ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“სირიის მეგობრები“ ხვალ ტუნისში იკრიბებიან


“სირიის მეგობრები“ ხვალ ტუნისში იკრიბებიან

„არაბული ლიგის“ და გაეროს ინიციატივით დაარსებული ორგანიზაცია პირველ შეხვედრას 24 თებერვალს გამართავს

რამდენიმეთვიანი დემონსტრაციები, ტერორიზებული ოპოზიცია და სამაგალითოდ დასჯილი მშვიდობიანი მოსალეობა, ჩაცხრილული დაკრძალვის პროცესიები, ასობით მსხვერპლი და ათასობით პატიმარი, საერთაშორისო საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება და ბოლოს: უშიშროების საბჭოს კენჭისყრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

მოვლენების განვითარება რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკამ ერთ ადგილზე გაყინა. გაეროს რეზოლუცია სირიის ქალაქებიდან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი არმიის და მძიმე ტექნიკის გამოყვანას მოითხოვდა. პარალელურად უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები და დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკება.

ეს ყოველივე რუსეთის და ჩინეთის ვეტოთი დამთავრდა, რამაც საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. სირიის პრეზიდენტი კი გამარჯვებული გამოვიდა და საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობა კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გააგრძელა.

„არაბული ლიგის“ და გაეროს ინიციატივით დაარსდა ორგანიზაცია „სირიის მეგობრები“, რომელიც პირველ შეხვედრებს 24 თებერვალს ტუნისში გამართავს. რუსეთი კონფერენციაზე წასვლას არ გეგმავს. შესაძლოა არც ჩინეთის დელეგაცია ჩავიდეს ტუნისში. თუმცა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, შეხვედრას აუცილებლად დაესწრება.

„ჩვენ მკაფიო მიმართვას ვუგზავნით რუსეთს, ჩინეთს და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული იმაში, თუ როგორ უნდა გავართვათ თავი ოპოზიციის მიმართ მზარდ ძალადობას და ამის გამო ჯერ კიდევ არასწორ არჩევანს აკეთებს“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ქალბატონი კლინტონის სურვილია „სირიის მეგობრები“ კიდევ უფრო მეტ და გამკაცრებულ სანქციებზე შეთანხმდეს, უფრო გარკვევით დაიგმოს პრეზიდენტ ასადის რეჟიმი, ოპოზიციასთან უკეთესი კონტაქტი დამყარდეს და ძალადობის ქვეშ მყოფ სირიელებს მეტი დახმარება მიეწოდოს.

თუმცა, სირიული ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ეს არასწორი მიდგომაა. ორგანიზაციას „სირიის სახელმწიფოს შენება“ მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი ძლიერ სახელმწიფოთა ჭიდილის საგნად იქცა და მათ სირიელი ხალხის მომავალი არაფერში ენაღვლებათ.

ორგანიზაციის ლიდერი, ყოფილი პოლიტ-პატიმარი ლუაი ჰუსეინი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უნდა გაერთიანდეს და დაარწმუნოს პრეზიდენტი ასადი, რომ მოლაპარაკება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე გარდაუვალია.

არ არის საუბარი უფრო რბილ, ან მკაცრ მიდგომაზე. არა. ის, რაც ჩვენ რეალურად გვესაჭიროება, არის მხარდამჭერი ბლოკების გაერთიანება და სირიული კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის საერთო კონსენსუსამდე მისვლა“ - აცხადებს ოპოზიციის ლიდერი.

ბატონი ჰუსეინის თქმით ტუნისის შეხვედრა საპროპაგანდო მოთელვაა და არა რეალური ნაბიჯი. თუმცა, მას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ეთანხმება და თვლის, რომ საერთაშორისო კონსენსუსი სირიასთან დაკავშირებით უკვე არსებობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში წარუმატებელ რეზოლუციას მაშინ მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა. ამის გამო გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი, თუმცა ნაკლებად ეფექტური ზომა მიიღო. პარასკევს ტუნისში დაგეგმილი შეხვედრის ორგანიზატორები შეეცდებიან სამუშაო ბაზისად გაეროს სწორედ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება გამოიყენონ და შემდგომი მოქმედების გეგმა მის ირგვლივ ააგონ.

„სირიის მეგობრები“ იმედოვნებენ, რომ ისინი ოფიციალურ დამასკოს აიძულებენ უკან დაიხიოს, რუსეთს და ჩინეთს საყოველთაო მოძრაობასთან შეერთებას გადააწყვეტინებენ და რაც ყველაზე მთავარია, სირიაში ძალადობის შეწყვეტას და ქვეყანაში მშვიდობიანი გარდაქმნების დაწყებას მიაღწევენ.

XS
SM
MD
LG