ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინას პრაიმერი ახლოვდება


სამხრეთ კაროლინას პრაიმერი ახლოვდება

მიტ რომნი ძირითად აქცენტს პრეზიდენტ ბარაქ ობამას პოლიტიკის კრიტიკაზე აკეთებს.

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო მეტოქეობა შაბათს სამხრეთ კაროლინას შტატში გაგრძელდება. მასაჩუსეტის შტატის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის იმედი აქვს, რომ აიოვას და ნიუ ჰემშირის შტატებში ჩატარებული პრაიმერის შემდეგ, სამხრეთ კაროლინაში მესამე გამარჯვებას მოიპოვებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მიტ რომნი აქაც ლიდერია და წარმატების შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რეალური კანდიდატი გახდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მიტ რომნი ძირითად აქცენტს პრეზიდენტ ბარაქ ობამას პოლიტიკის კრიტიკაზე აკეთებს. მისი თქმით:

“ მძიმე დრო გამოვიარეთ. ამ პრეზიდენტს იდეებიც შემოელია და თავის მართლებაც აღარ შეუძლია. 2012 წელს ის აუცილებლად უნდა მოვიშოროთ თავიდან.“

რომნის მეტოქეებს რესპუბლიკური პარტიიდან კარგად აქვთ გააზრებული, რომ სამხრეთ კაროლინაში კიდევ არის შანსი მის შესაჩერებლად. წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი იმედოვნებს, რომ ამ შტატში წარმატებას კონსერვატორი ამომრჩევლის ხარჯზე მიაღწევს.

მისი თქმით:

“ მე ვფიქრობ, რომ ზომიერი რესპუბლიკელები ობამას ვერაფერს დააკლებენ. აქ ახალი იდეებია საჭირო.“

გინგრიჩი კონსერვატორთა ხმებისთვის პენსილვანიის შტატის ყოფილ სენატორს რიკ სანტორუმს ებრძვის. ნიუ ჰემფშირში დამარცხების შემდეგ სანტორუმიც იმედიანად არის განწყობილი. მისი თქმით:

“ ამ არჩევნებში ხალხის ხმას უნდა გავუწიოთ ანგარიში. შაბათს სამხრეთ კაროლინაში ჩვენ დიდი სიურპრიზი გველოდება.“

სამხრეთ კაროლინაში თავის ძალებს კიდევ ერთხელ გამოცდის სენატორი რონ პოლი.

მიტ რომნი კარგად სარგებლობს თავის კონსერვატორ მეტოქეებს შორის არსებული დაპირისპირებით, რაც მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორის ალან ლიტმანის განცხადებით:“ ჩემი აზრით რომნის წარმატების მიზეზი ის არის, რომ კონსერვატორებს რეალური კანდიდატი არა ჰყავთ. მათი ექვსივე წარმომადგენელი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.“

გალოპის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რესპუბლიკელთა შიდა პარტიულ არჩევნებზე მიღწეული წარმატებების შემდეგ მიტ რომნი აშკარა ლიდერი გახდა.

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ფრენკ ნიუპორტის განცხადებით:

“რომნიმ პრაიმერების დროს ამომრჩეველთა ხმების 37% მოიპოვა და ახლა 23 პუნქტით უსწრებს თავის უახლოეს მეტოქეს. ისტორიულ ტრადიციას თუ გადავხედავთ ნიუ ჰემფშირში გამარჯვებული რესპუბლიკელი ყოველთვის ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ხდებოდა მომავალ არჩევნებზე. ასე რომ, მიტ რომნის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.“

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კაროლინაში მიტ რომნის ნიუტ გუნგრიჩი ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს. სტატისტიკის მიხედვით, 1980 წლიდან ამ შტატში წარმატების შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო მარათონში ყოველთვის აღწევდა გამარჯვებას.

XS
SM
MD
LG