ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოქალაქე ჟურნალისტები


მოქალაქე ჟურნალისტები

მოქალაქე ჟურნალისტთა საქმიანობა ტრადიციული მედიის მხოლოდ ერთგვარ დანამატად უნდა განვიხილოთ და არა მის ჩამანაცვლებელ ახალ საშუალებად.

მოყვარულის მიერ გადაღებულმა ვიდეომ, რომელმაც სირიის ქალაქ ბარზაში გამართული აქცია დააფიქსირა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საინფორმაციო საშუალებათა ვებ-გვერდები მოიარა. მასზე სირიის ხელისუფლების მიერ მოკლული პრო-დემოკრატი აქტივისტების დაკრძალვისადმი მიძღვნილი აქცია იყო ასახული.

ინტერნეტ-მედიით მნიშვნელოვანი ვიდეო ან აუდიო მასალის ავტორებს ხშირად მოქალაქე ჟურნალისტებს უწოდებენ. მათი, ერთი შეხედვით, არაპროფესიონალური ვიდეოქრონიკა ძალიან ხშირად ლეგალურ დოკუმენტაციას შეიცავს.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ახალი მედიის სპეციალისტი, ადელ ისკანდერი, აღნიშნავს, რომ სოციალურმა მედიამ და მოქალაქე ჟურნალისტებმა არამარტო საპროტესტო აქციებზე ხალხის მასობრივი მოზიდვა განაპირობეს, არამედ დღესაც უზარმაზარ როლს თამაშობენ არაბული სამყაროს მოვლენების დოკუმენტირებაში.

„ისინი ფაქტიურად სერიოზულ ჟურნალისტურ ფუნქციას ასრულებენ. განსაკუთრებით ეს ეხება სირიას, სადაც საერთაშორისო ჟურნალისტები არ გვყავს. ეს კოლოსალური პასუხისმგებლობაა. ამ დროს რიგითი მოქალაქე, ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მსოფლიოს თვალი და ყურია“ -ამბობს პროფესორი ისკანდერი.

არეულობებმა ეგვიპტეში და ტუნისში ხელისუფლების შეცვლაც კი განაპირობა. თუმცა მოიტანს თუ არა ეს ცვლილებები დემოკრატიულ გარდაქმნებს, აქციის მონაწილეებისთვის მაინც გაურკვეველი რჩება.

კორტნი რადჩი „ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენელია. შეერთებულ შტატებში ბაზირებული ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიულ გარდაქმნებს, ადამიანის უფლების და თავისუფლების დაცვას უწევს ზედამხედველობას.

ქალბატონი რადჩი აღნიშნავს, რომ მობილურმა ტელეფონმა არაბულ სამყაროში ერთდროულად რამდენიმე სახის მედიის ფუნქცია შეასრულა. აქტივისტების ხელში ის ერთდროულად იყო ფოტოაპარატი, მიკროფონი, ვიდეოკამერა, ინტერნეტი და ტელევიზია.

„მოქალაქეს დღეს შეუძლია უცებ გადაიღოს ფოტო ან ვიდეომასალა პოლიციის სისასტიკის შესახებ და მყისიერად მოათავსოს იგი ინტერნეტზე ისე, რომ არ ეშინოდეს, რომ მას ტელეფონს ჩამოართმევენ. თან დროსაც არ დაკარგავს სახლში დაბრუნებაზე და პერსონალურ კომპიუტერზე მასალის გადატანაში“ - ამბობს ქალბატონი რიდჩი.

ალ ჯაზირა, ალ არაბია და მედიის მრავალი სხვა საშუალება სირიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას თითქმის მთლიანად მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გამოგზავნილ მასალაზე არიან დამოკიდებულნი. თუმცა, რიგითი მოქალაქეების ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ტრადიციულ პროფესიონალურ ჟურნალისტიკას საფრთხე არ ემუქრება და მისი როლი კვლავაც შეუცვლელი დარჩება.

„მედია სიცოცხლისუნარიანობას დაკარგავს, თუკი ის ასე შემთხვევით ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკის, ეკონომიკის თუ სხვა მნიშვნელოვანი დარგის მთავარი საკითხების მიმოხილვა პროფესიონალ ჟურნალისტებს აბარიათ. მოქალაქე ჟურნალისტები კი იმ მცირე საინფორმაციო ვაკუუმების შესავსებად უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც ტრადიციული მედია ვერ ავსებს“ - აცხადებს ქალბატონი რიდჩი.

სწორედ იმის გამო, რომ სოციალური მედია სახალხოა, ის ავტორის ემოციურობიდან გამომდინარე ხშირად ტენდენციურია და მისი მანიპულირებაც ხელისუფლებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის შეზღუდვა საკმაოდ იოლია. მაგალითად, ეგვიპტეში მიმდინარე არეულობის დროს ხელისუფლებამ ინტერნეტი საერთოდ გამორთო. ტუნისში კი ოპოზიციონერ აქტივისტთა ფეისბუქის ანგარიშები ჰაკერთა სისტემატური თავდასხმის საგანი გახდა. აქედან გამომდინარე მოქალაქე ჟურნალისტთა საქმიანობა ტრადიციული მედიის მხოლოდ ერთგვარ დანამატად უნდა განვიხილოთ და არა მის ჩამანაცვლებელ ახალ საშუალებად.

XS
SM
MD
LG