საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი ხელისუფლებაში 1985 წლის 11 მარტს მოვიდა. მიხეილ გორბაჩოვი 54 წლის იყო, როცა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, ცეკას მდივნად აირჩიეს. ის ქვეყნის მმართველი ორგანოს - პოლიტბიუროს - ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო.
1985 წელს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ნაბიჯი საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისს მოასწავებდა. მიხეილ გორბაჩოვის მიერ შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში განხორციელებულმა დრამატულმა რეფორმებმა ქვეყანა რღვევამდე და მოგვიანებით კი საბოლოო დანგრევამდე მიიყვანა.
ისტორიული კურსის ცვლილება თავდაპირველად საშინაო პოლიტიკით დაიწყო. ბატონმა გორბაჩოვმა ქვეყანაში ორი ახალი რეფორმა გაატარა, რუსული სახელწოდებით: „გლასნოსტ“ და „პერესტროიკა“ ანუ გარდაქმნა და საჯაროობა.
არჩი ბრაუნი, დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, განმარტავს, რომ ამ ორმა მცნებამ მოგვიანებით ფორმა და შინაარსი სრულებით შეიცვალა:
„საჯაროობა თავიდან მხოლოდ შედარებით მეტ გახსნილობას ნიშნავდა, მაგრამ ძალიან მალე ის სიტყვის და პუბლიკაციის თავისუფლებაში გადაიზარდა. 1988 წელს, გარბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ წელიწადში, პასტერნაკის მანამდე აკრძალული რომანი „ექიმიც ჟივაგო“ გამოიცა, შემდეგ წელს კი სოლჟენიცინის პოლიტიკურად კიდევ უფრო მძაფრი ნაწარმოები „გულაგი“. ეს, რა თქმა უნდა, უკვე აღარ იყო ის საჯაროობა, რომელიც გარბაჩოვს სურდა, ან თუნდაც, რომლითაც მან თავისი მოღვაწეობა დაიწყო“.
პროფესორი ბრაუნის განმარტებით, იგივე ბედი ეწია გორბაჩოვის გარდაქმნასაც. ეს სიტყვა თავდაპირველად მხოლოდ რეფორმას გულისხმობდა. მაგრამ ვინაიდან სიტყვა „რეფორმას“ ბრეჟნევის დროიდან მოყოლებული ერთგვარი ტაბუ ედო საბჭოთა კავშირში, ამიტომ გორბაჩოვმა ის „გარდაქმნით“ ჩაანაცვლა. თუმცა ამ მცნებასაც იგივე ბედი ეწია, რაც საჯაროობას და ის მოგვიანებით საბჭოთა კავშირის რეფორმირების ნაცვლად, სახელმწიფო პოლიტიკის სრულ ტრანსფორმაციაში გადაიზარდა.
ქვეყანამ თითქმის გაწყვიტა კავშირი ყოფილ პოლიტიკურ სისტემასთან. გორბაჩოვმა მმართველობის პირველივე წლებში გაათავისუფლა პატიმრობაში, ან გადასახლებაში მყოფი დისიდენტები და პოლიტპატიმრები. მათ შორის იყო ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, ნობელის პრემიის ლაურიატი, აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი, რომელიც 1986 წელს, ექვსწლიანი გადასახლების შემდეგ დედაქალაქში დაბრუნდა. თავისუფლება ეკლესიების და ზოგადად რელიგიების დევნის შეწყვეტაშიც გამოიხატა. ათწლეულობით ჩაკეტილი ქვეყნის საზღვრები გაიხსნა და საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მიეცათ. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ უცხოურ მედიაზეც მოიხსნა აბსოლუტური ტაბუ, რამაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი ქვეყანაში მოქალაქეობრივი ღირსების განვითარებას და საერთო პროგრესს.
საბოლოო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა კონკურენტული არჩევნების დანიშვნა იყო. გადაწყვეტილება 1988 წელს იქნა მიღებული და უკვე 1989 წლის მარტში საბჭოთა კავშირში პირველი, შედარებით ლიბერალური, არჩევნები ჩატარდა. პროფესორი ბრაუნის განმარტებით ამ ეტაპზე რეფორმებს ვეღარ ვუწოდებთ ქვეყნის მხოლოდ ლიბერალიზაციის პროცესს. ეს იმხანად საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის დასაწყისი იყო.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი, რაც გორბაჩოვმა ვერ შეცვალა, ეს იყო კომუნისტური პარტია. მართალია პარტიის შიგნით კრებებზე მეტი დებატები და გამჭვირვალეობა შეინიშნებოდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სერიოზული რეფორმისთვის.
მოვუსმინოთ რობერტ ლეგვოლდს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან:
“ის საკმაოდ ნელი და თითქმის უსუსური აღმოჩნდა კომუნისტური პარტიის სისტემის გარდაქმნაში, განსაკუთრებით - შუა და მაღალ ეშელონებში, რამაც საბოლოო ჯამში ისევ გორბაჩოვის მმართველობა ძლიერ დააზიანა. რა თქმა უნდა, ეგრედ წოდებულ, „აპარატჩიკებს“, ანუ ბიუროკრატ ლიდერებს დიდად არ ეხატებოდათ გულზე გორბაჩოვის რეფორმატორული პოლიტიკა“.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გარბაჩოვის მეორე სერიოზული ჩავარდნა ეკონომიკური რეფორმის გეგმის არქონა იყო. ამ სფეროს მაშინ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლაი რიჟკოვი, განაგებდა. ოთხმოციანი წლების ბოლოს თავად გორბაჩოვსაც არ ესმოდა კარგად საბაზრო ეკონომიკის თუნდაც ნაწილობრივი დანერგვის მნიშვნელობა. საბოლოოდ გორბაჩოვი მიხვდა ეკონომიკის გარდაქმნის აუცილებლობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.
ასე იყო თუ ისე, შეგნებულად გაატარა რეფორმები მაშინდელმა ცეკას მდივანმა, თუ არა, ბატონმა გორბაჩოვმა კარიერის დასაწყისშივე გააღო კარი, რომლის კონტროლიც მომავალში ფაქტიურად შეუძლებელი იყო. საბჭოთა კავშირი ოფიციალურად 1995 წლის 25 დეკემბერს გაქრა პოლიტიკური რუქიდან. მიხეილ გარბაჩოვი კი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.