ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში 10 ნოემბერს მეცნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა


თბილისში 10 ნოემბერს მეცნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში კონფერენცია გაიმართა , გამოჩენილი მეცნიერები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ისტორიკოსები, ფილოლოგები სახელობითი პრემიებით დაჯილდოვდნენ.

აკადემიის წევრ-კორესპონდენმა ჯონი ხეცურიანმა თინათინ წერეთლის სახელობის პრემია ნაშრომთა ციკლისთვის ”საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის აქტუალური პრობლემები” მიიღო, სადაც მას დასაბუთებული აქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ის ბრძანებულებები, რომლითაც იქნა აღიარებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის ყველა იმპერატიულ ნორმას ეწინააღმდეგება:

”ასეთი 10 პრინციპი არსებობს საერთაშორისო სამართალში და ეწინააღმდეგება თვითონ რუსეთის კონსტიტუციურ კანონმდებლობასაც. ამიტომ იგი ბათილია , იურიდიული ძალის არმქონე და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. ასეთი დასკვნა მაქვს გაკეთებული. ეს გაეგზავნა, როგორც ჩვენს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გავუგზავნე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, გავუგზავნე ჩემს კოლეგას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზორკინს მოსკოვში, რომელმაც სხვათაშორის გაამართლა რუსეთის პრეზიდენტის საერთო ბრძანებულების გამოცემა. ეს უპრეცედენტო რამ მოხდა და ამიტომ მას მე ვაკრიტიკებ ამ წერილში.. შემდეგი საკითხი, შემდეგი პრობლემა ”სახელმწიფო მმართველობის ფორმები და მონარქიის აღდგენის პერსპექტივები საქართველოში”. სხვა საკითხები ეხება კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრობლემებს , განსაკუთრებით მინდა გამოვყო საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხები არჩევნებისა და რეფერენდუმების კონსტიტუციურობის დადგენის აზრით. ამ უფლებამოსილებაში ბოლო დროს ცვლილებები მოხდა, რაც უარყოფითად მაქვს შეფასებული. იმიტომ, რომ შეიკვეცა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება ამ სფეროში, რაც მიმაჩნია, რბილად რომ ვთქვათ.. მიუტევებელი რამ არის. პირიქით, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი უნდა გაზარდონ, მითუმეტეს არჩევნების და რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შემოწმებაში. ამიტომ მოვითხოვ, კონკრეტული წინადადება მაქვს, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს. აი, ეს ნაშრომებია, რომელიც გამოვაქვეყნე 2006-2009 წლებში, მომანიჭეს ჩემი მასწავლებლის, თინათინ წერეთლის სახელობის პრემია. თინათინი იყო დიდი ქართველი იურისტი, საქართველოში აკადემიური სამართლის დამფუძნებელი..”

კონფერენციას და დაჯილდოებას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დაესწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მე-2. უწმინდესმა ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესების აუცილებლობაზე ისაუბრა. პატრიარქის წინადადებას საინტერესოს უწოდებს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი ჯუმბერ ლომინაძე :

”ძალიან საინტერესო აზრი გამოთქვა პატრიარქმა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობას. იმიტომ, რომ ახალგაზრდობის გარეშე მეცნიერება მოკვდება. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ არის ძალიან მხცოვანი ხალხი, (მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, მაგრამ გონით 50 წლის ვარ). დიახ, ახალგაზრდები არ არიან. ვინც კარგია, როგორც კი საშუალებას ნახულობს, მაშინვე მიდის უცხოეთში. რადგან ეს ამერიკის რადიოა, არ შეიძლება არ ვთქვა გამოჩენილი მეცნიერის გია დვალის შესახებ. გია დვალი არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი. მან იმდენად შესანიშნავი შედეგები მიიღო, რომ ამჟამად არის ყველაზე დიდი ექსპერიმენტის, რომელიც დედამიწაზე განხორციელდა, კოლაიდერის ერთ-ერთი ექსპერტი, ეს ჟენევაში გახლავთ. ამავე დროს იგი დანიშნეს მიუნხენში მაქს - პლანკის ინსტიტუტის დირექტორად. გია დვალის მსგავსი ღმერთმა გვიმრავლოს! კემბრიჯში, ოქსფორდში, ამერიკაში, ევროპაში მუშაობენ შესანიშნავი მეცნიერები, მათემატიკოსები. აქაც გვყავს ბევრი. აკადემიას დაახლოებით 60 ინსტიტუტი გვქონდა განკარგულებაში, მაგრამ ახლა რატომღაც ისე მოხდა, შეიძლება ჩვენი ბრალიც არის. რეფორმები ვერ ჩატარდა წესიერად და არცერთი ინსტიტუტი აკადემიის განკარგულებაში აღარ არის. მაგრამ ჩვენ მათთან კავშირს არ ვწყვეტთ. ჩვენი ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილება მოიცავდა 5 ინსტიტუტს : ფიზიკის, მათემატიკის, გამოთვლითი მათემატიკის, კიბერნეტიკის, და ასტროფიზიკის ობსერვატორიას. მე პირადად გახლდით ობსერვატორიის დირექტორი 1991-2000 წლებში. მაგრამ, სამწუხაროდ, მეცნიერება ძალიან დაქვეითდა,. ეს განსაკუთრებით შეეხო ექსპერემენტალური დარგის ინსტიტუტებს. იმის გარდა, რომ ინსტიტუტები ახლა რთულ სიტუაციაში არიან, ხალხი მიდის, ხალხი უნდა დავაკავოთ როგორმე. საქართველოს არ ექნება მომავალი, ჩვენ მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას. და გაიგოს ყველამ, მეცნიერტება არის ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება გააჩნდეს ნაციას! ”

შეგახსენებთ, მეცნიერების მსოფლიო დღე იუნესკოს მიერ 2001 წელს დაფუძნდა და იგი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

XS
SM
MD
LG