ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შეფასება


არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შეფასება
არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შეფასება

ინტერვიუს დასაწყისში თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებული სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის რთული ოპერაციების ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლურმა ანალიტიკურმა წრეებმა არაბულ სამყაროში მომხდარი მოვლენების პროგნოზირება ვერ შესძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შუა აზიის რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების განსაზღვრას შესაბამისი სიფრთხილითა და თავმდაბლობით უნდა მოვეკიდოთ.

„გარკვეული თვალსაზრისით შუა აზიასა და არაბულ სამყაროს შორის მსგავსებები შეინიშნება. შესაბამისად, ის რაც არაბულ სამყაროში მოხდა პოტენციურად შუა აზიის რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების მოდელად შეიძლება მოგვევლინოს. როგორც მოგეხსენებათ, შუა აზიის ქვეყნებს საერთო ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთ ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ეს შეიძლება სხვა ქვეყნებსაც გადაედოს. მაგრამ იმავდროულად არაბულ სამყაროში სახელმწიფოების ზოგადი დამახასიათებელი თავისებურებები ბევრად უფრო გამოკვეთილი და ძლიერია, ვიდრე შუა აზიაში. ამდენად, არაბული სამყაროსგან განსხვავებით, შუა აზიის რეგიონში დესტაბილიზაციის გავრცელების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია,“ აღნიშნა ბატონმა ჰერბსტმა.

ახლო აღმოსავლეთში სოციალური მედია და სამოქალაქო საზოგადოება შუა აზიის რეგიონთან შედარებით კარგად არის განვითარებული, რაც ჰერბსტის აზრით, არაბული სამყაროს მოვლენების განმეორებას შუა აზიაში ნაკლებად შესაძლებელს ხდის. საკითხს ეგრეთწოდებული „ფერადი რევოლუციების“ კუთხით რომ მივუდგეთ, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წლის ყირგიზეთის ტიტების რევოლუციამ შუა აზიის რეგიონზე არანაირი გავლენა არ მოახდინა, მაშინ როცა ტუნისში მომხდარ მოვლენებს ახლო აღმოსავლეთში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა.

„ამდენად, ჩემი მოლოდინი სიფრთხილეს ეფუძნება. მეეჭვება, რომ შუა აზიაში მნიშნვლოვანი და სპონტანური ცვლილება მოხდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენთვის უცნობია ის პროცესები, რომელიც ზედაპირს ქვემოთ მიმდინარეობს. შუა აზიაში ცვლილებები თანდათან მოხდება და ისინი დიდ დროს დაიკავებს,“ აღნიშნავს ჰერბსტი.

ჰერბსტს მიაჩნია, რომ არაბული სამყაროსგან განსხვავებით, შუა აზიის სახელმწიფოებში მთავრობები სოციალურ და მედია სივრცეს უფრო მკაცრად აკონტროლებენ. ამ მხრივ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში ჰერბსტმა კერძოდ აღნიშნა:

„როცა ლაპარაკია კავკასიაზე, საქართველო ძალიან ღია საზოგადოებას წარმოადგენს. საქართველო ღია იყო ვარდების რევოლუციამდეც, მაგრამ სომხეთი საქართველოსთან შედარებით უფრო დახურულია და იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზე სომხეთთან შედარებით.“

ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორი როს უილსონი ცოტა ხნის წინ შუა აზიის რეგიონს ესტუმრა. შუა აზიის სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების დროს მას ყველაზე ხშირად უსვამდნენ კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენას მოახდენდა კავკასიისა და შუა აზიის რეგიონების მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკაზე არაბული სამყაროს მოვლენები.

„ვფიქრობ კავკასიისა და შუა აზიის თითოეული სახელმწიფო სტაბილური, ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამგვარმა ინსტიტუტებმა არა მხოლოდ ამომრჩეველთა სურვილები უნდა გამოხატონ, არამედ მათ კონკრეტული შედეგებიც უნდა შესთავაზონ, რაც უწინარეს ყოვლისა ეფექტურ სახელმწიფო მართვაში უნდა გამოიხატოს,“ დასძინა როს უილსონმა.

XS
SM
MD
LG