ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოს გავლენა რეგიონზე


დამასკოს გავლენა რეგიონზე

სირიის შესუსტება ირანის სისუსტეს გამოიწვევს

სირიაში არსებული მდგომარეობა პირველ რიგში ლიბანზე ახდენს გავლენას. მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ჩახშობა დაიწყო, ოფიციალური ბეირუთი სიჩუმეს ინარჩუნებს. მანამდე კი ლიბანმა რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერით გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა რეზოლუცია, რომელსაც სირიაში ხელისუფლების ძალადობა უნდა დაეგმო და საერთაშორისო გამოძიება დაეწყო.

„ჰუმან რაითს უოჩის“ ბეირუთის ოფისის დირექტორი ნადიმ ჰოური ლიბანის მთავრობის ამ ნაბიჯით იმედგაცრუებულია.

„ლიბანმა, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრია, გადამწყვეტი როლი ითამაშა ლიბიის საკითხზე რეზოლუციის მიღების დროს. ხოლო ახლა სრულიად ნეიტრალური პოზიცია დაიკავა სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალზედ სამწუხაროა. ამავე დროს არ არის გასაკვირი, როდესაც ვიცით, თუ რა დონის გავლენა აქვს სირიას ლიბანში,“ - ამბობს ნადიმ ჰოური.

ლიბანელებს საკუთარი პრობლემებიც ყოფნით. ქვეყანა იანვრის შემდეგ მთავრობის გარეშე ცხოვრობს და უახლოეს მომავალში ჩიხიდან გამოსავალიც არ ჩანს. ჯგუფი კი რომელიც მთავრობის ფორმირებაზეა პასუხისმგებელი სირიის მთავრობისადმი ლოიალობას ინარჩუნებს. ამავდროულად ლიბანში ახალი პრო-დასავლური ოპოზიციაც არსებობს.

მათ სირია მკაცრად აკრიტიკებს, განსაკუთრებით საად ჰარირის „მომავლის მოძრაობას.“ დამასკო მათ სირიაში ანტისამთავრობო და შეიარაღებული ოპოზიციის დაფინანსებაში სდებს ბრალს. ჰარირის მრჩეველი მოჰამედ ჩატაჰი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

„გულახდილად რომ გითხრათ, ეს ბრალდება ლოგიკას და საფუძველსაა მოკლებულია. რასაკვირველია ჩვენ ამ ბრალდებებს ვუარყოფთ და არა მგონია ეს ბევრმა დაიჯეროს,“ - ამბობს ჩატაჰი.

მისივე თქმით, ლიბანი სიფრთხილეს იჩენს და სირიის საშინაო საკითხებში არ ერევა. ლიბიის და სირიის ურთიერთობაზე საუბრისას რასაკვირველია მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“ გვერდის ავლა არ შეიძლება. როგორც ცნობილია, „ჰეზბოლას“ სამხედრო და პოლიტიკური დაჯგუფება სწორედ ლიბანშია ბაზირებული. ამჟამად კი „ჰეზბოლა“ და მისი მოკავშირეები ლიბანის პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ და სწორედ ისინი გადაწყვეტენ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას. ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ჰილალ ჰაშანი ამბობს, რომ „ჰეზბოლა“ სირიაში მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

„ჰეზბოლას გული და გონება ირანშია. ფილტვები სირიაში აქვს, რადგანაც სირია ჰეზბოლას სიცოცხლის ხაზია. იდელოგიურად სირიის რეჟიმი და ჰეზბოლა შეუთავსებლები არიან. მათი ქორწინება კი საჭიროებიდან გამომდინარეობს და არა არჩევანიდან. ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება. ჰეზბოლას სირიის რეჟიმი საკუთარი გადარჩენისთვის ესაჭიროება,“ - ამბობს ჰაშანი.

ჰეზბოლას მეორე პარტნიორ ირანზეც შესაძლოა სირიის მოვლენები ნეგატიურად აისახოს. ლიბანის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი იმად სალამი ამბობს, რომ სირიის შესუსტება ირანის სისუსტეს გამოიწვევს. მისი თქმით, სირიას ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია, რადგან სირია-ირანის ალიანსი ძლიერად მოქმედებს ერაყის და ლიბანის პოლიტიკურ რუკაზე და ისრაელის ქმედებებზე. ექსპერტების თქმით, სირიაში მოვლენების განვითარება ლიბანზე, ჰეზბოლასა და ირანზეც პირდაპირ იქონიებს გავლენას.

XS
SM
MD
LG