ავღანეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში აღმოაჩინეს 11 სამოქალაქო პირის მძიმედ დასახიჩრებული გვამი.
ავღანეთის ხელისუფლება მომხდარში თალიბ მეამბოხეებს ადანაშაულებს.
საზარელი აღმოჩენა ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა ერთ ნაწილს თავები მოკვეთეს.
ურუზგანის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ თალიბმა მეამბოხეებმა სამოქალაქო პირები დახოცეს იმის გამო, რომ მათ ბრალად ედებოდათ ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობა.
ნატოს ცნობით კი,ავღანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
საინფორმაციო ცნობების მიხედვით,დღემდე მიმდინარე თვის მანძილზე ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს 81 ჯარისკაცი დაიღუპა, რაც საერთაშორისო კოალიციური ძალებისთვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც ავღანეთში საომარი მოქმედებები დაიწყო 2001 წელს.