ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია დომინოს ეფექტის ალბათობა?


როგორია დომინოს ეფექტის ალბათობა?

შეხვედრა ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაიმართა.

ექნება თუ არა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს ანალოგი კავკასიასა და შუა აზიის ქვეყნებში?

ამ თემაზე ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში რამსფელდის სახელობის სტიპენდიანტები მსჯელობდნენ.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამერიკის ყოფილ თავდაცვის მინისტრს დღემდე აღელვებს შუა აზიაში მიმდინარე მოვლენები, ამიტომაც მან მისი სახელობის სტიპენდია დაარსა და ყოველ წელს ახალგაზრდებს იწვევს ვაშინგტონში განათლების მისაღებად და საერთაშორისო ურთიერთობებში კვლევის ჩასატარებლად.

არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების მსგავსება კავკასიასა და შუა აზიაში რთული შესაფასებელია, მით უმეტეს რთულია იწინასწარმეტყველო თუ რა მოხდება. მაგრამ არის აშკარა მსგავსებები.

კავკასიის ქვეყნებსა და შუა აზიაში არსებული მაღალი უმუშევრობა და ინფლაცია, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების არ ქონა, სოციალური პრობლემები და ახალგაზრდების მზარდი უკმაყოფილება არაეფექტური მმართველობის გამო.

მიუხედავად ამისა, გამომსვლელთა სრულმა უმრავლესობამ და აქ ძირითადად ახალგაზრდა პროფესიონალები, რეგიონში მოღვაწე საჯარო მოხელეები და აკადემიური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის მოღვაწეები იყვნენ, ერთხმად გამორიცხეს ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენების ალბათობა თავიანთ ქვეყნებში და ეს განსხვავებული ფაქტორებით ახსნეს.

შეხვედრის ერთერთი ინიციატორი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ფრედრიკ სტარი ფიქრობს, რომ შუა აზიის ქვეყნებსა და კავკასიაში განსხვავებული წარსულის, დღევანდელობისა და მარტივად, სხვადასხვა პოლიტიკურ/საზოგადოებრივი მახასიათებლების პირობებში, მსგავსება არაბულ სამყაროსთან დიდი არ არის. თუმცა სახეზე საინტერესო სურათია.

ქართველი მკვლევარი ლევან დოლიძე გუშინ საქართველოსთან ცდილობდა პარალელის გავლებას. პრეზენტაციის დასაწყისში ლევანმა ხაზი გაუსვა იმას რომ ქართული სახელმწიფო, ეგვიპტესთან შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფოა და რომ მთავრობას, ვარდების რევოლუციის შემდეგ მეორე ვადით არ დაუსრულებია მუშაობა. თუმცა თეორიულად გამორიცხული არაფერია. მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების ფონზე, ხელისუფლებამ, ამასთან, ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანაში ვითარების რადიკალიზაციის თავიდან აცილების მიზნით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა დღეს არსებული პროტესტი აისახოს პოლიტიკურ პროცესებში და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პროცესები, რომელიც მდგომარეობას რადიკალურად გააუარესებს.

აზერბაიჯანული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა ფიდან ჰუსეინლიმ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ასე დაახასიათა:

ფიდან ჰუსეინლი: „აზერბაიჯანში შექმნილ სიტუაციას მსგავსება ეგვიპტესა და ტუნისთან ბევრ რამეში აქვს. პირველ რიგში ეს არის ერთი ოჯახის მრავალწლიანი მმართველობა. კორუფცია, მაღალი ინფლაცია და სოციალური უსამართლობა.

ყველაფერთან ერთად, აზერბაიჯანის ეკონომიკაში მსხვილი მონოპოლისტების არსებობით, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უქონლობით, არასაკმარისი ეკონომიკური და სოციალური რეფორმებითა და ახალგაზრდების მზარდი უკმაყოფილებით, ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არასტაბილურ ქვეყნებს ემსგავსება. თუმცა მაინც ძნელია იწინასწარმეტყველო ზუსტად რა შეიძლება მოხდეს და გვაქვს თუ არა პოტენციალი ანალოგიური არასტაბილურობა ჩვენთანაც დაიწყოს.“

რაც შეეხება შუა აზიის რეგიონს, გამომსვლელებმა გაიხსენეს ყირგიზეთის რევოლუცია და ანდიჯანის მოვლენები, თუმცა საერთოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მღელვარებასთან ვერცერთი მათგანი ვერ ხედავს. ყახაზმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მზარდი ეკონომიკა, მიმდინარე რეფორმები და მთავრობის მეტნაკლები ანგარიშვალდებულება მოსახლეობის კმაყოფილებას იწვევს. ტაჯიკეთში, რომელიც შუა აზიის უღარიბესი სახელმწიფოა, ჩრდილოეთ აფრიკის მოვლენებთან გამოხმაურება ძალიან ზედაპირულია. რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე და ომი კი უფრო დიდი საშიშროება.

მთლიანობაში, შუა აზიელი ექსპერტების შეფასებით, ერთადერთი ქვეყანა რომელმაც შეიძლება პირდაპირი გავლენა იქონიოს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთია, სადაც სიტუაციის სამომავლო განვითარება შესაძლოა მართლაც გახდეს შუა აზიაში სტაბილობის განმსაზღვრელი ან სხვაგვარად, ესკალაციის კატალიზატორი.

XS
SM
MD
LG