ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინა: ტრადიცია და თანამედროვე პოლიტიკა


სამხრეთ კაროლინა: ტრადიცია და თანამედროვე პოლიტიკა

სამხრეთ კაროლინელები პოლიტიკაში ტრადიციას და თანმიმდევრულობას სცემენ პატივს.

ქალაქი კოლუმბია, სამხრეთ კაროლინას დედაქალაქი 130 ათასზე ცოტა ნაკლები მოსახლეობით, შტატის ყველაზე დიდ ქალაქად ითვლება. მე-18 საუკუნეში ორი მდინარის შესართავზე დაარსებულმა ქალაქმა სახელი ქრისტოფერ კოლუმბის საპატივცემულოდ მიიღო. კოლუმბია ორჯერ მოხვდა ამერიკის საუკეთესო ქალაქთა ოცეულში, ოღონდ - პენსიაზე გასვლისთვის იდეალურ ადგილთა შორის.

კოლონიური არქიტექტურით და უამრავი წვრილქონგურიანი ეკლესიით დამშვენებული ქალაქი საკუთარ ტრადიციებს დიდი მოკრძალებით უფრთხილდება. ტრადიციული სადილი აქ შემწვარი კარტოფილის გარნირით და ცივი, ყინულიანი ჩაით მორთმეული შამფურზე შემწვარი ქათამია.

ხუან ტორესი ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობს და ამბობს, რომ სამხრეთ კაროლინას შტატი ტურისტებს სწორედ ტრადიციების სიყვარულით და მათი პატივისცემით ხიბლავს:

ცვლილებებისკენ მიდრეკილება ჩვენ არ გვახასიათებს. ძველმოდურობა გვირჩევნია. ყველაფერი ისე მოგვწონს, როგორც არის. და ეს მარტო მე კი არა, ძალიან ბევრს მოსწონს. ჩვენი ხალხი თანმიმდევრულობით, პირდაპირობით და უბრალოებით გამოირჩევა“ - ამბობს ხუანი.

ასევეა პოლიტიკაშიც. სამხრეთ კაროლინელები ამ სფეროშიც ტრადიციას და თანმიმდევრულობას უფრო მეტად სცემენ პატივს.

სიუზან ჰირში დიდი ხანია რესპუბლიკელთა მარათონს ადევნებს თვალს. მისი რჩეული ნიუტ გინგრიჩია.

მე კონსერვატიული ადამიანი ვარ, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ექვსი შვილი მყავს და ექვსივე რესპუბლიკელია. ასე რომ პარტიულობა ჩვენთან

თითქოს სისხლით გადადის“ - ამაყად ამბობს სიუზანი, სამხრეთ კაროლინელი დედა.

შტატში რესპუბლიკელი კანდიდატები ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. ისტორიულად ის კანდიდატი, რომელიც სამხრეთ კაროლინაში პრაიმერს იგებს, საბოლოოდ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტი ხდება. შტატი ტრადიციულად რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს აძლევს ხმას. ასე რომ მოსახლეობა აქ უმეტესად რელიგიურ-კონსერვატიული მიდგომით გამოირჩევა.

ქალაქ კოლუმბიაში წარსული ისევე ხელშესახებია, როგორც აწმყო. კონფედერაციის დროშა შტატის კაპიტოლიუმის შენობაზე ძველებურად ფრიალებს. სწორედ სამხრეთ კაროლინაში გაისმა ამერიკის სამოქალაქო ომის მაუწყებელი პირველი სროლების ხმა.

ფილდინგ ფრიდი სამხრეთის ისტორიის დაცვაზე მუშაობს:

დებატებმა ცოტა იმედები გამიცრუა. უამრავი ღვარძლიანი, ნეგატიური გამოსვლა მოვისმინე და საკმაოდ აშკარა და ძალიან მოსაწყენი გამეორებები. ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხად ეროვნული დავალიანება მიმაჩნია. და კიდევ - უმუშევრობის პრობლემა. მე იმ ხუთთაგანი ვარ, ვინც კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში გაათავისუფლა და უმუშევრობის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე გამოვცადე“ - ამბობს ის.

უმუშევრობის მაჩვენებლი სამხრეთ კაროლინაში ძალიან მაღალია. შტატის ყოველი მეათე მოქალაქე უმუშევარია. და ეს ხდება იმ შტატში, რომელიც სამთავრობო რეგულაციების გაფართოებას სასტიკად ეწინააღმდეგება, მაშინ როცა მთავრობის მიერ გაცემული უმუშევართა ფინანსური დახმარება მისთვის სასიცოცხლო ინტერესს შეადგენს.

ისტორიის მუზეუმში სამოქალაქო ომისდროინდელი კონფედერაციის დროშები, ფორმები და სიმბოლიკა ამერიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის თოჯინების გვერდით დევს. სამხრეთ კაროლინაში აწმყო და წარსული მართლაც უცნაურადაა ერთმანეთში არეული. სწორედ ამ შტატში გადაწყდება ხვალ შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ბედი.

XS
SM
MD
LG