ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავტოინდუსტრია და არჩევნები


ავტოინდუსტრია და არჩევნები
ავტოინდუსტრია და არჩევნები

რესპუბლიკური პრაიმერი მიჩიგანში 28 თებერვალს გაიმართება

შეერთებულ შტატებში ავტოინდუსტრიის გამოცოცხლება შეინიშნება. კომპანიები „ფორდი“, „კრაისლერი“ და „ჯენერალ მოტორსი“ მოგებაზე გადავიდნენ. ზოგი ამ ვითარებას მთავრობის მიერ გაცემულ სესხებს უკავშირებს. ასეა თუ ისე მიჩიგანის შტატში ავტოინდუსტრიის მდგომარეობა განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, როგორც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერზე, ასევე ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. დეტალებს მიჩიგანის შტატიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კენ ფარაბაო არკვევდა.

ამერიკაში გამართულ ავტოგამოფენებზე მთავარი თემა ბაზარზე ამერიკული ავტოკომპანიების კონკურენტული დაბრუნებაა.

„ისინი არც არსად წასულან“ - ამბობს ჯონ დინგლი.

ის დემოკრატი კონგრესმენია, რომელიც დეტროიტს წარმოადგენს. მისი თქმით, მიჩიგანში სამუშაო ადგილები მთავრობის ძალისხმევამ გადაარჩინა.

„ჩვენ ავტოინდუსტრიას უმძიმესი მდგომარეობის გადალახვაში დავეხმარეთ. ეს უდიდესი ეროვნული საგანძური და უზარმაზარი რესურსია, რაც უმნიშვნელოვანესია შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ გადავარჩინეთ ავტოწარმოება, რადგან სამუშაო ადგილების რაოდენობით, ისინი ქვეყანაში მეშვიდე ადგილზე არიან,“ - აცხადებს ჯონ დინგლი.

პრეზიდენტ ობამასგან საარჩევნო კამპანიის დროს ჯონ დინგლის სწორედ ამის გაგება სურს.

„ეს ნამდვილად ვერ დაეხმარება ჩვენს მეტოქეებს, რომლებიც ამბობენ რომ, დეტროიტის ავტოწარმოება გაკოტრდება“ - ამბობს დინგლი.

მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და სხვა რესპუბლიკელი კანდიდატები ავტოკომპანიებისთვის გამოყოფილ მრავალმილიარდიან სამთავრობო სესხებს მკაცრად აკრიტიკებენ. მიტ რომნი მიჩიგანის ყოფილი გუბერნატორის და ავტოინდუსტრიის ერთერთი ხელმძღვანელის შვილია. თუმცა, როგორც მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი ბრუს პიეტრკოვსკი ამბობს, ავტოინდუსტრიისთვის სესხის გამოყოფის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომნის მიჩიგანელი ამომრჩევლის მხარდაჭერაში ვერ დაეხმარება.

„ვფიქრობ ხალხი ფიქრობს, თუ რა ბედი ეწეოდათ, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. რასაკვირველია ის ავტოწარმოებას სესხს არ მისცემდა, რაც ბევრ ადამიანს რომნის საწინააღმდეგოდ განაწყობს“ - ამბობს პიეტრკოვსკი.

ეს კი ის ვითარებაა, რასაც მიჩიგანის რესპუბლიკელ გუბერნატორი რიკ სნაიდერი კარგად აცნობიერებს.

„მე არ ვაკრიტიკებ ხალხს სესხის აღებისთვის. ვითარება არ იყო მარტივი, რადგან კომპანიები გაბანკროტების პირას იდგნენ,“ - ამბობს გუბერნატორი სნაიდერი.

ავტომწარმოებელთა პროფკავშირების პრეზიდენტი ჯორჯ მაკგრეგორი მთავრობის პოლიტიკას იწონებს და სურს რომ პრეზიდენტმა ობამამ თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ავტოწარმოებისთვის სესხის გამოყოფას ყურადება დაუთმოს.

„მას ჯერ ეს მომენტი არ გამოუყენებია, თუმცა ჩვენ ვაპირებთ რომ ეს მის სასარგებლოდ ავამუშავოთ“ - ამბობს მაკგრეგორი.

გამოყოფილი სესხისადმი მხარდაჭერა ან კრიტიკა მიჩიგანში რესპუბლიკელების პრაიმერზე აუცილებლად იმოქმედებს. ბოლო გამოკითხვებით მიტ რომნის ოდნავ უსწრებს ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი. რესპუბლიკური პრაიმერი მიჩიგანში 28 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG