ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული სამყაროს მოვლენების გავლენა შუა აზიასა და კავკასიაზე


ექსპერტთა პანელი მარცხნიდან მარჯვნივ: შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევითი პროგრამების ერთობლივი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჰალილ კარაველი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის კავკასიისა და შუა აზიის პროგრამების მენ
ექსპერტთა პანელი მარცხნიდან მარჯვნივ: შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევითი პროგრამების ერთობლივი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჰალილ კარაველი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის კავკასიისა და შუა აზიის პროგრამების მენ

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა შეხვედრა თემაზე „არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების გავლენა შუა აზიასა და კავკასიაზე.“

შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტთან არსებული რთული ოპერაციების ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორი როს უილსონი, შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჰალილ კარაველი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის კავკასიისა და შუა აზიის პროგრამების მენეჯერი ენტონი ბოუიერი. დისკუსიას უძღვებოდა ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ფრედერიკ სტარი.

უკრაინასა და უზბეკეთში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ჯონ ჰერბსტმა გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ახლო აღმოსავლეთის მსგავსად, შუა აზიის რეგიონის სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი ეთნიკური, რელიგიური და კულტურული ფაქტორები აერთიანებთ, რაც, თავის თავად, მრავალფეროვნებას არ გამორიცხავს. ახლო აღმოსავლეთისგან განსხვავებით, შუა აზიის რეგიონში პან-ისლამური ძალების გავლენა ბევრად უფრო უმნიშვნელოა.

„რასაკვირველია, შუა აზიაში მოქმედებს ჰიზბ-უთ თაჰრირი და უზბეკეთის ისლამური მოძრაობა. ამ მოძრაობების მიმდევრები ერთიანი სახალიფოს შექმნაზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ მათ მუსლიმთა საძმოს, ალ ყაიდას, ეგვიპტური ისლამური ჯიჰადის ან სხვა დაჯგუფებების მსგავსი გავლენა არ გააჩნიათ. არაბული სამყაროს მსგავსად, შუა აზიის რეგიონში სახელმწიფო საზღვრები ხელოვნურია. საზღვრები რეგიონის გარეთ მყოფმა ძალებმა შექმნეს,“ აღნიშნა ჰერბსტმა.

ჰერბსტის აზრით, არაბულმა სატელევიზიო არხმა „ალ ჯაზირამ“ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარ მოვლენებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შუა აზიის რეგიონში მსგავსი კულტურული და საინფორმაციო გავლენის მქონე სატელევიზიო არხი არ არსებობს.

„სოციალურმა მედიამ არაბულ სამყაროში აგორებულ საპროტესტო დემონსტრაციების ტალღას ხელი შეუწყო. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ინტერნეტი, ‘თვითერი’ და ‘ფეისბუქი.’ რასაკვირველია, შუა აზიის რეგიონში სოციალურ მედიას აქტიურად იყენებენ, მაგრამ ახლო აღმოსავლეთისგან განსხვავებით იქ ბევრად უფრო მკაცრი ცენზურა შეინიშნება. ‘ალ ჯაზირას’ მსგავსი არხის არ არსებობა, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ოპერატიულად გააშუქებდა და დესტაბილიზაციური ტენდენციების გავრცელებას შეუწყობდა ხელს, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ერთადერთი მედია, რომელიც მთელს რეგიონში მაუწყებლობს, რუსეთის მედია გახლავთ და, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის საინფორმაციო სამსახურები ამგვარი გაშუქებით არ გამოირჩევა. ამას გარდა მთავრობები ამ რეგიონში რეპრესიული ძალების გამოყენებას არ ერიდებიან. ეს განსაკუთრებით უზბეკეთსა და ყაზახეთს ეხება,“ - აღნიშნა ჰერბსტმა.

თურქეთსა და აზერბაინში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს როს უილსონს მიაჩნია, რომ არაბული სამყაროს მსგავსად, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონში დაუცველი რეჟიმები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას. ერთ-ერთ ამგვარ გამოწვევას მმართველი რეჟიმების ლეგიტიმურობა წარმოადგენს, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით, ძალაუფლების გადამეტებული გამოყენებით, მომხრეთა მფარველობითა და აუცილებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენების მზადყოფნითა და უნარით განისაზღვრება.

„ცხადია, რომ, როგორც ახლო აღმოსავლეთში ისე შუა აზიაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეინიშნება, რომელიც სიღარიბის დონესა და უმუშევრობას უკავშირდება და არა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს რადგან ამ უკანასკნელი მაჩვენებლით, რომ ვიმსჯელოთ, შუა აზიური სახელმწიფოების უმრავლესობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი დადებითია,“ - დასძინა უილსონმა.

XS
SM
MD
LG