჯეისონ ნასელი ეჭვობს, რომ ჩინეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკასთან ითანამშრომლებს. მისი თქმით:

“ჩინეთს ამ პრობლემის მოგვარების თავისი ხედვა აქვს, რომელიც დასავლეთის მიდგომისგან სრულიად განსხვავდება.“

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩინეთის პრემიერის ვიზიტი ისე დასრულდა, რომ ის ირანში არ ჩასულა. რა თქმა უნდა პეკინისთვის მნიშვნელოვანია ირანის ნავთობი, მაგრამ მას არც ორმუზის სრუტის გადაკეტვა აწყობს და არც ბირთვული იარაღით აღჭურვილი ისლამური რესპუბლიკა უნდა.

როგორც ვარვიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის პროფესორი შონ ბრესლინი მიიჩნევს ჩინეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტირები ჯერ კიდევ მაშინ შეიცვალა, როდესაც პეკინმა ნავთობით მდიდარი ლიბიის ოპოზიციას დაუჭირა მხარი.

მისი თქმით:

“რაც უფრო მეტი ეკონომიკური ინტერესები გაუჩნდება პეკინს მსოფლიოში, მით უფრო აქტიურად იმოქმედებს ის ამ ინტერესების დასაცავად და საბოლოო ჯამში მოუწევს თავისი საგარეო პოლიტიკის პრინციპების შეცვლა, რომელიც დღემდე ჩაურევლობის პოლიტიკაში მდგომარეობდა.“

როდესაც ჩინეთის მოთხოვნა ენერგო-მატარებლებზე დღითიდღე იზრდება, „ჩეთემ ჰაუზის“ ანალიტიკოსი გლადა ლანი აცხადებს, რომ პეკინი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტზე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთში ყოველწლიურად 5-6%-ით იზრდება ნავთობზე მოთხოვნილება.

მიუხედავად ამისა, ჩინეთი არ ჩქარობს ირანთან ახალი კონტრაქტის ხელმოწერას, პირიქით, ის ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან სარგებლის მიღებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ნავთობს უფრო იაფად შეიძენს. ჩინეთი პირველ რიგში საკუთარ ინტერესებს იცავს და ნაკლებად აღელვებს ირანის ეკონომიკური პრობლემები, რაც დასავლეთის წისქვილზე ასხავს წყალს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG