ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ტუნისში გამართულ შეხვედრას არ დაესწრება


.
.

რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრებას, რომელიც სირიაში მიმდინარე ძალადობის შეწყვეტას ეხება.

კონფერენციის ჩატარების ინიციატივით სირიის მეგობრების სახელით ცნობილი კოალიცია გამოდის, რომელშიც დასავლეთის ქვეყნებთან ერთად არაბული ლიგის სახელმწიფოები შედიან.

საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ამ კვირის მიწურულს ტუნისში შედგება, რომელზეც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგომისკენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით მოსკოვი არ დაესწრება აღნიშნულ კონფერენციას, რადგან იქ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე არ იქნება წარმოდგენილი.

ბატონი ლუკაშევიჩის განცხადებით:

“ჩვენი ინფორმაციით ტუნისში ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები დაპატიჟეს, მაშინ როდესაც სირიის მთავრობის წევრები კონფერენციაზე არავის მიუწვევია. ეს ნიშნავს, რომ სირიის ხელისუფლების მხარდამჭერი მოსახლეობის უმრავლესობის აზრი არ იქნება გათვალისწინებული.“

მოსკოვი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგი ორივე მხარის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპასა და არაბულ ლიგას წინაპირობების გარეშე კონფლიქტის ორივე მხარის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ სწორედ ამ პროცესებმა უნდა მისცეს საშუალება სირიის მთავრობასა და ოპოზიციას ერთობლივად რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელონ. კრემლის წარომადგენელი დარწმუნებულია, რომ ამ კონფლიქტში არცერთმა ქვეყანამ ერთი რომელიმე მხარის პოზიციები არ უნდა დაიკავოს.

ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს სცენარს, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოება სირიელ ხალხს დაუჭერს მხარს და არა მის რომელიმე ერთი სეგმენტს.

მან დასძინა, რომ როგორც კი სირიაში რეფორმები განვითარდება, მოსკოვი ამ ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიის საკითხში. დოკუმენტის პროექტი სირიის პრეზიდენტს ძალაუფლების გადაბარებას ავალდებულებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეზოლუციის პროექტს ცალმხრივი უწოდა.

XS
SM
MD
LG