ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოვლენების ასეთი განვითარება საქართველოსთვის ძალზედ საშიშია“


„მოვლენების ასეთი განვითარება საქართველოსთვის ძალზედ საშიშია“
„მოვლენების ასეთი განვითარება საქართველოსთვის ძალზედ საშიშია“

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში ალიანსისა და აშშ-ის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აფასებს, ხოლო ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებას კი "შეცდომას" უწოდებს.

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ამერიკის ყოფილ ელჩს ნატოში, ბატონ კურტ ვოკერს ესაუბრა. საუბრის ძირითადი თემები იყო ნატოს ახალი სტრატეგია, ნატო-საქართველოს ურთიერთობა და რუსეთის როლი საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაში.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა განსხვავებაა ნატოს ახალ და ძველ სტრატეგიებს შორის ბატონმა ვოკერმა ბრძანა:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავება ნატოს ქვეყნებმა მოისურვეს და შარშან ნატოს სამიტზე გენერალურ მდივანს (ანდერს ფოგ რასმუსენი) სთხოვეს შეემუშავებინა ახალი დოკუმენტი. ამის შემდეგ, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით 12-კაციანმა ექსპერტთა ჯგუფმა ჩატარებული კვლევის საფუძველზე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ შემოთავაზებაა და არა დამტკიცებული სტრატეგია. ლისაბონის სამიტზე გენერალური მდივანი სტრატეგიის საკუთარ ვერსიას წარმოადგენს ნატოს ქვეყნებს დასამტკიცებლად.

სტრატეგია სამი ძირითადი ასპექტისგან შედგება - პირველი, ტრადიციული სამხედრო საფრთხეების შეფასებაა, ისეთის მაგალითად, როგორიცაა ავღანეთიდან მომავალი საფრთხე; მეორე, ასპექტი ის არის, თუ როგორ უნდა გაართვას ალიანსმა თავი რუსეთს და რა მექანიზმები დაამკვიდროს ნატოს წესდების მეხუთე პუნქტის გასამყარებლად; მესამე ასპექტი კი იმას ისახავს მიზნად, თუ როგორ იმოქმედოს ალიანსმა არატრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიცაა კიბერ და ენერგო უსაფრთხოება.“

ბატონი ვოკერის თქმით, ნატოს ახალი სტრატეგია იმ პრინციპების კონსოლიდაციაა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ალიანსის ძირითად მმართველ მექანიზმებს წარმოადგენს. მაგალითად, ის რომ ნატო ახალ სტრატეგიაში ამბობს, რომ „საკუთარი ტერიტორიის მიღმა შეუძლია წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვა“ არ წარმოადგენს სიახლეს. ეს კონცეფცია რეიკიავიკის 2002 წლის სამიტზე შემუშავდა პირველად.

შეკითხვაზე, არის თუ არა რაიმე კავშირი ნატოსა და რუსეთის მიერ ერთის მხრივ ახალი სტრატეგიის და მეორეს მხრივ, ახალი სამხედრო დოქტრინის გამოცხადება, ბატონმა ელჩმა გვიპასუხა:

„ადვილი დასანახია სად და რატომ შეიძლება პარალელების გავლება, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატო ყოველთვის თავდაცვითი ალიანსი იყო. რაც შეეხება რუსეთს, ის ნატოსგან განსხვავებით, ხშირად ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე აგრესიულად მოქმედებს და თავს უფლებას აძლევს, საკუთარი მოქალაქეები სადაც უნდა იქ დაიცვას. თუმცა ისინი შეიძლება მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ იყვნენ, რომ მათ უბრალოდ რუსული პასპორტები დაურიგეს. ეს უდიდესი ხარისხობრივი განსხვავებაა რუსეთსა და ნატოს შორის. ამიტომაც იმაზე საუბარი, რომ ახალი სტრატეგია და რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია ჯერ ნაადრევია.“

ნატოს ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს და უკრაინას ახსენებს და მათ მიერ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებას აუცილებელ წინაპირობად ასახელებს. თუმცა, სტრატეგიის ეს ნაწილი რუსეთის ფაქტორს არ ახსენებს. იმაზე, ნიშნავს თუ არა ეს ნატოს მიერ ალიანსის გაფართოვების საკითხში რუსეთის ფაქტორზე თვალის დახუჭვას, ბატონმა ვოკერმა ბრძანა:

„პირველ რიგში არც საქართველოს და არც უკრაინას არ უნდა უნდოდეთ, რომ მათი ნატოსთან ურთიერთობა რუსეთის პრიზმით ფასდებოდეს. მეორე, იმედის მომცემი ფაქტორი ის არის, რომ სტრატეგია ნატოს გაფართოვებას დადებით ფაქტორად აფასებს. ამ ეტაპზე ნატოსა და პოტენციურ წევრებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკისა და ინსტიტუციონალური რეფორმების მიმართულებით სვლა. ნატოს მხრიდან კი გაფართოვებასთან დაკავშირებული საუბრის განახლებაა საჭირო. ამასთან, მაკედონიის ნატოში მიღება კარგი მაგალითია იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი გადაღლილია გაფართოვებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვით, პროცესი მაინც გრძელდება. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის შემდეგ, ალიანსი ქვეყანას წევრობას შესთავაზებდა. და ეს მართლაც ასე მოხდა.

საქართველოს რაც შეეხება, დასავლეთ ევროპაში იციან, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და საქართველო ნატოს წევრი რომ გახდეს, ეს ალიანსის რუსეთთან კონფრონტაციას გამოიწვევს. ამასთან, ალიანსმა ისიც იცის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიმართულებით. ამის გამო, ევროპელებს საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა აქვთ - რატომ წამოვჭრათ ეს საკითხი ახლა, როცა საქართველოს გაწევრიანება არარეალურია და რატომ შევქმნათ ნაადრევი სირთულეები რუსეთთან. ჩემი აზრით, სწორედ ამის გამოა შენელებული საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვა ბოლო 2 წლის განმავლობაში.“

ბატონმა ვოკერმა გაეროს მიერ რუსეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის რეგიონალური ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის პესიმისტურად შეაფასა. მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ რუსეთს სურს ამ სტატუსით თავის დამკვიდრება.

ასევე აღსანიშნავია ბატონი ვოკერის მიერ ობამას ადმინისტრაციის საქართველო-რუსეთის პოლიტიკის შეფასება. პრეზიდენტმა ობამამ 10 მაისს კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კონგრესს, ეგრეთ წოდებული 1-2-3 შეთანხმების ხელახალი დამტკიცება სთხოვა. ხელშეკრულება რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს. წერილში ნათქვამი იყო, რომ „საქართველო ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვულ თანამშრომლობაში სირთულეს აღარ წარმოადგენს.“

ბატონმა ვოკერმა ამ წინადადებას შეცდომა უწოდა:

„ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. ასეთი განცხადების წერილში ჩართვა დაუდევრობის ბრალია, და იმედს ვიტოვებ, რომ ეს წინადადება არ ასახავს ადმინისტრაციის ღრმა პოლიტიკურ აზროვნებას. მოგეხსენებათ ბუშის ადმინსტრაციამ ამ შეთანხმების მისაღწევად რუსეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები აწარმოა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სენატში რატიფიკაციისთვის გაგზავნილი შეთანხმება უკან გამოიწვია. ის, რომ შეთანხმებაზე ბუშის ადმინისტრაციაც მუშაობდა იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების პირობები ამერიკის ინტერესებში უდავოდ შედის. მისი გამოწვევის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამერიკის მიერ რუსეთის აგრესიის დაგმობის დემონსტრირების მიზნით.“

ბატონი ვოკერის თქმით, 1-2-3 შეთანხმება კვლავ შედის ამერიკის ინტერესებში, თუმცა გულდასაწყვეტია ის, რომ ობამას ადმინისტრაცია ამ საკითხს საქართველოსთან აკავშირებს და მას აშკარა უპირატესობას ანიჭებს. მისივე თქმით, ტექსტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული ამერიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების უპირობო მხარდაჭერის განცხადება.

„ახლა იქმნება წარმოდგენა, რომ ხელშეკრულება გულისხმობს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვას რუსეთთან თანამშრომლობის კონტექსტში ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ეს კი საკითხის მიმართ არასწორი მიდგომაა.“

მოგეხსენებათ, რუსეთმა საფრანგეთისგან მისტრალის ტიპის ავიამზიდების შეძენაზე წარმატებით დაამთავრა მოლაპარაკებები. რუსი ჩინოვნიკების განცხადებით, გემების გარკვეული ნაწილი შავ ზღვაშიც იქნება დისლოცირებული. ბატონ ვოკერს მისტრალის გაყიდვის შესახებაც ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება. მისი თქმით:

„ეს სიმბოლიზმთან უფროა დაკავშირებული ვიდრე შინაარსთან. რუსეთი უკვე წამყვანი მოთამაშეა შავი ზღვის რეგიონში, როგორც საზღვაო ფლოტის თვალსაზრისით, ასევე სახმელეთო ძალის მხრივაც. მაგრამ კონტექსტი, რომელშიც ეს გარიგება მოხდა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ გაუგებარს ხდის იმას, თუ რა სიგნალი ეგზავნება რუსეთს და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს საქართველოსთვის.“

ბატონმა ვოკერმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას და არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - რომელიც სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა იყო. ამ ფონზე საფრანგეთისგან სამხედრო გემებს ყიდვა მეტად სიმბოლურად ჩანს. ის ფაქტი, რომ მისტრალის გაყიდვა საქართველოსთან ომის შემდეგ მოხდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპა რუსეთის მიმართ სირბილეს იჩენს. მოვლენების ასეთი განვითარება კი საქართველოსთვის ძალზედ საშიშია.“

ბატონმა ვოკერმა საქართველოში ნატოს ან ამერიკის სამხედრო ბაზის განლაგება ნაკლებად რეალურად შეაფასა. მისი თქმით, პოლიტიკურად ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. პირველ რიგში რუსეთი კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევს ამ საკითხის განხილვას. მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ:

„დასავლეთ ევროპელები ჯერ კიდევ ადანაშაულებენ საქართველოს რუსეთთან ომის დაწყებაში. ამ შეხედულების გამო, ისინი მიიჩნევენ, რომ არ უნდა მოხდეს საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით თუნდაც მცირედი წახალისება.“

რეგიონალური კონტექსტის, ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ყურადღების მოდუნებისა და რეგიონში თურქეთისა და ირანის გავლენის მატების ფონზე, ბატონ ვოკერს საქართველოსთვის პოლიტიკური ორიენტაციის სავარაუდო ალტერნატივის არსებობაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. მისი თქმით, საქართველომ დასავლეთისკენ სწრაფვა უნდა გააგრძელოს არა იმისთვის, რომ სარკოზისა და ობამასთან მაგიდა გაიზიაროს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ხარისხი აამაღლოს. საქართველოს მოსახლეობა უკეთესად იცხოვრებს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აჰმადინეჟადს ან ვინმე სხვას კი საქართველოსთვის ამ ალტერნატივის შეთავაზება არ შეუძლია.“

ბატონი ვოკერი საქართველოსთვის თავდაცვითი სამხედრო შეიარაღების მიყიდვის მომხრეა. მისი თქმით:

„ყველა ქვეყანას აქვს თავის დაცვის უფლება. თავდაცვითი შეიარაღება, მომზადება და აღჭურვა თითოეული ქვეყნის ლეგიტიმური საჭიროებაა. და არავის უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ან ეჭვი ამ საკითხთან დაკავშირებით.“

XS
SM
MD
LG