ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის საგაგარეო საქმეთა კომიტეტში დაიწყო მოსმენები საქართველოში ამერიკის ელჩად რიჩარდ ნორლანდის დამტკიცების მიზნით.

პირველ სხდომაზე სენატორებმა ნორლანდის განცხადებები მოისმინეს და დაინტერესდნენ მისი მიზნებით ამ თანამდებობაზე.

ნორლანდმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა, გაიხსენა პრეზიდეტ სააკაშვილის უკანასკნელი ვიზიტი და შეხვედრა თეთრ სახლში და აღნიშნა, რომ მიღწეულ პროგრესთან ერთად საქართველომ მართალია დაამტკიცა რომ ის ამერიკის სანდო პარტნიორია, მას მაინც ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.

ნორლანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ის შეეცდება მისი წინამორბედის-ჯონ ბასის მიერ გაწეული ძალისხმევის კონსოლიდაცია მოახდინოს და კიდევ უფრო გააღრმავოს ამერიკის პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან.

ნორლანდმა განსაკუთრებით გამოყო ის გარემოება, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ურყევია. მისი თქმით ვაშინგტონი გააგრძელებს ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური როლის თამაშს და მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.

ნორლანდმა დასძინა, რომ მის საქმიანობას შორის, განსაკუთრებით კი წინა-საპარლამენტო არჩევნების პერიოდში და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას და საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

მისი ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ნორლანდი ყურადღებას დაუთმობს ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ელჩის კანდიდატის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება.

XS
SM
MD
LG